კვლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენის კუთხით
საგრანტო პროგრამის (,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“) ფარგლებში, საუკეთესო საგრანტო განაცხადი წარდგენილ იქნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის პროფესორების: ირმა ხარშილაძის, პაატა ტურავასა და კობა ყალიჩავას ინიციატივით. კვლევა შეეხებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენას. პროექტი გრძელდებოდა 9 თვის განმავლობაში. მისი ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ირმა ხარშილაძე.
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამართლის განვითარებას. ოცდახუთწლიანი არსებობის მანძილზე იყო ბევრი მიღწევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკისა და სამართალწარმოების ანალიზით დასტურდება გარკვეული სამართლებრივი გამოწვევების არსებობა. მათ შორის არის ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსისა და ცნების ზუსტი განსაზღვრა.
ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში, შევისწავლეთ გერმანული და ფრანგული სამართლის მიდგომები ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსის დადგენის მიზნით და აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენაზე მოქმედებს ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივი ფაქტორები. საბოლოოდ დავადგინეთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სამოქალაქოსამართლებრივი) ხელშეკრულების გამოყენება არ იწვევს დავას. ის არის საქმიანობის სამართლებრივი ფორმა, რომელიც ორმხრივი ნების გამოვლენის გზით ადგენს შესასრულებლად სავალდებულო ბუნების მქონე სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციული ორგანო შედის სამართლებრივ ურთიერთობაში, როგორც ნებისმიერი კერძო პირი. მისი ნების ავტონომიის ფარგლებს ქმნის ხელშეკრულების დადების მიზანი (ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელება). ხელშეკრულებაში ადმინისტრაციული ორგანო გვევლინება სამოქალაქოსამართლებრივი უფლებამოვალეობების მატარებლად, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქოსამართლებრივი ბოჭვა (ის ვერ ისარგებლებს მისი აღსრულების საჯაროსამართლებრივი ინსტრუმენტებით, არამედ ბოლომდე რჩება კერძოსამართლებრივ სივრცეში) – გაზავებული საჯაროსამართლებრივი ბოჭვით (ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება).
მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულების გამოყენების არეალი სრულდება იქ, სადაც სამართლებრივი მოწესრიგების მიზანია სამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა საჯაროსამართლებრივ უფლება-მოვალეობებით აღჭურვა. ვფიქრობთ, რომ ორმხრივი ნების გამოვლენა, რომლის მიზანია მხარეთა საჯაროსამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვა, ვერ იქნება ხელშეკრულება. ასეთი ნების არსებობა უნდა დადასტურდეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული აჩენს ორმხრივი ნების გამოვლენის ადმინისტრაციული აქტის საკანონმდებლო აღიარების საჭიროებას.
ვთვლით, რომ ჩვენი კვლევის საკანონმდებლო დონეზე ასახვა ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და განსჯადობის შესახებ დავების აღმოფხვრას“, – აღნიშნავს ირმა ხარშილაძე.
როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული სამართალი შედარებით ახალგაზრდა სამართლის დარგია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლასა და გაზიარებას. ამ მიზნით პროფესორ ირმა ხარშილაძისა და სამართლის დოქტორ ნუნუ ოვსიანიკოვას თანაავტორობით მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის გამოიცა სახელმძღვანელო – საზღვარგარეთის ადმინისტრაციული სამართალი (თარგმანი). განახლებულ სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულდა. მისი გამოცემა ახალი სასწავლო წლისთვის იგეგმება.
ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სივრცის შესაქმნელად 2017 – 2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომლის ფარგლებში დასაბამი მიეცა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების კონსტიტუციურ რანგში აყვანას. საქართველოს ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანი განხილვის უფლება.
იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების პროფესორები მუშაობენ ძირითადი უფლებების სახელმძღვანელოზე. პროფესორ ირმა ხარშილაძესაც ერგო პატივი – დაემუშავებინა ადმინისტრაციულ წარმოებასა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.
