გილოცავთ ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 80-წლიანი ისტორია ქართული მეცნიერების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ნათელი მაგალითია – რვა ათეული წლის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრად, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მორფოლოგიის, პათოლოგიის, ექსპერიმენტული მედიცინისა და სხვა დარგების განვითარებაში. მისი განსაკუთრებული ღირებულებაა სამეცნიერო ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერთა თაობების აღზრდა, ქართული სამეცნიერო სკოლის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.
ინსტიტუტის დაარსება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის სახელს უკავშირდება. მისი სამეცნიერო ხედვა, ინიციატივა და ქართული მეცნიერების განვითარებისადმი ერთგულება იმ მნიშვნელოვანი საქმის საფუძველი გახდა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო და ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრებაში დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
ვულოცავ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, მეცნიერებს, მკვლევრებსა და თითოეულ თანამშრომელს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ინსტიტუტს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს, ახალ სამეცნიერო მიღწევებს, ნაყოფიერ საერთაშორისო თანამშრომლობასა და მომავალ თაობებში იმ ფასეულობების გაგრძელებას, რომლებზეც მისი 80-წლიანი ისტორია დგას.
მიხეილ სარჯველაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
