სინდისის კაცი – ჯანსუღ კორძაიას დაბადებიდან 90 წლისთავი
„ჯანსუღ კორძაიამ ქართული პოეზია დამუხტა ბევრი ისეთი ფილოსოფიური პრობლემით, რომლებიც მანამდე თითქმის არ დასმულა ჩვენში. ამით მან, შეიძლება თამამად ითქვას, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ეროვნული ფილოსოფიური ლირიკა, გულისა და გრძნობის, ფიქრისა და ოცნების ქურაში გამოატარა გონი თუ ლოგოსი, განსჯა თუ საზრისი, ყოფიერება თუ გაუცხოება და ყოველივე ეს გაიაზრა, როგორც თვითონ ამბობს, „ზღაპრის ლოგიკით“. სწორედ ამ „ზღაპრის ლოგიკამ“ გახადა შესაძლებელი ის, რომ უამრავი ახალი მხატვრული სახე, შედარება, მეტაფორა, ეპითეტი გაჩენილიყო მის პოეზიაში“, – ასე აღწერს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის ჯანსუღ კორძაიას შემოქმედებას ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი რევაზ ბალანჩივაძე და ძნელია – არ დაეთანხმო. მართლაც, იშვიათია ერთ ადამიანში თავმოყრილი ასეთი სიმდიდრე – ზნეკეთილობა, აზროვნების უკიდეგანობა, ადამიანის შეცნობის უნარი, სიტყვისა და ფრაზის მოთვინიერების გასაოცარი ოსტატობა და პოეტური თუ მწერლური ემოციის მკითხველამდე მიტანის ნიჭი.
ჯანსუღ კორძაია ცნობილია როგორც ფილოსოფოსი, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანისა და სამშობლოს ცნების გააზრებას. მას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი, რომლებშიც, როგორც კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია წერს, „თავისთავად იგულისხმება რიდი და მოწიწება ქართული პოეტური კულტურის წინაშე“.
ჯანსუღ კორძაიამ 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, რასაც მოჰყვა ასპირანტურა, საკანდიდატო დისერტაცია „ნახტომი – როგორც კავშირი” (1961) და სადოქტორო ნაშრომი, რომელშიც იგი ,,შემეცნების პრობლემას”, კერძოდ, ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემას განიხილავს (1975 წ.). მის კარიერაში იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე კათედრის გამგისა და დეკანის პოზიციები. ამავე დროს იგი გახლდათ განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი.
სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ჯანსუღ კორძაიას არასოდეს გაუშვია ხელიდან კალამი და ღრმა სიბერემდე მუდმივად დასტრიალებდა თავს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობას. მისი პოეზია ფიქრისა და განსჯის პოეზიაა და სავსეა ფილოსოფიური წიაღსვლებით. ამიტომაც მისი შემოქმედების გაცნობა მხოლოდ კითხვასთან არასოდეს ასოცირდება. ის გაძლევს შესაძლებლობას – იფიქრო, ჩაუღრმავდე და შეიმეცნო არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარემო, რომელშიც ცხოვრობ. ისევ ჯანსუღ ღვინჯილიას დავესესხებით: „ჯანსუღ კორძაია თავისი შემოქმედებით „აღრმავებს და ავითარებს ქართული ფილოსოფიური ლირიკის მდიდარ ტრადიციებს. მისი პოეზიის არსებითი განწყობილება გამოხატულია ლექსში – ,,ლოცვა”, რომელშიც პოეტი ასე მიმართავს ღმერთს: ,,სხვა, სხვა ვინ იტყვის, ლოგოსს, შენს სათქმელს, სხვამ ვინ განსაჯოს ჟამნი და დრონი, გაიმეორე, ღმერთო, შესაქმე, გაიმეორე, ღმერთო შესაქმე, და დაუბრუნე სამყაროს გონი.”
სექტემბრის თვეში ჯანსუღ კორძაია 90 წლისა გახდებოდა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ თარიღს დაემთხვა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება და ბაგებში დაარსდა მისი სახელობის ქუჩა. ადამიანის მოღვაწეობისადმი მადლიერების ეს ღირსეული გამოხატულება ჯანსუღ კორძაიას მშობლიურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მისმა კოლეგებმა და ოჯახმა სათანადოდ დააფასეს. 14 დეკემბერს კი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიკრიბა და პატივი მიაგო გამორჩეული მეცნიერის, ღირსეული მოქალაქისა და მოაზროვნის ხსოვნას.
