ჯივან მკრტჩიანი – ქართული ენის და თსუ-ს დესპანი სომხურენოვანი ახალგაზრდებისთვის
„ვფიქრობ, რომ თანასწორობა და ერთიანობა არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა. მე ღრმად მწამს, რომ კარგად სწავლა ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ადამიანის საქციელი და დამოკიდებულება გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება ერთიანობა, ხოლო ამ ერთიანობას მივაღწევთ მხოლოდ განათლებული საზოგადოების, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისა და ტოლერანტული საქციელის შედეგად. ამ ეტაპზე, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დამსახურებად, ამ აზრის გავრცელება და დამკვიდრება მიმაჩნია“, – ასე გვიხსნიდა საკუთარ მისიას რამდენიმე წლის წინ თსუ-ს სტუდენტი ჯივან მკრტჩიანი. დღეს ის უკვე სამართლის მაგისტრია, რომელმაც ფინალური ნაშრომი 100 ქულაზე დაიცვა და ზუსტად იცის, რომ იმ საქმიანობაში, რომელიც სომხურენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელია, მთელი თავისი ენერგიით ჩაერთვება.
ახლა, როცა ამ სტრიქონებით ერთ კარგ ახალგაზრდაზე გესაუბრებით, ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ ეს ის პატარა ბიჭია, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ფოკაში, აბსოლუტურად სომხურენოვან გარემოში დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა. ამისთვის ჯივანს 4+1 პროგრამა არ დასჭირვებია. ის ქართულს უკვე კარგად ფლობდა, მაგრამ, სანამ აქამდე მოვიდოდა, ერთმა საინტერესო შემთხვევამ გადაწყვიტა მისი და ქართულის ურთიერთობა.
ზღაპარივით ამბავია, რომ პატარა ბიჭმა, რომელიც ქართულად ვერც საუბრობდა და ასოებსაც თითის მიყოლებით კითხულობდა, ჯერ ქართული ანბანი შეიყვარა და მერე – ენა. ამბობს, ახლაც თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ქართულ ასოებს ვწერ და ვხატავო… თურმე მაშინაც იმდენად ლამაზად ქარგავდა და ახარატულებდა ანბანს, რომ ერთ დღესაც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსზე მოხვდა. ახლა იხსენებს, რომ ამ ყველაფრის საწყისი მისი ქართული ენის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი იყო – ადამიანი, რომელიც 25 წელზე მეტია ფოკაში ასწავლის ქართულს და იქაური მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ენის, არამედ ქვეყნის სიყვარულის გაღვივებასაც ახერხებს. სწორედ კლარა მასწავლებელი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჯივანი ქართულად ეკონტაქტებოდა.
მოგვიანებით კიდევ ერთი გზა მოძებნა ენის სასწავლად – ფოკაში ხშირად ჩადიოდნენ მომლოცველები და ტურისტები, მათ შორის, ქართველებიც. ჯივანი ოჯახის პატარა მაღაზიაში იჯდა, რომ ქართველებს გამოლაპარაკებოდა და ენა გაეტეხა…მიზანი ჯერ კიდევ მაშინ დაისახა – უნდოდა ესწავლა და საკუთარ სოფელს და ხალხს დახმარებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ ეს შესაძლებლობაც მიეცა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა სრული დაფინანსებით, თუმცა მისთვის ეს ეტაპი ადვილი არ აღმოჩნდა.
