კვლევის – „ირლანდიური ლიტერატურის თარგმნა და კვლევა საქართველოში“ – შედეგები ესპანეთში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს
სექტემბრის ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ მკვლევართა ჯგუფი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა გელაშვილის ხელმძღვანელობით, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თავიანთი კვლევის შუალედური შედეგებით წარსდგა. „ირლანდიური ლიტერატურის თარგმნა და კვლევა საქართველოში“, – ამ სახელწოდებით ჩატარებული ფუნდამენტური კვლევის შედეგები ქართველმა მეცნიერებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
მანანა გელაშვილის თქმით, საქართველოში ირლანდიური ლიტერატურის თარგმნას დიდი ხნის ისტორია აქვს და პირველი თარგმანები ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. „საფრანგეთსა და შვეიცარიაში განათლებამიღებული ნიკო ნიკოლაძე კარგად აცნობიერებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისეთი პერიოდული გამოცემის არსებობა, რომელიც ეროვნულ სულს გამოაცოცხლებდა, მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე oდგა. უცხოელი მწერლების საუკეთესო ნამუშევრების თარგმნა კი ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენდა. ნიკო ნიკოლაძემ ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა’’ თარგმნა, ხოლო ილია ჭავჭავაძემ – ირლანდიის თავისუფლების ერთ-ერთი პირველი მგოსნის თომას მურის ლექსები. სვიფტის მძაფრი სატირა მთავრობებზე და პოლიტიკაზე და მურის მგზნებარე პატრიოტიზმი, როგორც ჩანს, კარგად ერგებოდა ქართველ ინტელექტუალთა მიზანს – ქართველებში ეროვნული და ლიბერალური იდეალები გაეღვივებინათ. უდავოა, რომ ირლანდიის მძიმე ისტორია, მათი თავდადებული წინააღმდეგობა, გამძლეობა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების სურვილი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ქართველი მწერლებისთვის. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია შედარებით პატარა ქვეყანაა, მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში.
ქართულად თარგმნილი წიგნების რაოდენობა და ირლანდიელი მწერლების ნაშრომებზე დაწერილი ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები ქართველებისა და ირლანდიელების საერთო ღირებულებებსა თუ მსოფლემხედველობაზე მიგვანიშნებს. აღსანიშნავია, ასევე, რომ ჯონ მილინგტონ სინგი იყო პირველი ირლანდიელი დრამატურგი, რომლის პიესა ,,გმირი’’ გასული საუკუნის 20-იან წლებში ცნობილმა ქართველმა თეატრალურმა რეჟისორმა და საქართველოში პირველი პროფესიული თეატრის დამფუძნებელმა კოტე მარჯანიშვილმა ათარგმნინა და დადგა. სინგს მალევე მოჰყვნენ რიჩარდ შერიდანის, ოსკარ უაილდის, ბერნარდ შოსა და სამუელ ბეკეტის თარგმანები თუ დადგმები. ეს პიესები კარგად შეესაბამება საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ ახალი დემოკრატიული განვითარების მოლოდინით სავსე ადამიანების იმედგაცრუებას“, – ამბობს მანანა გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, თარგმანებთან შედარებით, ირლანდიური ლიტერატურის მეცნიერულ კვლევას ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ხანმოკლე ისტორია აქვს და დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაარსებასთან. ამ ფაკულტეტმა დაარსებიდან (მე-20 საუკუნის შუა ხანებში) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ დასავლეთ ევროპული ენებიდან მთარგმნელების, ასევე საქართველოში ლიტერატურული კრიტიკოსების/მკვლევრების აღზრდაში. ფაკულტეტის შექმნის შემდეგ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, დაიწერა მრავალი სამეცნიერო სტატია და წიგნი ისეთ ირლანდიელ ავტორებზე, როგორებიცაა: ჯეიმზ ჯოისი (რომლის შესახებაც, შექსპირის შემდეგ, ყველაზე მეტი ითარგმნა და ყველაზე მეტად არის შესწავლილი საქართველოში), სამუელ ბეკეტი, ჯონათან სვიფტი, აირის მერდოკი, უილიამ ბატლერ იეიტსი და მრავალი სხვა. ამასთანავე ამ პერიოდში შემნილი თარგმანები (ჯეიმზ ჯოისი, ლორენს სტერნი, ჯონათან სვიფტი და ა.შ.) გამოირჩევა იმით, რომ მეცნიერულ კვლევებს ემყარება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ესპანეთში გამართულ კონფერენციაზე ქართველ მკვლევართა 3 სრულიად განსხვავებული მოხსენება იქნა წარდგენილი. პროფესორ მანანა გელაშვილის მოხსენება პოეზიისა და პოლიტიკის ანალიზს შეეხებოდა. „საინტერესოა ის ფაქტი, რომ ირლანდიელების მეცხრე პრეზიდენტი ამავე დროს პოეტი იყო, მისი ლექსები გამოქვეყნებულია და ქართულადაც არის ნათარგმნი, რომელიც შეტანილია კრებულში – „ირლანდიური პოეზია“. მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი პრეზიდენტიც – ზვიად გამსახურდია – ასევე მთარგმნელი, პოეტი და ლიტერატორი იყო. სწორედ მან დაიწყო კვლევა ირლანდიური ლიტერატურისა, კერძოდ, ირლანდიური საგების. ჩვეულებრივ, ითარგმნება და გამოკვლევის საგანი ხდება ის, რაც, მეტ-ნაკლებად, ახლოსაა ქვეყნის პრობლემებთან“, – ამბობს მანანა გელაშვილი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მეორე მოხსენება, რომელიც თამარ გელაშვილმა კონფერენციაზე წარადგინა, ირლანდიურ დრამას შეეხებოდა. ,,ირლანდიური დრამა პოლიტიზირებულია, რადგან ირლანდიას აქვს დაახლოებით ისეთივე პრობლემები, როგორიც აქვს საქართველოს, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ არა მხოლოდ ლიტერატურასა და პოლიტიკას შორის ურთიერთობას, არამედ, პოლიტიკური დისკურსის ცვლილებას ირლანდიაში (მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დროიდან). ეს კი საშუალებას იძლევა გამოჩნდეს ის ცვლილებები ჟანრის პოლიტიკაში, რომელიც ადრეული პოსტმოდერნიდან მეტაპოსტმოდერნულ დრამამდე მოხდა“, – აღნიშნავს მეცნიერი.
მესამე მკვლევრის, ლიზი ძაგნიძის, მოხსენება მიგრაციასა და და იდენტობის პრობლემას იკვლევს თანამედროვე ირლანდიელი მწერლის კოლბ ტოიბინის ნაწარმოებებში. მანანა გელაშვილის აზრით, ეს პრობლემაც დღეს ძალიან აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის. „ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო გეგმებია… მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2027 წელს იგეგმება დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მკვლევრები და რომელზეც საუბარი იქნება ნათარგმნი ლიტერატურის კვლევის პრობლემებზე საქართველოში. საბოლოო ჯამში კი კვლევის შედეგები შეჯამდება ვრცელ მონოგრაფიაში, რომელსაც ვრცელი ინგლისური რეზიუმე ექნება“, – ამბობს მანანა გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