,,გამიბედა ჩემმა კლასელმა და დღევანდელ საღამოზე მკითხა – შენ მიგყავსო? – თავი დავუქნიე და, – აბა, ეგ ლექსებს სხვას არ წააკითხებსო, დასძინა. მეორემ დაამატა – საერთოდ, სცენასაც არ დაუთმობდა არავისო“, – ასე დაიწყო საღამო ჯანსუღ კორძაიას ვაჟმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომელმაც მამის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ისე წარმართა, რომ ბიოგრაფიაში არ დარჩენილა ადგილი, სფერო, ადამიანი, ვისაც ხარკი არ გადაუხადა მამის ცხოვრებაში არსებობისთვის. ,,არ მინდოდა, მოგონებათა გარეშე დარჩენილიყო ის მნიშვნელოვანი საქმეები და ის პიროვნებები, რომელთა გარეშეც ჯანსუღ კორძაია, როგორც ფილოსოფოსი, როგორც პოეტი და მოქალაქე, ვერ შედგებოდაო“, – თქვა დიმიტრი კორძაიამ და იქვე იქცა დეკლამატორად, მამის პოეზიას სული რომ ამოაყოლა და მისი შემოქმედების შესახებ თითოეული სიტყვა ჩაბეჭდა მსმენელის გონებაში.
„პოეტურად გალექსილი ისტორია“ უწოდა ჯანსუღ კორძაიას შემოქმედებას უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. „როდესაც გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ ამდენი ადამიანი მოვა, რომ გაიხსენოს დიდი მეცნიერი, დიდი ფილოსოფოსი, კარგი პოეტი და მისი საოჯახო ისტორია, ესაა ბედნიერება. ამავდროულად, ბედნიერებაა, როცა დაგრჩება ისეთი შვილები, რომლებიც სათუთად ეპყრობიან მამის ნამოღვაწარს, როგორც ფილოსოფიაში, ასევე მწერლობაში“, – თქვა მან და გაიხსენა ჯანსუღ კორძაიას შემოქმედება, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს დიდებულ წარსულს ეძღვნება.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა ჯანსუღ კორძაიას შემოქმედებასა და სამეცნიერო მემკვიდრეობას შორის არსებული კავშირები გააანალიზა და აღნიშნა, რომ ასეთი საღამოები კიდევ უფრო აახლოებს თანამედროვეობას ისტორიულ წარსულთან და იმ სახელებთან, რომლებმაც უნივერსიტეტი დღემდე მოიტანეს: „იშვიათია, როცა პოეტი განათლებით და სამეცნიერო ხარისხით ფილოსოფოსია. ბატონი ჯანსუღი სწორედ ის გამონაკლისი გახლავთ, რომელიც თუ პოეზიას ამძიმებდა ფილოსოფიური აზრებით, სამაგიეროდ ფილოსოფიურ ნაშრომებს ამსუბუქებდა სამყაროს პოეტური და ფილოსოფიური ხედვით. ჯანსუღ კორძაია იყო უდიდესი მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსთა მრავალი თაობის აღმზრდელი. ამავე დროს – პოეტი და რომანისტი. უნივერსიტეტი კი სივრცეა, სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს თაობათა კავშირი, სადაც ახალ თაობას უნდა გავუზიაროთ ის ტრადიციები და სახელები, რომლებიც არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, – თქვა მან.
„ჯანსუღ კორძაია ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ღრმა ფილოსოფოსი და გამორჩეული ქართველი იყო. მისი ფილოსოფია გამოირჩეოდა საოცარი მიდგომით, ეს იყო შემეცნება, გნოსეოლოგია, ამ კუთხით მუშაობდა ის. გარდა ამისა, იყო პოეტი და მწერალი, მის სახელს უკავშირდება არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომი“, – გაიხსენა საღამოზე თავისი მასწავლებელი თსუ-ს პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.
