ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისთვის 2025 წელი წარმატებული აღმოჩნდა
2025 წელი თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისთვის ინტენსიური კვლევითი საქმიანობის, საგამომცემლო წარმატებების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების და ქართული მეცნიერების წარმომადგენელთა აღიარების წელი იყო. ინსტიტუტმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში.
ინსტიტუტმა 2025 წელს წარმატებით განაგრძო აკადემიური გამოცემების მომზადება. წლის ბოლოს გამოსაცემად სრულ მზადყოფნაშია საინსტიტუციო ჟურნალები და კრებულები: „ქრონოსი“, №6; „ქართული წყაროთმცოდნეობა“, №27; „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, №29; „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის“, №6 (32); „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“, №24. ამ გამოცემებში თავმოყრილია როგორც ისტორიოგრაფიული, ისე წყაროთმცოდნეობითი, ეთნოლოგიური და რეგიონული კვლევების უახლესი შედეგები, რაც ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობის მნიშვნელოვან მანიშნებელს წარმოადგენს.
ინსტიტუტისთვის 2025 წელი გამორჩეული იყო ასევე საგამომცემლო მრავალფეროვნებით. წლის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს 12 მონოგრაფია/წიგნი: რ. თოფჩიშვილი (თანაავტორი) – „ეთნოლოგიური თბილისი“; ს. ბახია-ოქრუაშვილი (თანაავტორი) – „Samurzakano – The Georgian Historical and Ethnographical Province: the Past and Present“; ნ. ჯალაბაძე – „საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი: წარსული და თანამედროვეობა* (ქართულად და ინგლისურად)“; ა. დაუშვილი – „კოლმეურნეობა საქართველოში“ (ტ. 2); რ. გუჯეჯიანი – „ლაგურკა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“; ა. სონღულაშვილი – „ისტორიულ-პოლიტიკური ძიებანი“; მ. ტყავაშვილი – „ზიგები: შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიიდან“; ა. კოხრეიძე (თანაავტორი) – „უცხოური კაპიტალი საქართველოში და დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციები XX საუკუნის I ნახევარში“; ვ. გოილაძე – „საქართველოს საზღვრები: ქართლის აღმოსავლეთი საზღვარი – რანისა და მოვაკანის საპიტიახში (369–628)“; ვ. გოილაძე – „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“; ვ. გოილაძე – „სად მდებარეობდა ზარზმის ეგვტერის წარწერაში მოხსენიებული სარვენისი?“; ე. კვაჭანტირაძე – „მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია“. ეს მონოგრაფიები და კრებულები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ისტორიის, ეთნოლოგიისა და საერთაშორისო კვლევების განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებამ სექტემბერში მოაწყო ფართომასშტაბიანი ეთნოგრაფიული ექსპედიცია „ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი). ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო ისტორიული ეთნოგრაფიული მასალების შეგროვება დასავლეთ საქართველოს მთიელების (სვანების) ჩრდილოეთ კავკასიელ მეზობლებთან – ბალყარებთან და ყარაჩაელებთან ურთიერთობების შესახებ.
მიმდინარე წელი ისტორიის ინსტიტუტისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა სამეცნიერო გრანტების მოპოვების თვალსაზრისითაც. მეცნიერები წარმატებით მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში, რის შედეგადაც დაფინანსდა ორი პროექტი: „საგანმანათლებლო სისტემა და ეროვნული თავისუფლების იდეა საქართველოში (1900–1921)” (ა.სონღულაშვილი, ნ. სონღულაშვილი) და „ქართული იდენტობა შუა საუკუნეებში (შედარებითი ანალიზი)” (ს. ქადაგიშვილი) (პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში). ამგვარი გრანტები ინსტიტუტისთვის წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების და ახალი კვლევითი შესაძლებლობების გაჩენის მნიშვნელოვან პლატფორმას.
ინსტიტუტმა 2025 წელს, წამყვან აკადემიურ ორგანიზაციებთან ერთად, მოაწყო სამეცნიერო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის: აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სესია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად); აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან პარტნიორობით); აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სესია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად). ეს ღონისძიებები იქცა როგორც ისტორიის მეცნიერების პოპულარიზაციის, ისე სამეცნიერო აზრის გაცვლის მნიშვნელოვან პლატფორმად.
ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად აქვეყნებენ სტატიებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, არიან ჩართული სხვადასხვა გარდამავალ და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში… განსაკუთრებით აღსანიშნავია ანთროპოლოგიის ლაბორატორიისა და კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან, რაც ხელს უწყობს კვლევების ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.
ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა და მკვლევართა ძალისხმევა სათანადოდ დაფასდა. 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თსუ-ს ისტორიის ინსტიტუტის ორი წამყვანი მეცნიერი დააჯილდოვა: ვალერიან ვაშაკიძე (ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე) და როლანდ თოფჩიშვილი (კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე). მათ სამინისტროსგან მიიღეს სიგელები მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ახალი კვლევები, გამოცემები, ექსპედიციები, საერთაშორისო პროექტები და ქართველი მეცნიერების აღიარება ხაზს უსვამს ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს კავკასიაში წამყვან კვლევით ცენტრად ჩამოყალიბების გზაზე. ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს ქართული და რეგიონული ისტორიის ღრმად შესწავლას, ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო სივრცის გაფართოებას და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
