იურიდიული ფაკულტეტის ორი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია თსუ-ში

თარიღი: 2025-12-04 18:50:44

თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის ორი სამეცნიერო გამოცემის – „საჯარო სამართლის ჟურნალისა“ და „კერძო სამართლის მიმოხილვის“ – მორიგი ნომრების პრეზენტაცია გაიმართა.

„საჯარო სამართლის ჟურნალი“, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა, საქართველოში პირველი სპეციალიზებული გამოცემაა საჯარო სამართლის მიმართულებით. მისი არსებობა მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული სამართლის სისტემის აკადემიურ განვითარებაში, რადგან ჟურნალი ქმნის პლატფორმას, სადაც მკვლევრები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემმუშავებლები საერთო დისკუსიის სივრცეში ერთიანდებიან. გამოცემა გამოდის როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან ვერსიებში, რაც საშუალებას იძლევა, ქართული სამართლებრივი კვლევა ევროპულ აკადემიურ წრეებშიც მოხვდეს. სარედაქციო კოლეგიის წევრები – თსუ-სა და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორები – უზრუნველყოფენ მაღალ სტანდარტებს და საერთაშორისო აკადემიურ ჩართულობას.

მთავარი რედაქტორის კობა ყალიჩავას განცხადებით, ჟურნალის მიზანი მხოლოდ არსებული სამართლებრივი პრობლემების აღწერა არ არის: „ ჟურნალს, ერთი მხრივ, აქვს მისიონერული დანიშნულება – მისი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს ქართული სამართალი. მეორე მხრივ, მას აქვს საერთაშორისო კომპონენტი თავად ქართველი მკითხველისთვის, რამეთუ ყველა გამოცემაში ჟურნალი ქართველ მკითხველს სთავაზობს უცხოელი ავტორების სტატიებს.  საჯარო სამართლის ჟურნალი უნდა იქცეს სივრცედ, რომელიც ხელს შეუწყობს კრიტიკულ ფიქრსა და დისკუსიას. სწორედ ამიტომ, სტატიებში ხშირად ჩნდება ღია კითხვები, რომლებიც მკითხველს და მეცნიერებს ახალ კვლევით მიმართულებებს სთავაზობს“.

ამ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეძღვნება – სამართლებრივი უსაფრთხოებიდან მოსამართლის დამოუკიდებლობამდე, გონივრულ ვადებში საქმის განხილვიდან საჯარო დაწესებულებებში კეთილსინდისიერების პოლიტიკის ჩამოყალიბებამდე.

ჟურნალში სამართლის მკვლევრებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატია გამოაქვეყნეს, რომლებიც ქვეყნის სამართლებრივი სისტემის სხვადასხვა ასპექტს ეხება:

ბესარიონ ზოიძე – „სამართლებრივი უსაფრთხოება: ცნება და გამოხატვის ფორმები (უპირატესად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი)“;

ლია შატბერაშვილი – „მოსამართლის დამოუკიდებლობის ასპექტები: შინაგანი დამოუკიდებლობა –  “mission impossible?“;

მერი აღაპიშვილი – „მოსაზრებები სამწევროვან ადმინისტრაციულ დავაში საპასუხო უზრუნველყოფის დაშვების საკითხზე“;

სესილი ქადარია – „გადახდისუუნარობის სამართალწარმოება საკუთრების უფლებისა და გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლებების ჭრილში“;

ნინო ცუხიშვილი – „კეთილსინდისიერების ინსტიტუციური პოლიტიკის შემუშავება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში “

JENS DEPPE „ Anmerkungen zum Richterbild in Deutschland“

 „კერძო სამართლის მიმოხილვის“ მორიგი ნომერი მთლიანად  მიეძღვნა  ქართველი სამოქალაქო სამართლის მკვლევარს, სამართლის დოქტორის თამარ შოთაძის ხსოვნას. შოთაძე თსუ-ის აკადემიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა – როგორც მკვლევარი, პედაგოგი და მრავალმხრივი სამართლის სპეციალისტი. მისი ნაადრევი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში, თუმცა მისმა ნაშრომებმა და მეცნიერული ინტერესების დიაპაზონმა მყარი კვალი დატოვა ქართულ სამართლებრივ სივრცეში. იპოთეკის ინსტიტუტზე შესრულებული დისერტაცია, სანივთო სამართლის თემებზე მომზადებული მონოგრაფიები და საჯარო რეესტრის კომენტარები დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში.

წარმოდგენილ ნომერში ყურადღება არასრულწლოვანთა ქორწინების სამართლებრივ, სოციალურ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს ეთმობა სხვადასხვა მკვლევრის თვალით. სტატიების სერია ხაზს უსვამს, რომ ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა“ არა მხოლოდ აკადემიური პლატფორმაა, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კვლევის და მსჯელობის სივრცეც. ჟურნალის სარედაქციო ჯგუფს პროფესორი ბესარიონ ზოიძე, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და თსუ-ს დოქტორანტი მარიკა დუმბაძე ხელმძღვანელობენ.

ჟურნალის როგორც წინა, ისე ახალი ნომერი „PLS – Professional Legal Services“-ისა და „BDG – Business Development Group“-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა, რისთვისაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი  მადლობას უხდის იურიდიული ფირმის – „PLS -Professional Legal Services“-ის მთავარ სამართლებრივ მრჩეველს, ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის – „Business Development Group”-ის დამფუძნებელ პარტნიორს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორს მარიკა დუმბაძეს და „PLS -Professional Legal Services“-ის პარტნიორს გიორგი წამალაიძეს.

ჟურნალში გამოქვეყნებულია შემდეგი სტატიები:

ბესარიონ ზოიძე – „არასრულწლოვანთა ქორწინება ადამიანთა ფორმალური და ფაქტობრივი ცხოვრების მაგალითზე“;

ვახტანგ ნოღაიდელი – „არასრულწლოვანთა ქორწინება: კერძოსამართლებრივი რეგულირების პოლიტიკა და თანამედროვე ტენდენციები ქონებრივი უფლებების კონტექსტში“;

მანანა ოთარაშვილი – „საქორწინო ასაკის პრობლემა ძველ ქართულ სამართალში“;

ლიზა დიასამიძე – „არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ანალიზი“;

ნესტან ანანიძე – „ქალებისა და გოგოების ნიშნობისა და იძულებითი ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება, არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“;

ანრი ზოიძე – „არასრულწლოვანთა ქორწინების მდგომარეობა საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით“;

ნინო ფალავანდიშვილი – „ასაკის მნიშვნელობა ქმედუნარიანობის დაფუძნებაში“ და სხვ.

ორივე გამოცემა – „საჯარო სამართლის ჟურნალი“ და „კერძო სამართლის მიმოხილვა“ – თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო რესურსია.  მადლობით უნდა  მოვიხსენიოთ ქალბატონი მარიკა დუმბაძე და ისინი, ვინც ქმნიან სივრცეს, სადაც სამართლის სხვადასხვა მიმართულების კვლევები რეგულარულად ქვეყნდება.

Facebook
Twitter
LinkedIn