თსუ-ს სტუდენტთა ფოლკლორული სამეცნიერო ექსპედიცია „ჯავახეთი – 2025“
14-22 ივლისს მოეწყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ტრადიციული სამეცნიერო ფოლკლორული ექსპედიცია ჯავახეთში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი, რომელმაც ექსპედიციაში წასვლამდე სტუდენტებს წინასწარ გააცნო ფოლკლორული ტექსტების ჩაწერის სპეციფიკა და მათ დაურიგა წინასწარ შედგენილი კითხვარი, რომლის მიხედვითაც ექსპედიციის მონაწილენი იწერდნენ სხვადასხვა ჟანრის ზეპირსიტყვიერ ტექსტებს, რომლებიც ასახავდა ხალხურ რიტუალებსა და დღესასწაულებს.
ექსპედიციაში მონაწილეობდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 7 სტუდენტი: მარიამ წიკლაური, ელენე ხუბაშვილი, ლიზა ღონღაძე, ნინო ზვიადაური, თამთა პაპიძე, სესილი ერაგია და ლაშა სამხარაძე. ექსპედიციაში მონაწილე სესილი ერაგია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს და აღწერს ველზე მუშაობის პროცესს. სტუდენტი იზიარებს პოეტ ოთარ ჭილაძის ფრაზას – ,,ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ, რაც სამუდამოდ გვემახსოვრება”. ამ სიტყვებით სურს გამოხატოს სესილი ერაგიამ ჯავახეთის სოფლებში გატარებული დაუვიწყარი სტუდენტური თავგადასავლების მნიშვნელობა, რაც ექსპედიციის მონაწილეებს სამუდამო მოგონებად დარჩებათ.
სესილი ერაგიას დღიურებიდან
ჯავახეთის, კერძოდ კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მრავალი ათეული წელია არ მოწყობილა თსუ-ს სამეცნიერო-ფოლკლორული ექსპედიცია. ექსპედიციას ჰქონდა კომპლექსური ხასიათი. სტუდენტები ვიწერდით ყველა ჟანრის ფოლკლორულ ნაწარმოებებს, რომელთა გამოვლენასაც ვახერხებდით ველზე მუშაობის პროცესში. წინასწარ შედგენილი კითხვარი გვიადვილებდა მთხრობელებთან შესაფერისი თემის შერჩევას და გვიმარტივებდა კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ჯავახეთის სოფლები განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული ძეგლებით. როგორც წესი, წარსულში მომხდარ ისტორიულ მოვლენებზე, უძველეს ძეგლებსა და მივიწყებულ ნანგრევებზე საზოგადოება ინახავს კოლექტიურ ცოდნას, რომელსაც ფოლკლორული შემოქმედება ტიპოლოგიური სიუჟეტებით გადმოგვცემს. ჩვენი მიზანიც, პირველ რიგში, ამ ჟანრის ხალხური ტექსტების გამოვლენა-ჩაწერა იყო.
სტუდენტებმა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ზეპირსიტყვიერების მრავალი ნიმუში ჩავიწერეთ ჯავახეთის არაერთ სოფელში, მათ შორის მოვიარეთ კოთელია, გოგაშენი, ბარალეთი, აფნია, ხრტილა, ჩუნჩხა, პტენა, ბალანთა და სხვ. ჩავიწერეთ თქმულებები როგორც სოფლებისა და სალოცავების დაარსების, ისე ზეციური სასჯელის შესახებ, ტოპონომიური თქმულებები, გადმოცემები დემონურ-მითოლოგიურ არსებებზე, ზეპირი ისტორიები. ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია საოჯახო და საგვარეულო თქმულებები, ჯავახური სამზარეულო, შელოცვები, ხალხური მედიცინა და დღესასწაულები. ამდენად, ველზე გამოვლენილი და ჩაწერილი მასალა გამოირჩევა როგორც მოცულობითი, ისე ჟანრული მრავალფეროვნებით.
