ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრი მომავალშიც გვპირდება მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებებს
უკვე მეორე წელია, რაც თსუ-ში წარმატებით ფუნქციონირებს ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრი, რომელიც ახორციელებს პროექტს – „დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში“. თუ რა ეტაპზეა ახლა პროექტი, რა ამოცანებს ემსახურება თსუ-ში არსებული ინტერდისციპლინური ჰაბი და რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ის სტუდენტებსა თუ აკადემიურ წრეებს, ამის შესახებ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ირინე ქურდაძე გვესაუბრება.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2024 წელს პირველად მოიპოვა ევროკავშირის კვლევების ბრწყინვალების ცენტრის (Jean Monnet Center of Excellence) პრესტიჟული სტატუსი ERASMUS + პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჟან მონეს აქტივობების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.
ცენტრი ძირითადი ინტერდისციპლინური ჰაბია როგორც თავად უნივერსიტეტის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ აკადემიურ ჩართულობასა და საქართველოში მდგრადი დემოკრატიის განვითარებას. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების, სხვადასხვა სფეროს სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა.
ჩვენი ცენტრის მუშაობაში ჩართულია თსუ-ს 8 მაღალკვალიფიციური და გამოცდილი აკადემიური პერსონალი სხვადასხვა ფაკულტეტიდან, რომლებსაც შესაბამისი მიმართულებებით გააჩნიათ მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება როგორც სწავლების, ისე კვლევის კუთხით. ესენი არიან: აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, პროფესორი ირინე ქურდაძე (პროექტის ავტორი და კოორდინატორი), პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი მაია ბითაძე, პროფესორი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი და ექსპერტ-მკვლევარი ეკა სირაძე, ასისტენტ-პროფესორი მარიამ კევლიშვილი და ასისტენტი თამარ ალექსიძე.

ვისთვის არის შექმნილი პროექტი?
ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის საქმიანობა ორიენტირებულია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის – ახალგაზრდებისთვის, აკადემიურ წრეებისა და სამოქალაქო სექტორისთვის – ცნობიერების ამაღლებაზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ სფეროებზე, სადაც ინფორმაციის სიმწირეა ან გავრცელებული ნარატივები არ შეესაბამება რეალობას.
პროექტის – „დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში” (DRG) – ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემები (მაგალითად: ინფორმაციის მდგრადობა, მიგრაციის პოლიტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება) განსაკუთრებულად არის მორგებული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე, როგორებიც არიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები.
გარდა ამისა, ცენტრის მიერ მიმდინარეობს აკადემიური კვლევითი ნაშრომების მომზადება, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკისა და რელევანტური ქართული კონტექსტის უკეთ გაგებას. პროექტის მეორე ფაზა კი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის, რადგან ცენტრი უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, მათ გადამზადებასა და სამეცნიერო რესურსებით აღჭურვას.
სიახლეები სასწავლო პროცესში და უწყვეტი განათლება
გუნდის ყველა წევრის ჩართულობით შემუშავდა ახალი „ევროკავშირი 101 – მოდულური სასწავლო კურსი“, რომელიც სტრუქტურირებულია DRG-ის ოთხ ბლოკად. მოდული თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ჩართულობით მომზადდა, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებთან. კურსი თსუ-ს რექტორის N 158/01-01 ბრძანებით დამტკიცდა.
თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტებზე განახლდა 10 სასწავლო კურსის სილაბუსი. პროექტის ფარგლებში მოდულის საფუძველზე ტარდება ტრენინგები არა მხოლოდ ქართველი (როგორც ეს პროექტით იყო დაგეგმილი), არამედ უცხოელი სტუდენტებისთვისაც. მათ შორის, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის (CFR) დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტებზე, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოწყვლადი ჯგუფების დაცვის სტანდარტებზე, საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების დაცვის სისტემასა და ევროკავშირის ასოცირების მნიშვნელობაზე. გარდა აკადემიური ღირებულებისა, სასწავლო კურსებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კულტურათაშორის დიალოგსა და პერსპექტივების გაცვლას.
ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის ეგიდით ორი ახალი ინტერდისციპლინური სასწავლო კურსი შემუშავდა, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული მდგრადობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სამართლებრივი, პოლიტიკური და სტრატეგიული ინსტრუმენტების შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას. შეიქმნა სილაბუსები, რომელთა საფუძველზეც უკვე ისწავლება კურსები როგორც სამაგისტრო საფეხურზე („მედია ფსიქოლოგია და კომუნიკაცია“ ინგლისურენოვანი პროგრამა), ისე საბაკალავრო დონეზე (,,მედია ფსიქოლოგიის“ ქართულენოვანი კურსი). სასწავლო პროცესი აქტიურად ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას – მათ უკვე გამართეს დისკუსია WORLD CAFÉ-ს ფორმატში და პროექტის გუნდის ხელმძღვანელობით მომზადებული საინტერესო ბლოგები პლატფორმა „მედია ხმაზე“ გამოაქვეყნეს.
სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ცენტრი აქტიურად მართავს საჯარო ლექციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის. ასეთ დისკუსიებს უძღვებოდნენ პროექტის გუნდის წევრები და ქართველი თუ უცხოელი მოწვეული სპეციალისტები, მათ შორის: ნიცის (საფრანგეთი) სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი ფატმა კოსადია; გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორი ბენედიქტ ჰარცლი; ტარტუს (ესტონეთი) საერთაშორისო სამართლის პროფესორი ლაური მალკსოო; თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია და სხვები.
კვლევა და განვითარება (DRG for R&D)
ჩვენი პროექტის მესამე სამუშაო პაკეტი ორიენტირებულია აკადემიური კვლევის ხელშეწყობაზე. ამ დროისათვის გუნდმა მოამზადა პროექტის თემებთან დაკავშირებული სამეცნიერო-ანალიტიკური მასალა, მათ შორის: აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მიერ მომზადებული „საქართველო-ევროკავშირი: ურთიერთობების მრავალწლიანი ტრადიცია“ (ინგლისურ ენაზე); პროფესორ ირინე ქურდაძისა და ასოცირებული პროფესორის ეკა სირაძის მიერ მომზადებული „საქართველოს კონსტიტუციური იდენტობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კონტექსტში“ და „ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების რეალიზაცია“; ასისტენტ-პროფესორის მარიამ კევლიშვილის „ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი: არგაძევების პრინციპი“; ეკა სირაძის მიერ მომზადებული საზღვაო უსაფრთხოების საკითხები სამართალში და სხვ.
აღნიშნული კვლევების საფუძველზე რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია მომზადდა საერთაშორისო პრესტიჟული გამოცემებისთვის. ანალიტიკური მასალის ბაზაზე გუნდმა გამართა რამდენიმე ღონისძიებაც, მათ შორის: ასოცირებული პროფესორის ეკა სირაძის წიგნის („შიდა და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია“) და ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორის ლაური მალკსოოს წიგნის („რუსეთი, საბჭოთა კავშირი და იმპერიული კონტინუიტეტი საერთაშორისო სამართალში“) პრეზენტაციები. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდითა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩატარდა დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების თაობაზეც.
ამ კომპონენტის გაძლიერების მიზნით გათვალისწინებულია ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა. დოქტორანტების მიერ კვლევითი სამი სემინარი ჩატარდა ევროკავშირის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: „მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები და მათი გამოყენება მესამე ქვეყნებში“, „საქართველოს ევროინტეგრაცია სამართლებრივი დაახლოების გზით: ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან შავი ზღვის მწვანე ენერგიის დერეფნის კონტექსტში“ და „ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მახასიათებლები და სამართლებრივი შედეგები“.
საზოგადოებრივი ჩართულობა და სამომავლო გეგმები
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, საჯარო დისკუსიები თუ სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებს შორის ღია დიალოგს. ცნობიერების გაზრდის მიზნით სრული ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სისტემატურად შუქდება თსუ-ს, იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და მედია ხმის ვებგვერდებზე“.
როგორც პროფესორი ირინე ქურდაძე აღნიშნავს, პროექტის წარმატებული იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების აქტიური მხარდაჭერა და თავად გუნდის წევრების ინტენსიური, მუდმივი ჩართულობა.
ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამომავლოდაც არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას გვპირდება.
