აუცილებლად უნდა ვიცოცხლო…
თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა იზოლდა ჩანტლაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სვანური ენის თვალსაჩინო მკვლევარი.
იზოლდა ჩანტლაძემ 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1962-1965 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების ასპირანტი (ხელმძღვანელი – აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა). 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ძველი სვანური ხალხური სიმღერების ენისა და ცოცხალი მეტყველების შეპირისპირებითი ანალიზი“, 1990 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია (თემა – „სახელთა პარადიგმატული სისტემა სვანურში“). იზოლდა ჩანტლაძე ნახევარ საუკუნეზე მეტხანს (1967 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე) მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში; იგი არის 350-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის – 12 წიგნის) ავტორი. ქალბატონი იზოლდა გამოირჩეოდა პედაგოგიური მოღვაწეობითაც. მან აღზარდა მრავალი სტუდენტი, 15 დოქტორანტი. იყო 11 აკადემიური სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ინტერესი სასკოლო განათლებისადმი: იყო სკოლა ,,აკადემოსის” დამაარსებელი და ერთგული გულშემატკივარი. უდავოდ დიდია ამაგდარი მეცნიერის ღვაწლი. იგი იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2017 წ.), 2023 წელს კი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით.
რას იხსენებენ იზა ჩანტლაძის მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები
,,ქალბატონი იზას უთვალავ დადებით თვისებათა შორის აუცილებლად აღსანიშნავია გვერდში მყოფთა მიმართ ის მადლიერების გრძნობა, რომელიც მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებთ… ჩვენც კი, მისი აღზრდილები, მისგან ყველანაირად ხელმომართულები, ვერ ვასწრებდით მადლობის თქმას, ის თავად გვიხდიდა მადლობას და ამით კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებდა თავს ვალდებულად – მასთან ერთად მუხლჩაუხრელად გვეშრომა… თითქოს გვმოძღვრავდა, როცა ბოლო დროს დაწერილ ერთ-ერთ წერილში წერდა: ,,მეცნიერება ურთულესი ფენომენია – მარტო ნიჭი და სიბეჯითე ვერაფერს გიზამს, თუ გულშემატკივრები არ გყავს! ვფიქრობ, რომ ჩემი ხელნაწერები ხელნაწერებადვე დარჩებოდნენ და 13 წიგნად ან 300 სტატიად არ გადაიქცეოდნენ, რომ არ მყავდნენ უახლოესი ადამიანები: ქეთევან მარგიანი-სუბარი თუ რუსუდან იოსელიანი (ჩემი ყოფილი დოქტორანტები), ლევან ვაშაკიძე (ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტექნიკური მენეჯერი), თინათინ გაბროშვილი (ყველა ჩემი მონოგრაფიის ტექნიკური რედაქტორი – ჩემი ყოფილი სტუდენტი) და ნანა ქავთარაძე (დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი). შესაძლოა გამომცემლობამ რამე სასწრაფოდ მოითხოვოს და ისინი ყოველთვის მზად არიან, მთელი ღამე გაათიონ ტექსტზე მუშაობაში, ოღონდ რამე არ გაფუჭდეს – გამორჩეული მადლობა მათ!“ – ასეთი იყო ქალბატონი იზა, სიკეთის ათმაგად დამნახავი და ერთგულების დამფასებელი…
ჩვენ, მისი ყოფილი მოწაფეები და უმცროსი კოლეგები, ვერასოდეს გადავიხდით ჩვენი მოძღვრის ამაგს, ვერასოდეს დავივიწყებთ მის გულისხმიერებას და გვერდში დგომას თითოეული ჩვენგანისადმი… ვერც სათანადო მადლობის სიტყვებს შევარჩევთ მასსავით… ჩვენ მხოლოდ შევეცდებით – ღირსეულად დავასრულოთ მის მიერ წამოწყებული, დაუმთავრებელი საქმეები…
ბოლო დროს ახალ, მეტად საჭირო მონოგრაფიაზე მუშაობდა და შვილივით ეფერებოდა თითოეულ ახალ თავს… და კვლავ მადლობებს იხდის ამ საქმეში დახმარებისთვის, მაშინ, როცა მას უნდა უხდიდეს მადლობას მთელი საქართველო… აი, რა დაწერა ბოლოს ქალბატონმა იზამ: ,,სამი წელია ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობ ახალ წიგნზე – „ევროპელი მკვლევრები სვანეთში“. უკვე საქართველოს მაღალაკადემიურმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ოთხი სტატია და წაკითხულ იქნა შესაბამისი მოხსენებები საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე. მასალების მოწოდებაში ძალიან გვეხმარებიან ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკა და მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი… ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოცხლო…”
დიახ, თქვენ ცოცხლობთ და მუდამ იცოცხლებთ იმ თქვენს შრომებში, რომლებიც დიდი ხანია გასცდნენ საქართველოს ფარგლებს… იცოცხლებთ თქვენი დიდი სამეგობროს, კოლეგების, მოწაფეების გულებში, იმ ქართველოლოგების გულებსა და ნაშრომებში, რომლებიც ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერენ თქვენი მეცნიერული მემკვიდრეობის გვერდის ავლით…
დიდი მადლობა ჩვენგან, თქვენი აღზრდილებისგან, ქალბატონო იზა!“