დუბლინში ღონისძიება „ჯეიმს ჯოისი საქართველოში – 100 წელი ულისეს გამოცემიდან“ გაიმართა
,,ჯოისით დაინტერესება საქართვლოში ჯერ კიდევ 40-იან წლებში დაიწყო. დასავლური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ესეისტის, მთარგმნელისა და პოლიგლოტის ერეკლე ტატიშვილის სახლში მუდმივად იკრიბებოდნენ მისი სტუდენტები, აქ შესაძლებელი იყო ისეთ ავტორებზე საუბარი, რომელთა სწავლება სტალინის რეჟიმის დროს უნივერსიტეტში შეუძლებელი იყო. სწორედ აქედან, სტუდენტობის წლებიდან დაიწყო ნიკო ყიასაშვილის დაინტერესება ჯოისის შემოქმედებით. სწორედ ნიკო ყიასაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ჯოისის თარგმნისა და კვლევისათვის საფუძვლის ჩაყრა. ნიკო ყიასაშვილმა ,,ულისეს’’ თარგმნა 60-იან წლებში დაიწყო, რასაც ჯოისის დაბადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია მოჰყვა, რომლის მოხსენებების კრებული მისივე რედაქტორობით დაიბეჭდა“, – ეს ინფორმაცია გაახმოვანა ზუმ-ვებინარის მეშვეობით თავის სიტყვაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც დუბლინში გამართულ ღონისძიებაში – ,,ჯეიმს ჯოისი საქართველოში – 100 წელი ულისეს გამოცემიდან“ მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა ჯოისის თარგმნისა და კვლევის ისტორიაზე საქართველოში.
დუბლინში ღონისძიება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს, ჯეიმს ჯოისის ცენტრის და ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიაში აკრედიტირებული ელჩები, ირლანდიის პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ირლანდიაში საქართველოს საპატიო კონსული, ჯეიმს ჯოისის ცენტრის მეგობრები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ჯოისის პოპულარობაზე და ამასთანავე მოკლე ექსკურსი გააკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში.
შეკრებილთ სიტყვით მიმართეს ჯეიმს ჯოისის ცენტრის დირექტორმა დარინა გალაჰერმა, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, სენატორმა ჯო ო’რილიმ და სენატორმა ჯერარდ კროკველმა.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ჯეიმს ჯოისის მუზეუმს საჩუქრად გადასცა ჯეიმს ჯოისზე დასტამბული სამეცნიერო კვლევები და თარგმანები, მათ შორის, ,,ულისეს’’ ქართული თარგმანი.
საქართველოში ჯოისის კვლევისა და თარგმნის ტრადიცია გრძელდება. 21-ე საუკუნეში ჩატარდა სამი საერთაშორისო კონფერენცია. ხოლო შოთა რუსთაველის გრანტის ხელშეწყობით დაისტამბა მონოგრაფია ,,ჯოისის თარგმნისა და კვლევის ისტორია საქართველოში (რედ. მ. გელაშვილი) და ქართულად ითარგმნა ჯოისის ბოლო ნაწარმოები ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’.
ცნობილმა მთარგმნელმა, დოქტორმა მაია ყიასაშვილმა, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მოაწესრიგა, რედაქტირება გაუკეთა და გამოსაცემად მოამზადა ნიკო ყიასაშვილის თარგმანი, ისაუბრა ,,ულისეს’’ თარგმნის სირთულეებზე. მანვე წაიკითხე მცირე ზომის ფრაგმენტები ,,ულისედან’’ ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იყო ნაწყვეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბალეტიდან ,,ლუჩიას ოთახი’’, რომელიც ეკუთვნის დავით მაზიაშვილსა და მარიამ ალექსიძეს. პროფესორმა დავით მაზიაშვილმა ისაუბრა ფილმ ბალეტის კონცეფციაზე. აღინიშნა ისიც, რომ ფილმი ნაჩვენები იყო დუბლინში ბლუმსდეის ფილმების ფესტივალზე (2022) და ჟიურის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა.
ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა კარლო კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო საუკეთესო საშუალება ქვეყნებს შორის დიალოგის.
საქართველოს საელჩომ ირლანდიაში გამოხატა სურვილი და მზაობა ქართველ მეცნიერებსა და მთარგმნელებთან შემდგომი თანამშრომლობის, რაც ქართული მეცნიერებისა და კულტურის უცხოეთში წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.