ივანე ჯავახიშვილის არქივში ახლადაღმოჩენილი უცნობი დოკუმენტი და მეცნიერის გასათვალისწინებელი მოსაზრებები მოსახლეობის აღრიცხვის პროგრამების შედგენისას

თარიღი: 2025-02-20 12:36:00

აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის ბოლომდე ჯერაც გადაუმუშავებელ არქივში ძვირფასი მასალა დემოგრაფიული მეცნიერების ფორმირებასა და განვითარებაზე. როგორც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მზია შელიას ნაშრომიდან – ,,ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების ფორმირებასა და განვითარებაში“ – ვიგებთ, ივანე ჯავახიშვილის არქივში დიდძალი მასალაა, რომლის გადამუშავება და გამოცემა დიდმა ისტორიკოსმა ვერ მოასწრო. პროფესორ მზია შელიას მიერ მიკვლეული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და მოსაზრებები გასათვალისწინებელია მოსახლეობის აღრიცხვის პროგრამების შედგენისას.

,,ივანე ჯავახიშვილის როლი ისტორიული დემოგრაფიის და, ზოგადად, დემოგრაფიის, როგორც მეცნიერების, ფორმირებაში განუზომელია. დიდია მისი წვლილი დემოგრაფიული წერილობითი ძეგლების მოძიებაში, აღწერა-ანალიზსა და მეცნიერულ შეფასებაში. ივანე ჯავახიშვილმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დაასაბუთა საქართველოში მოსახლეობის პერიოდული (7 წელში ერთხელ) აღწერის ტრადიციულობა, შეისწავლა მოსახლეობის აღწერის კონკრეტული მიზნები, ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები, დაასაბუთა აღწერის პროგრამის არსებობა და გამოავლინა მოსახლეობის არასწორი აღრიცხვის შემთხვევაში დამნაშავეთა სამართლებრივი სასჯელის მაშინდელი ნორმები. ისტორიკოსმა შეაფასა ომების გავლენა რეგიონის მოსახლეობის გადაადგილებასა და, შესაბამისად, დემოგრაფიულ კლებაზე. მეცნიერმა ასაკი განიხილა, როგორც დემოგრაფიული კატეგორია და არსებულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დააზუსტა ადამიანის სასიცოცხლო ციკლის პერიოდიზაციის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია, გვიჩვენა რა – როგორი იყო წარსულში ქართული საზოგადოების დამოკიდებულება შვილიანობისადმი“, – აღნიშნავს პროფესორი მზია შელია თავის ნაშრომში.

მიუხედავად დემოგრაფიული წერილობითი ძეგლების სიმწირისა და ფრაგმენტულობისა, ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დადგენის პირველი მცდელობა მე-13 საუკუნეში. იგი უშუალოდ მონაწილეობდა თანამედროვე მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვის მოწესრიგებაში.

მის საარქივო მასალაში აღმოჩნდა მკვლევართათვის მანამდე უცნობი დოკუმენტი, რომელშიც 1926 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მასალის კრიტიკული ეთნოდემოგრაფიული ანალიზია.

,,დოკუმენტში დასაბუთებულია, რომ მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურის დამახინჯებულმა აღრიცხვამ შეიძლება ქვეყანა პოლიტიკურად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს. ერთი მხრივ, ეს ვლინდება ტერიტორიული საზღვრების დამახინჯებაში, მეორე მხრივ, ახალი ეკონომიკური სისტემის მაღალ სოციალურ ფასში. მისი მოსაზრებები დღესაც მეტად აქტუალური და გასათვალისწინებელია მოსახლეობის აღრიცხვის პროგრამების შედგენისას“, – ამბობს მზია შელია.

მზია შელიას ნაშრომი  – ,,ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების ფორმირებასა და განვითარებაში“ – ახლახანს გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში – ,,მოამბე“. ჟურნალი „მოამბე“ გამოდის ინგლისურ ენაზე და ვრცელდება მთელ მსოფლიოში. მას მინიჭებული აქვს მაღალი რეიტინგის  იმპაქტ-ფაქტორის კოეფიციენტი.

Facebook
Twitter
LinkedIn