იუსტიციის სამინიტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორი პროექტი
28 ნოემბერს თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 2 პროექტი წარადგინა. ორივე კვლევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის (,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“) ფარგლებში დაფინანსდა.
კვლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების
სამართლებრივი ბუნების დასადგენად
ერთ-ერთი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც ღონისძიებაზე შედგა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენას ეხებოდა. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ირმა ხარშილაძე ამ კვლევას 9 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა (გუნდის წევრები: პაატა ტურავა და კობა ყალიჩავა). უკვე დაბეჭდილ დასკვნით დოკუმენტში კვლევის მთავარი მიგნებებია თავმოყრილი, ასევე, შემოთავაზებულია რეკომენდაციები და პოტენციური ცვლილებები, რითაც შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თანამედროვე საჯარო მმართველობის გლობალურმა პოლიტიკამ არსებითად შეცვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების სპეციფიკა. ტრადიციული ფორმების გვერდით დღის წესრიგში დადგა ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამოყენების საკითხი.
აქ იჩენს თავს საკამათო საკითხი: წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად ხელშეკრულება მხოლოდ კერძო (სამოქალაქო) სამართლის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. თუმცა, რეფორმებმა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი ბაზის განვითარებამ ეს დოგმა შეცვალა. მეცნიერთა ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ ხელშეკრულება გახდა საერთოსამართლებრივი კატეგორია – ინსტიტუტი, რომელიც თავსებადია როგორც კერძო, ისე საჯარო სამართალთან.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა კვლევის ფარგლებში გააანალიზეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ისეთი სპეციფიკური ნიშნები, როგორებიცაა: კონსენსუალობა, მოქნილობა, სტაბილურობა და ჰიბრიდულობა (როცა დოკუმენტი ერთდროულად ორი სამართლებრივი რეჟიმით იბოჭება).
მკვლევართა დასკვნით, საბოლოოდ დადგინდა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება საქმიანობის სამართლებრივი ფორმაა, სადაც ადმინისტრაციული ორგანო შედის ურთიერთობაში, როგორც ნებისმიერი კერძო პირი, თუმცა გარკვეული თავისებურებებით. მასზე ვრცელდება სამოქალაქო სამართლებრივი რეგულაციები (მაგალითად, ორგანო ვერ ისარგებლებს აღსრულების საჯარო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით), მაგრამ, ამავდროულად, ის შებოჭილია საჯაროსამართლებრივი ვალდებულებებით, უპირველეს ყოვლისა – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
კვლევამ გამოკვეთა მნიშვნელოვანი ზღვარიც: ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამოყენების არეალი სრულდება იქ, სადაც ურთიერთობის მიზანი მხარეთა საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვაა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს არა ხელშეკრულებასთან, არამედ ორმხრივი ნების გამოვლენაზე დაფუძნებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან.
ადმინისტრაციული წარმოების პრაქტიკის კვლევა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების გადატვირთულობის პრობლემის ჭრილში
საგრანტო პროგრამის მეორე პროექტი, რომელიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, პაატა ტურავას ხელმძღვანელობით შექმნილმა ჯგუფმა განახორციელა, ადმინისტრაციული წარმოების პრაქტიკასა და მართლმსაჯულების გადატვირთულობის პრობლემას შეეხო (მკვლევართა ჯგუფის წევრი ექსპერტები: მარიკა ხვადაგიანი, გვანცა ვარამაშვილი).
ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებასა და სასამართლო სისტემის განტვირთვას ისახავს მიზნად.
პროფესორი პაატა ტურავა განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლო დავების სიმრავლეს თავად ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული არასრულყოფილი გადაწყვეტილებები იწვევს.
„ჩვენი მიზანი იყო – კვლევის საფუძველზე შეგვემუშავებინა გზები მართლმსაჯულების განტვირთვისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვყავით პრობლემური საკითხები და შევთავაზეთ პრაქტიკული რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თანამედროვე მიდგომებზე, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მუშაობას შეუმსუბუქებს. პროცესების გამჭვირვალობა და მოქალაქის მეტი ჩართულობა წარმოების პროცესში პირდაპირ აუმჯობესებს ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში სასამართლოში წასული დავების რაოდენობას შეამცირებს“, – აღნიშნავს პაატა ტურავა.
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თავად სასამართლოს როლსაც. პრობლემად სახელდება პრაქტიკა, როდესაც სასამართლო საქმეს უკან უბრუნებს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა არ აძლევს კონკრეტულ მითითებას ხარვეზის გამოსწორებაზე.
„როდესაც სასამართლოში დავა მიდის და მოსამართლე ხედავს, რომ ორგანომ თავისი როლი სრულყოფილად ვერ შეასრულა, საქმის უკან დაბრუნებისას მან უნდა მისცეს კონკრეტული რეკომენდაციები და მითითებები, თუ რა უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი პრაქტიკით, ხშირად საქმე ბრუნდება უკან კონკრეტული ინსტრუქციის გარეშე, რაც იწვევს მეორედ და მესამედ დავის განხილვას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სასამართლომ მიუთითოს ადმინისტრაციულ ორგანოს – რა აქვს გასაკეთებელი, რათა საქმემ წრეზე არ იტრიალოს“, – აცხადებს პროფესორი.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კვლევის მიგნებებს ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები თავიანთ სამაგისტრო ნაშრომებში აქტიურად გამოიყენებენ და ამ საკითხების შესწავლას მომავალშიც გააგრძელებენ.
