რა კვლევაში მიიღეს მონაწილეობა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალმა და მათმა პაციენტებმა?
,,ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილების ზეგავლენა პაციენტების სამედიცინო მომსახურების კმაყოფილების ხარისხზე“ – ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო ფარესაშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა. ეს ნაშრომი ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომელმაც ფაკულტეტიდან 2024 წლის მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა დოქტორანტმა ქეთევან გოგნაძემ. მისი თქმით, „კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი; სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომითი კმაყოფილების ზეგავლენის კვლევა პაციენტთა კმაყოფილების დონეზე; კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის სრულყოფას. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოში ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი და მათი პაციენტები.
კვლევა ჩატარდება ორი მიმართულებით: სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომითი კმაყოფილების დონისა და სამედიცინო მომსახურებით პაციენტთა კმაყოფილების დონის შესწავლა/გამოვლენით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამედიცინო დაწესებულებების 452 პერსონალმა და 449 პაციენტმა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დასკვნა და შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა მედპერსონალის შრომით კმაყოფილებაზე მოქმედი ფაქტორები, რომლებიც თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური ზეგავლენით პირდაპირპროპორციულ ზეგავლენას ახდენს მომსახურების პროცესზე და, შესაბამისად, მომხმარებელთა მიღებული სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილების დონეზე. კერძოდ, დასაქმებულთა კმაყოფილების დონეზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: მედპერსონალის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, არასწორი და ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დელეგირება, არასამართლიანი მმართვის პროცესი, არასწორი სახელფასო პოლიტიკა, არასრულყოფილი კომუნიკაციის პროცესი, გაუმჭირვალე მმართველობითი პროცესი, თანამშრომელთა მხრიდან დაუცველობის გრძნობა, ინიციატივებისა და კრეატიულობის იგნორირება და სხვა. არსებული პრობლემების აღმოფხვრა ჯანდაცვის სისტემაში ოპერირებადი კლინიკების მენეჯმენტის უმთავრეს საზრუნავსა და საქმიანობის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა დოქტორანტმა ქეთევან გოგნაძემ, რომელმაც ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით კონკრეტული მიგნებების ძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
პრეზენტაციის ბოლოს ერთხმად აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევის შედეგები ძალიან აქტუალური, საინტერესო და ყურადსაღებია არა მარტო ეკონომიკური სფეროს, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების, მართვის ორგანოების წარმომადგენლებისათვის. კვლევის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს და საზოგადოების განვითარებას.
