ირმა რატიანის ახალი წიგნი „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“
ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა ახალი წიგნი – „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“. წიგნის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ირმა რატიანი.
წიგნის დაწერის იდეა დაიბადა თითქმის თხუთმეტი წლის წინ, როდესაც წიგნის ავტორმა ორგზის მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია და ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა კემბრიჯში, პიტერჰაუსის კოლეჯში (დრამისა და თეატრის ისტორიის პროფესორის ჯენიფერ უოლესის მიწვევით). ბრიტანულ და ევროპულ მასალაზე მუშაობის შედეგად ჩაისახა ქართულ დრამატურგიულ ტრადიციასა და მის ლიტერატურათმცოდნეობით მნიშვნელობაზე ნაშრომის შექმნის იდეა. წიგნის სათაური გამოხატავს ავტორის მიზანდასახულობას, რომ სათაურშივე ცხადყოს იმ ქართული ტექსტების ჩართულობა დრამის პოეტიკის ზოგად/საერთაშორისო კანონში, რომლებიც აკმაყოფილებს დრამის ჟანრის მოთხოვნებს და, ამავე დროს, აღავსებს მას ორიგინალური ქართული შინაარსით.
წიგნი მიზნად ისახავს დრამის დრამატურგიისა და დრამის თეორიის განვითარების მხოლოდ იმ ეტაპების გამოკვეთას,რომლებმაც გარკვეული კვალი ქართულ ლიტერატურასა და დრამატურგიასაცდააჩნია, და, შედეგად, შეიქმნა ტექსტები, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია საერთაშორისოდ აღიარებული თეორიული მეთოდოლოგიების ჭრილში.
ქართული მასალის თვალსაზრისით, წიგნი მოიცავს კვლევას 1860-იან წლებიდან 1960-იან წლებამდე და, შესაბამისად, მასალა წაკითხულია იმ მნიშვნელოვანი ევროპული ლიტერატურულ-დრამატურგიული ტრადიციების ჭრილში, რომელთაც, ავტორის აზრით, ის ლოგიკურად მიემართება. მათ შორისაა: დრამის ანტიკური, კლასიცისტური, განმანათლებლური, რომანტიკული, რეალისტური და მოდერნისტული ტრადიციები, სადაც, თავის მხრივ, გამოკვეთილია თანაგრძნობის თეატრი, ლიბერალური დრამა, აბსურდის თეატრი, პოლიტიკური თეატრი და დრამატურგიული დისკურსის სხვა შრეები.

ამასთანავე, წიგნში განხილულია დრამატული ტექსტების კვლევის განსხვავებული მეთოდოლოგიები, რომლებიც, ეპოქებისა და კონტექსტებისდა მიხედვით, ინერგებოდა ჰუმანიტარული აზროვნების სფეროსა და ლიტერატურათმცოდნეობაში, და, რომლებიც, ავტორის აზრით, ამავე ჟანრის ქართული ტექსტების წაკითხვის სწორ სტრატეგიებსაც წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით წიგნში განხილულია პლატონის, არისტოტელეს, ჰეგელის, ნიცშეს, ფროიდის, კამიუს, ჟირარის თეორიები და ქართული ლიტერატურულ-დრამატურგიული მასალის ინტერპრეტაციაც განხორციელებულია აღნიშნული მეთოდოლოგიების ჭრილში.
წიგნის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ავტორის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ქართული ორიგინალური პიესების ნაკლებობა ქართულ მწერლობაში კომპენსირებულია, ერთი მხრივ, გადმოკეთებული პიესებით, ხოლო, მეორე მხრივ, ორიგინალური ქართული პროზაული ტექსტებით, რომლებიც დრამის სტრუქტურულ ქარგაზე და ხერხებზეა აგებული და შეესაბამება ჰიბრიდული ჟანრების სტატუსს. ჰიბრიდული სტრუქტურის მქონე პროზაულ ტექსტებს წიგნის ავტორი პირობითად, სამუშაო ტერმინით, უწოდებს დრამატურგიულ პროზასდაქართული მწერლობის ერთ-ერთ სპეციფიკურ მიმართულებად მიიჩნევს. შესაბამისად, წიგნში განხილულია როგორც ორიგინალური და გადმოკეთებული პიესები – შექმნილი და დამუშავებული ქართველი დრამატურგების მიერ, ისე – ჰიბრიდული ჟანრის ნიმუშები, ანუ დრამის სტრუქტურის მქონე პროზაული ტექსტები, პირობითად – დრამატურგიული პროზა, რომლებიც, ავტორის აზრით, ორგანულად იკითხება დრამის თეორიის კონტექსტში არისტოტელეს პოეტიკიდან ვიდრე რენე ჟირარის თეორიამდე, მათ შორისაა: გიორგი ერისთავის, ზურაბ ანტონოვის, დავით ერისთავის, დავით კლდიაშვილის, შალვა დადიანის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვ. პიესები, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გურამ რჩეულიშვილის და სხვ. დრამატურგიული პროზის ნიმუშები.
წიგნის ავტორის აზრით, ტექსტების წაკითხვების/ინტერპრეტაციების მრავალფეროვნება საშუალებას მოგვცემს:
- კვლევის საერთო მეთოდოლოგიის გამოყენებით, თანაბარ სიბრტყეზე განვათავსოთ სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურულ კონტექსტში შექმნილი დრამატურგიული და ლიტერატურული ტექსტები;
- დავძლიოთ ნაციონალური საზღვრები და გავამთლიანოთ ტექსტები კონკრეტული დრამატული ჟანრების ქუდქვეშ;
- შევქმნათ კულტურათაშორისი დიალოგისათვის ხელსაყრელი გარემო;
- დავასაბუთოთ, რომ ქართული დრამატურგია და დრამატურგიული პროზა ევროპული დისკურსის ნაწილი და აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია.
- ნაშრომი, ავტორის სხვა მონოგრაფიების მსგავსად, ინტერდისციპლინური ხასიათისაა და გამოირჩევა თეორიული სიახლეებითა და ინტერტექსტუალური წიაღსვლებით.
წიგნი მხატვრულად გააფორმა ბესიკ დანელიამ; ფოტომასალა წიგნის ავტორს მიაწოდეს საქართველოს ხელოვნების სასახლემ, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“, თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა, აგრეთვე – კერძო პირებმა. წიგნი გამოსაცემად მოამზადა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის საგამომცემლო გუნდმა (რედაქტორები: პროფ. მაკა ელბაქიძე, პროფ. გაგა ლომიძე; რეცენზენტი: ფ.დ. თამარ ციციშვილი).
წიგნი გაიყიდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.
