წლები მხოლოდ ციფრებია

თარიღი: 2024-07-29 12:20:43

დაარსებიდან იღბალი დაჰყვა უნივერსიტეტს – არსებობის ისტორიაში, მშვიდობასა თუ ძნელბედობაში, გამოუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და უნივერსიტეტის იდეისადმი უცნაური პატივისცემით გამოირჩეოდნენ. მათ საკუთარი მხრებით ატარეს ქართული აზრის, განათლებისა და მეცნიერების აკვანი…

და ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ საზოგადო მოღვაწენი ან მეცნიერნი, ისინი არ ხმაურობდნენ, უჩუმრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ამით ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტი არც მხოლოდ პროფესორია, არც მხოლოდ სტუდენტი და არც მხოლოდ ერთეული ჩინოვნიკი – უნივერსიტეტი ის ადამიანებიცაა, რომლებიც  ყველაზე რუტინულ, მაგრამ აუცილებელ და, შესაძლოა, მოსაწყენ საქმესაც ისეთი სიამაყით უძღვებიან, როგორც ეს უნივერსიტეტს შეეფერება.

ერთ ასეთ ადამიანზე მინდა მოგითხროთ.

იზო კიკნაძეს უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტაჟიანი თანამშრომელი იცნობს – მას „კადრების იზოთი“ მოიხსენებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადამიანი მართლა უნივერსიტეტის მემატიანეა და თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთგულად ემსახურება საუნივერსიტეტო საქმეს.

როცა ხარაგაულის პატარა სოფელ საღანძილის სკოლაში სწავლობდა, ალბათ არ უფიქრია იმაზე, რომ მთელ ცხოვრებას დიდი მეცნიერების გვერდით გაატარებდა და ბევრი მათგანისთვის სანდო თანამშრომელი გახდებოდა. მაშინ დედას – დაწყებითი სკოლის პედაგოგსა და მამას – დამსახურებულ რკინიგზელს – ეხმარებოდა უმცროსი ძმების – ვახტანგისა და გელას აღზრდაში. მერეც – როცა ხარაგაულის N2 საშუალო სკოლაში განაგრძო სწავლა, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე მალევე მოექცა მასწავლებლების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით უყვარდა ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენები… მომავალი პროფესიაც სიყვარულით  აირჩია და ჩაირიცხა კიდეც ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. ოცნებებში ალბათ დედასავით პედაგოგობა სურდა, ანაც საერთაშორისო ასპარეზზე ხედავდა მომავალს, მაგრამ ერთმა ნაბიჯმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება – 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შემოდგა ფეხი და მას შემდეგ ეს კედლები, ეს საოცარი აურა, რაც ამ კედლების შიგნით ტრიალებს, ქალბატონი იზოს ცხოვრების ნაწილად იქცა.

აკი ვთქვით, ერთგულება სიყვარული და თავდადებაა-თქო და ისიც ამ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საუნივერსიტეტო საქმეს – ხშირად ასრულებდა კადრების განყოფილების უფროსის მოვალეობას, რადგან სანდო, სიმედო და პატიოსნებით გამორჩეული თანამშრომელი იყო. ამ წლების განმავლობაში ის არაერთხელ დაუჯილდოვებიათ  დიპლომებითა და სიგელებით, არაერთი სპეციალური მადლობა მიუღია, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო, ის სიყვარულია, რომელიც უნივერსიტეტსა და თანამშრომლებში მოიპოვა – ვისაც არ უნდა უხსენო „კადრების იზო“, ყველა იცნობს და მოწიწებით და პატივისცემით მოიხსენიებს მას.

29 ივლისს იზო კიკნაძეს 75 წელი შეუსრულდება. ვერც კი მიხვდებით, რომ უნივერსიტეტის დერეფნებში ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ამ კაფანდარა ქალს წლები ამძიმებს – ის დღესაც ისეთივე ენერგიული, პასუხისმგებლიანი, სანდო და ერთგული თანამშრომელია, როგორმაც თითქმის ხუთი ათეული წლის წინ შემოაბიჯა უნივერსიტეტში. ძმისშვილებს, ლელას, ნიას და ნიკას საკუთარ შვილებად მიიჩნევს, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ადამიანები კი შვილიშვილები – ლუკა და ნანუკა არიან… „ჩემთვის და გელასთვის იზო უფროსი დაც იყო და აღმზრდელიც… მამას ჰგავდა – მუდმივად ღიმილიანი და საქმისადმი თავდადებული და ასე მოვიდა აქამდე – მისთვის მთავარი იყო და არის უნივერსიტეტი“, – ამბობს ბატონი ვახტანგი.

მადლიერება მარტო ადამიანებს არა – უნივერსიტეტსაც ამშვენებს და ალბათ მადლობა უნდა ვუთხრათ  შრომისა და ერთგულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტელს – ქალბატონ იზო კიკნაძეს ყველაზე რუტინული, მაგრამ აუცილებელი და, შესაძლოა, მოსაწყენი საქმის ისეთი სიამაყით შესრულებისთვის, როგორც ეს ჭეშმარიტ უნივერსიტეტელს შეეფერება! ამ შემთხვევაში სწორედაც რომ, მასზეა ნათქვამი – დიახ, წლები მხოლოდ ციფრებია!

Facebook
Twitter
LinkedIn