ექსპედიციის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იყო თავად მთხრობელებზე დაკვირვებაც, რადგან ჩაწერილი მასალის ხარისხსა და სახეს სწორედ ისინი განსაზღვრავდნენ. როგორც წესი, ქალთა რეპერტუარი უფრო მეტად მოიცავდა საწესჩვეულებო ტექსტებს, სააკვნო სიმღერებს, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს, გათვლებს, საბავშვო თამაშობებს, ცნობებს ტრადიციული ჯავახური კერძების (მაგ. თუთმაჯი, ჯავახური ხინკალი) შესახებ; ხოლო მამაკაცთა რეპერტუარი ძირითადად მოიცავდა გადმოცემებს გმირების, ისტორიული ბრძოლებისა და ხალხური წეს-ჩვეულებების შესახებ, ასევე ზღაპრებს (ექიათებს), ტოპონიმურ თქმულებებს, იუმორისტულ გალექსებანს, ანდაზებსა და ზეპირ ისტორიებს.

ზეპირსიტყვიერი მასალის გამოვლენისა და ჩაწერის პროცესში მეტად დაგვეხმარა სოფელ კოთელიის გამგებელი მალხაზ აჩელაშვილი, რომელმაც გაგვაცნო და შეგვაგრძნობინა ჯავახეთი მთელი თავისი დიდებულებით. ასევე დიდი დახმარება გაგვიწია სოფელ კოთელიის მკვიდრმა, პროფესიით მათემატიკოსმა, ოთარ ყავრელიშვილმა. ექსპედიციის წევრებს ის ყოველდღიურად მხარში გვედგა და ერთგვარ მეგზურობას გვიწევდა. ჯავახეთში, ყველგან, სადაც კი მოგვიწია ხალხური ტექსტების შეკრება-ჩაწერა, მთხრობელები ხალისით, სრული ნდობითა და სიხარულით გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას, დაგროვილ გამოცდილებას. არცთუ იშვიათად გვხვდებოდნენ ზეპირსიტყვიერების მდიდარი რეპერტუარის მქონე ადამიანებიც. მათ შორის დაგვამახსოვრდა ბარალეთელი ქალბატონი, ნინელი ანანიაშვილი-ხმალაძისა, რომელმაც ჩაგვაწერინა ისტორიული და მითოლოგიური შინაარსის თქმულებები, ჯავახეთის ყოფასთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიები. მამა ფოკამ მოგვითხრო ქერის შესანახი სამალავების, დარნებისა და უძველესი გვირაბების შესახებ, რომლებითაც უწინ დაქსელილი ყოფილა მთელი ჯავახეთი და შემდეგ თავადაც დაგვათვალიერებინა ეს ადგილები. სამცხე-ჯავახეთისთვის, რომელიც, როგორც წესი, პირველი განიცდიდა მტრის შემოსევებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამგვარ ინფრასტრუქტურას – დარბაზებსა და გვირაბებს.
სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჯავახურმა დარბაზმა, რომელსაც ჯავახური ტრადიციული ყოფის ნამდვილი სამკაული შეიძლება ვუწოდოთ. სოფელ გოგაშენში, კერძოდ კი, გიორგი ნათენაძის ოჯახში დავათვალიერეთ ერთ-ერთი უძველესი ჯავახური დარბაზი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, უძველეს პერიოდში აუშენებიათ. მასპინძელი შეგვიძღვა ისტორიულ დარბაზში, სადაც ჭერში გამოჭრილი სარკმლიდან შემოსული შუქი ელექტროგანათების იმიტაციას ქმნიდა.