კულტუროლოგმა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა დავით ანდრიაძემ გაიხსენა ჯანსუღ კორძაიასთან ურთიერთობის წლები და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ამ დიდ ადამიანს გასაოცარი თავმდაბლობა და ადამიანურ ურთიერთობებში ავკარგიანობა ახასიათებდა. თავმდაბლობის მაგალითად კი მოიყვანა საუბრები, რომლებშიც ფილოსოფოსი ქართული მწერლობისადმი მოწიწებას გამოხატავდა.
საიუბილეო საღამოზე გამომსვლელებმა მოგონებების სკივრს ახადეს თავი და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ჯანსუღ კორძაია, როგორც ბრწყინვალე მეცნიერი, მწერალი, პოეტი, მეგობარი, მამა და მეუღლე. განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენეს ის სამეგობრო წრე – ფილოსოფოსთა, მწერალთა, პოეტთა და კრიტიკოსთა კრებული, რომელშიც იმ საღამოს გმირი თანაარსებობდა.
ჯანსუღ კორძაია გაიხსენეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა, ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომლებმა თამარ ბარბაქაძემ და თამარ ნუცუბიძემ, რომლებმაც მის პოეზიას მიაგეს პატივი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში საორგანიზაციო საქმეები გადაიბარა და წინამორბედთაგან განსაკუთრებით გამოყო ჯანსუღ კორძაიას სახელი და ღვაწლი; დემიკო ლოლაძემ, რომელმაც მეცნიერთან და მწერალთან მეგობრობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიბეჭდა „ახკომში“ ჯანსუღ კორძაიას პირველი ლექსები… აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, რომელმაც ბატონი ჯანსუღის ადამიანური თვისებები გამოკვეთა და მას მოძღვარი უწოდა: „მისგან ვსწავლობდით სიდინჯეს, მოზომილობას, წერის მანერას, კულტურას… მოზომილი კაცი იყო ყველაფერში, არასოდეს გამოვიდოდა წონასაწორობიდან, მისი საქმისადმი პასუხისმგებლობა გადამდები იყო ყველასთვის“, – თქვა მან.
საღამოზე გაიხსენეს ჯანსუღ კორძაიას მეუღლე – ნანა ჭაბუკიანი, რომელიც პოეტის შემოქმედების ჭეშმარიტ მუზად იქცა და სწორედ მას ეძღვნება მეუღლის მრავალი ლექსი და ორივე გამოქვეყნებული რომანი. ითქვა, რომ თუ ბატონი ჯანსუღი, როგორც მეცნიერი, ფილოსოფოსი, მწერალი და პოეტი შედგა, მისი შესანიშნავი მეუღლის დამსახურებითაც, რომელმაც, მის თანადგომასთან ერთად, ორი ბრწყინვალე მოქალაქე აღუზარდა ქვეყანას. დღეს დიმიტრი კორძაია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და დეკანია, ხოლო კახაბერ კორძაია – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.
„კანტი ამბობდა: ფილოსოფოსი ის კი არ არის, ვინც ფილოსოფია იცის, არამედ ის, ვისაც სამყაროს არსში ჩაწვდომა სურსო. ჯანსუღ კორძაიას აქვს დაუოკებელი სურვილი „სამყაროს შრეთა ასწიოს ფარდა“, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მუდამ თან სდევდეს ,,გაქრობის შიში“, – წერდა რევაზ ბალანჩივაძე. ფილოსოფოსის მიერ განვლილი გზა კი აჩვენებს, რომ მან ამ სურვილის ასრულება მოახერხა – სამყაროს შრეთა შორის იპოვა ის, რასაც ადამიანი უნდა გრძნობდეს და ხედავდეს – სიბრძნე, სიმართლე, სინათლე და ქვეყნის უკიდეგანო სიყვარული.
ამიტომაც მიმართავდა უფალს: „სხვა, სხვა ვინ იტყვის, ლოგოსს, შენს სათქმელს, სხვამ ვინ განსაჯოს ჟამნი და დრონი, გაიმეორე, ღმერთო, შესაქმე, გაიმეორე, ღმერთო შესაქმე, და დაუბრუნე სამყაროს გონი.”