ISET-ის გლობალური აღიარება: ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების ახალი აკადემიური მწვერვალები
თბილისში, თსუ-ის კედლებში მიღებული განათლება პირდაპირ აღებს ლოს-ანჯელესის, ედინბურგისა და ვაშინგტონის უმაღლესი აკადემიური წრეების კარებს. ეს არა უბრალოდ ამბიციური მიზანი, არამედ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) რეალური მიღწევაა. 2026 წელს ISET-მა მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – სკოლის 8 კურსდამთავრებული მსოფლიოს ტოპ-უნივერსიტეტების სადოქტორო (PhD) პროგრამებზე ჩაირიცხა, სრული დაფინანსებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ISET ეკონომიკური განათლების უდავო ლიდერია.
2008 წლიდან დღემდე, ISET-ის 56-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა სწავლა აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე. თუმცა, წლევანდელი წელი სრულიად უპრეცედენტო აღმოჩნდა – როგორც სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით, ისე უნივერსიტეტების გლობალური მასშტაბითა და რანგით.
გლობალური აკადემიური ელიტა და ISET-ის 2026 წლის ვარსკვლავები
იმისათვის, რომ უკეთ აღვიქვათ ამ წარმატების მასშტაბი, საკმარისია გადავხედოთ იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, სადაც ISET-ელები სწავლას გააგრძელებენ. მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი (UCLA) მუდმივად არის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში – აქ მოხვედრაზე ათასობით მსოფლიო დონის მკვლევარი ოცნებობს. ედინბურგის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის აკადემიური გიგანტია; IESE Business School (ნავარის უნივერსიტეტი) გლობალურად ბიზნესისა და ეკონომიკური კვლევების სათავეში დგას; ნოტრ-დამის ეკონომიკის სკოლა კი ცნობილია თავისი უმაღლესი აკადემიური სტანდარტებით.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ISET-ის კურსდამთავრებულებმა მოწვევები ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტისგან მიიღეს, რამაც მათ საშუალება მისცა, არჩევანი საუკეთესო შეთავაზებებს შორის გაეკეთებინათ. მაგალითად, ნინო კოხრეიძეს, ბინგჰემტონის უნივერსიტეტთან ერთად, სადოქტოროზე იწვევდნენ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. საბოლოოდ, მან არჩევანი ბინგჰემტონის ეკონომეტრიკისა და რაოდენობრივი ეკონომიკის პროგრამაზე შეაჩერა.
2026 წელს მსოფლიოს წამყვან სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული ISET-ელები:
- ქეთევან მაღრაძე: ეკონომიკის PhD, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი (UCLA, აშშ)
- ლევან ფავლენიშვილი: ოპტიმიზაციისა და ოპერაციული კვლევების PhD, ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- თინათინ ანდღულაძე: ეკონომიკის PhD, ნოტრ-დამის უნივერსიტეტი (აშშ)
- ნინო კოხრეიძე: ეკონომეტრიკისა და რაოდენობრივი ეკონომიკის PhD, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი (აშშ)
- არჩილ ომანაძე: ეკონომიკის PhD, კალიფორნიის უნივერსიტეტი, რივერსაიდი (UC Riverside, აშშ)
- მამუკა სტეფანია: ეკონომიკის PhD, CERGE-EI (პრაღა, ჩეხეთი)
- მარიამ ტანიაშვილი: ეკონომიკის PhD, ამერიკული უნივერსიტეტი (ვაშინგტონი, აშშ)
- თორნიკე სურგულაძე: MRM PhD, ნავარის უნივერსიტეტი / IESE Business School (ბარსელონა, ესპანეთი)
- ანა ტერაშვილი: ეკონომიკის PhD, კარლოს III-ის უნივერსიტეტი (მადრიდი, ესპანეთი)
საბაკალავრო საფეხურიდან პირდაპირ აშშ-ის სადოქტოროზე!
ამ შედეგში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ამ 8 წარმატებული ახალგაზრდიდან 4 ISET-ის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ბაკალავრიატიდან პირდაპირ PhD-ზე მიღება იშვიათი პრეცედენტი და ურთულესი ბარიერია. ამერიკული და ევროპული წამყვანი უნივერსიტეტები სადოქტორო საფეხურზე ძირითადად მაგისტრის ხარისხის მქონე აპლიკანტებს იღებენ. ის ფაქტი, რომ ISET-ის ბაკალავრიატის სტუდენტებმა მაგისტრატურის ეტაპის გვერდის ავლით, პირდაპირ მსოფლიო გიგანტების PhD პროგრამებზე მოიპოვეს სრული დაფინანსება, ნათლად მეტყველებს ISET-ის საბაკალავრო პროგრამის სიღრმესა და საერთაშორისო აღიარებაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ISET-ის საბაკალავრო განათლება გლობალურ აკადემიურ სტანდარტებს სრულად პასუხობს.
ISET-ი განაგრძობს თავის უმთავრეს მისიაზე ერთგულად მუშაობას — მისცეს ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლება ეკონომიკასა და ფინანსებში.