სოფელ კოთელიაში დავათვალიერეთ ოციოდე წლის წინ მიტოვებული, სიძველის სუნით გაჟღენთილი დარბაზიც, სადაც ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს დრო გაჩერდა. მტვრის სქელი ფენა და აბლაბუდები უდროოდ ჩამქრალ სიცოცხლეზე მიუთითებდა. თაროებზე ჩამწკრივებული ჭურჭელი, მომღიმარი სახეები საოჯახო ალბომიდან, საბავშვო წიგნები და ა.შ., უნებლიეთ, ნოსტალგიასა და მელანქოლიას აღვიძებდა იმ დღეების მიმართ, რომელშიც თავად არ გვიცხოვრია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კი აქ სიცოცხლე ჩქეფდა. ერთხელ აქ „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“ კითხულობდნენ…
ათასწლოვანი ტაძრებისგან დარჩენილი, გავერანებული ნანგრევების დათვალიერება, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ლოდების ცივ, ხავსიან ზედაპირთან შეხება თუ ახლად გაცნობილი ადამიანების გულწრფელი მასპინძლობა რაღაც დიადი, ძალიან ძვირფასი და ამოუცნობი სიხარულითა და განცდით გვავსებდა. ჯავახეთის გაცნობასა და მისი სურნელით ყოველდღიურ ტკბობას თან ახლდა რთულად ასახსნელი ჯადოსნური მისტიკურობა. ის უცაბედად თითქოს შორეულ წარსულში გვაბრუნებდა, როდესაც მტრის შემოსევებით აწიოკებული ქვეყანა, ორი მთავარი ბურჯის – რწმენისა და სიყვარულის – წყალობით, როგორღაც ყოველ ჯერზე ფერფლიდან ხელახლა იბადებოდა, წელში იმართებოდა და, მართალია, სისხლმდინარი, მაგრამ მაინც აგრძელებდა არსებობას.
ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტებმა მოვინახულეთ ჯავახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები: ტაბაწყურის ტბა და ტაბაწყურის წითელი ეკლესია, ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ეკლესია, გოგაშენის წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, კუმურდოს ტაძარი, დარბაზული ეკლესიები სოფელ კოთელიაში, ტაძარი სამსრის გამოქვაბულში, ახალქალაქის ციხესიმაგრე და მეჩეთი, ამაღლების ჯვარი, ვესტუმრეთ ხერთვისის ციხეს, დავათვალიერეთ ვარძია…
ჯავახეთში ყველაზე მეტად, ყველაზე მძაფრად შევიგრძენით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ქართველობა. ექსპედიციამ ჩვენში ყველაზე სანუკვარი, ძვირფასი და მაღალი ადამიანური გრძნობები გააღვივა, კიდევ ერთხელ მძაფრად გვაგრძნობინა საკუთარი ქვეყნის სიყვარული. სტუდენტები ჯავახეთში ჩასვლისთანავე მივხვდით, რომ ეს ექსპედიცია იქ მიღებული შთაბეჭდილებებით ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტურ მოგონებად დაგვრჩებოდა.

ფოლკლორული სამეცნიერო ექსპედიცია უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც, ექსპედიციაში მონაწილე სტუდენტების სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ჩვენს პროფესორს, ბატონ ხვთისო მამისიმედიშვილს, რომელმაც საქართველოს ამ ერთი კუთხის – ჯავახეთის – გაცნობით სრულიად ახალი პერსპექტივით დაგვანახა მთელი ქვეყანა, მისი ტრადიციული კულტურა და დაფარული შესაძლებლობები.
გვინდა დიდი მადლიერება გამოვხატოთ სოფელ კოთელიის გამგებლის, ბატონ მალხაზ აჩელაშვილისა და მესხეთის უნივერსიტეტის ლექტორ – ბატონ ოთარ ყავრელიშვილის მიმართ, რომლებიც გვეხმარებოდნენ ჯავახეთის სოფლებში მთხრობელებთან დაკავშირებასა და ხალხური ტექსტების მოძიებაში. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მძღოლს, სოფელ კოთელიის მკვიდრს, ბატონ ბადრი ელიზბარაშვილს, რომელსაც ყოველდღიურად უსაფრთხოდ და მშვიდობიანად გადავყავდით ერთმანეთისგან საკმაო მანძილით დაშორებულ ჯავახეთის სოფლებში. სწორედ მათი დახმარებით ექსპედიციამ თავისი მიზანი და წინასწარ დაგეგმილი სამუშაო წარმატებით განახორციელა.
ჯავახეთიდან მდიდარი ფოლკლორული მასალით დავბრუნდით. ახლა მიმდინარეობს ჩაწერილი ტექსტების დიგიტალიზაცია. გაციფრულებისა და კატალოგში აღრიცხვის შემდეგ ეს მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში საპატიო ადგილს დაიკავებს. ახლო მომავალში კი უნივერსიტეტის წინაშე წარვსდგებით საანგარიშო მოხსენებით ექსპედიციაში მოპოვებული ფოლკლორული მასალის შესახებ.