„ჩამოვედი. მეგონა, ჩემი კომუნიკაციის უნარები აქაც გამომადგებოდა, მაგრამ თავიდან ვერაფრით მოვერგე აქაურობას – გამიჭირდა ურთიერთობები, არავის ვიცნობდი, ქალაქში პირველად ვიყავი და დიდი მომეჩვენა, ვერც საქალაქო მარშრუტებს გავუგე რამე, ეგ კი არა, პირველკურსელებთან შეხვედრის დღეს ფიზიკის დიდი აუდიტორია მგონი ერთი საათი ვეძებე და ბოლოს ვიღაც ღვთისნიერმა მიმანიშნა – პირდაპირ აუდიტორიის კართან დგახარო – არადა იმ კარს რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე… ცალკე პრობლემა იყო ლექციები და სასწავლი მასალა, მაგრამ იმდენად შრომისმოყვარე ვიყავი და იმდენად მიჩვეული მუდმივად ხელის აწევას საკითხის ცოდნის ნიშნად, რომ მთელი ღამეები ვმეცადინეობდი. თავიდან ვიზეპირებდი, მერე უკვე გაიხსნა გონება და ამაში ჩემმა ლექტორებმა დიდი როლი ითამაშეს“, – ასე იხსენებს სტუდენტობის პირველ ხანას ჯივანი.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მონდომების და შრომისმოყვარეობის შედეგად, მისი GPA 4-ს არ ჩამოსცილებია, ინგლისურიც ისწავლა, მაგისტრატურაც კერძო სამართლის განხრით დაასრულა და რამდენჯერმე გაცვლითი პროგრამებითაც იმყოფებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
გარდა ამისა, ის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველივე დღიდან გაწევრიანდა სტუდენტურ თვითმმართველობაში. იყო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტის წევრი; 2019 წელს გახდა თსუ-ის საუკეთესო დესპანი; მონაწილოებდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით, წარადგინა 12 მოხსენება და თითქმის ყველა კონფერენციაზე მოიპოვა საპრიზო ადგილი. როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე და აქტიური სტუდენტი, ხუთჯერ გახდა ფაკულტეტის სტიპენდიატი. რამდენიმე წლის წინ კი უნივერსიტეტის რექტორმა ის, როგორც საუკეთესო „თსუ დესპანი“ – დააჯილდოვა.
ჯივანი დღეს უკვე კერძო სამართლის მაგისტრია. სულ ცოტა ხნის წინ ოცნებაც აუხდა და პენსილვანიის უნივერსიტეტში 95-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო ბიზნეს სამართლის სპეციალობაზე, მაგრამ სასწავლებლად წასვლა ამ ეტაპზე ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, ზუსტად იცის, რომ სწავლა უნდა განაგრძოს უცხოეთში, მიიღოს საუკეთესო განათლება და შემდეგ ეს ცოდნა საკუთარ ქვეყანას – საქართველოს მოახმაროს.
ჯივანი აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „განძის“ საქმიანობაში. ასევე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში: „საფარი“ და „სოლიდარობის პლატფორმა“, ხშირად ატარებს ტრენინგებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა „ჰელფინგ ჰენდი“ და „მსახურობა სამართლიანობისთვის“. ამ ეტაპზე ის გაეროს პროექტებშია ჩართული და იცის, რომ ბევრი სასიკეთოს საქმის გაკეთებას მოახერხებს. მანამდე კი კიდევ ერთი რამ აქვს დაგეგმილი – ჩაწეროს მოკლე ვიდეოები სომხურ და ქართულ ენებზე და მოსახლეობას გააცნოს, როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა, აღმასრულებელი რგოლები და ა.შ. „ჩემს სოფელში, მაგალითად, არ იციან, რა განსხვავებაა მერიასა და საკრებულოს შორის, არ იციან, რას აკეთებს სოფელში მერის წარმომადგენელი, რა ეხება დეპუტატს და რა – აღმასრულებელი რგოლის წევრს. გზა გაკეთდება თუ რამე რეგულაცია შემოვა, ყველაფერი ერთი კაცის გაკეთებული ჰგონიათ. ამიტომ გადავწყვიტე, პატარა ვიდეორგოლებით ავუხსნა მათ სხვისი ფუნქციებიც და ისიც, თავად რა როლი აკისრიათ სოფლის განვითარებაში, რაც, მგონია, რომ დაეხმარებათ გარემოს გაუმჯობესებაში“, – ამბობს ჯივანი.
ჯივანის გატაცებებს შორის ბევრი საინტერესო საქმიანობაა: ხატავს პორტრეტებს, ქართულ და სომხურ ასოებს, თავისუფალ დროს კი დღიურებს უბრუნდება და ასე იმახსოვრებს იმ დღეებს, როცა თავგამოდებით ცდილობდა ქართული ესწავლა და საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვედრილიყო. „სტუდენტის დღიური“ — ასე ჰქვია მის ნაწარმოებს, რომლის წიგნად გამოცემასაც აპრებს და რომელიც აუცილებლად დაეხმარება არაქართულენოვან ახალგაზრდებს ყველა იმ სიძნელის გადალახვაში, რაც, შესაძლოა, საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში შეხვდეთ.
ასეთი ახალგაზრდაა ჯივან მკრტჩიანი, რომელიც ახლა უკვე, როგორც წარჩინებით კურსდამთავრებული, „თსუ დესპანთან ერთად“, ქართული ენის ელჩიცაა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის.