თსუ-ს სტუდენტებმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლოს კონკურსში გაიმარჯვეს

თარიღი: 2025-05-20 13:49:20

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ,,ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო 2025”-ის კონკურსში გაიმარჯვეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. შეჯიბრში საქართველოს 16 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული თსუ-ს გუნდის წევრები საერთაშორისო სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები ეკატერინე პატეიშვილი, სოფო ჭყოიძე, დავით ჭყოიძე და ნიკოლოზ გელოვანი არიან.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის თამარ ზარანდიას შეფასებით, ასეთი კონკურსები მნიშვნელოვანია, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და შეიძინონ მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. დეკანმა აღნიშნა: ,,ძალიან მახარებს, რომ ჩვენი სტუდენტები, როგორც ყოველთვის, წარმატებულები არიან სხვადასხვა ასპარეზზე. წელსაც სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება ევროკავშირის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა. ამ შეჯიბრის მიზანი ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა. მინდა, მადლობა ვუთხრა შეჯიბრის ორგანიზატორებს და მივულოცო ჩვენს სტუდენტებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება”.

გუნდის წევრები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ,,პირველ ეტაპზე მოცემული კაზუსის შესაბამისად ვამზადებდით და ვაგზავნიდით წერილობით ნაშრომებს, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა 8 საუკეთესო გუნდი. როდესაც გაირკვა, რომ ზეპირი ეტაპის მონაწილეთა შორის ვიყავით, დავიწყეთ ინტენსიური მზადება ზეპირი რაუნდებისთვის. ვამუშავებდით არგუმენტებს, ვწერდით წარსადგენ სიტყვას, ვვარჯიშობდით გამოსვლაში და ვაანალიზებდით კაზუსის ყველა დეტალს. ვიკრიბებოდით და ერთმანეთს ვუსვამდით ისეთ კითხვებს, როგორსაც ველოდით მოსამართლეებისგან კონკურსის მიმდინარეობისას”, – აცხადებენ სტუდენტები გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში. მათი თქმით, პროცესი იყო ინტენსიური, თუმცა ძალიან პროდუქტიული და თითოეული მათგანისთვის დიდი გამოცდილების მიმცემი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ზეპირი ეტაპები იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში ჩატარდა, სადაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართა. თითოეულ რაუნდში გუნდებს შორის მიმდინარეობდა იმიტირებული სასამართლო განხილვა, სადაც ჟიურის წინაშე წარადგენდნენ სამართლებრივ არგუმენტებს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. სტუდენტების თქმით, შეჯიბრი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ გამარჯვების გამო, არამედ პროფესიული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც.

ეკატერინე პატეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კონკურსი პროფესიული თვითდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარა: ,,ზეპირ რაუნდებში, განსაკუთრებით მოსარჩელის პოზიციის წარდგენისას, მივიღე უნიკალური შესაძლებლობა – ჩემი სამართლებრივი ცოდნა პრაქტიკაში სრულად გამომეყენებინა. ზეპირი გამოსვლების დროს, ასევე, შევიძინე პრაქტიკული უნარები სტრატეგიული დაგეგმვისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით”.

სოფო ჭყოიძემ ევროკავშირის სამართლის სფეროში შეძენილ ცოდნაზე, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება: ,,საფუძვლიანად გავეცანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას. დეტალურად შევისწავლე რამდენიმე საქმე. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად განამტკიცა ჩემი უნარი – დამოუკიდებლად მემუშავა სამართლებრივ წყაროებთან და გამომეყენებინა ისინი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში. ზეპირ მოსმენებზე მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემამ მასწავლა სწრაფად რეაგირება და სამართლებრივი არგუმენტების ადაპტირება შეზღუდულ დროში”.

დავით ჭყოიძის თქმით კი, კონკურსმა დროის მართვა და სტრესთან გამკლავება ასწავლა.

ნიკოლოზ გელოვანი სირთულეებზე გვესაუბრა: ,,ყველაზე დიდი სირთულე იყო დროის მართვა და კონკურსის ინტენსიური ფორმატის შეთავსება სხვა აკადემიურ ვალდებულებებთან. მომზადება მოითხოვდა როგორც სიღრმისეულ კვლევას, ისე ზეპირი გამოსვლის უნარების განვითარებას – არგუმენტების მკაფიოდ და სწრაფად წარმოჩენასა და გუნდურ შეთანხმებას. განსაკუთრებით რთული იყო მოულოდნელ კითხვებზე პასუხის დროული გაცემა ზეპირ რაუნდში, რაც დიდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას საჭიროებდა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, გამოცდილება ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა“.

,,ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო 2025” იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში ჩატარდა. თსუ-ს გამარჯვებული გუნდის წევრებს კი პრიზად Kindle-ის ელექტრონული წიგნების მოწყობილობა და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

Facebook
Twitter
LinkedIn