ციფრული ვალუტის დანერგვის შესაბამისობა, შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები

თარიღი: 2025-02-20 16:52:37

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული  პროფესორი  ირინა გოგორიშვილი იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარებულ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარსდგა  შემდეგი მოხსენებით – „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვის მნიშვნელობა და შედეგები მცირე ღია ეკონომიკებში“. ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის  (Business Systems Laboratory)  მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა სახელწოდებით  –  „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?“   მომხსენებელი განიხილავდა ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტების დანერგვის საკითხებსა და ციფრული ვალუტების გამოშვების პერსპექტივებსა თუ  შესაძლებლობებს, რომლებიც ჩნდება საბითუმო და საცალო გადახდებისთვის ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყნებში.   ნაშრომი ხაზს უსვამს ამ ფინანსურ ინოვაციასთან დაკავშირებულ სარგებელსა და რისკს და აფასებს CBDC-ის განხორციელების პერსპექტივებს. ბოლო წლებში ადამიანის საქმიანობის მოდერნიზებამ საზოგადოების ყველა სფეროში ციფრიზაციის დანერგვით გარდაქმნა გაუკონტროლებელი კაპიტალის მოძრაობისა და გადახდების ბაზარი. ეს ცვლის მომხმარებელთა მოთხოვნის, მოხმარებისა და, ზოგადად, მოსახლეობის ქცევის ნიმუშებს.

მთელ მსოფლიოში იზრდება უნაღდო გადახდის საშუალებების გამოყენება. ბიზნესის განვითარებისა და სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოსახლეობას გაცილებით ნაკლები ფიგიტალური ფული სჭირდება. მსოფლიოს ეკონომიკის ციფრიზაცია სწრაფი ტემპით ვითარდება.

დამკვიდრებულ ტოკენებში ინვესტირება, როგორიცაა ბიტკოინი და Ethereum-ისა და Solana-ს კრიპტოვალუტის ეკოსისტემები, რომლებსაც აქვთ საკუთარი უპირატესობები ინვესტორების მოსაზიდად, ასევე მზარდი კონკურენციის წინაშე დგას. მეტასამყაროების გაჩენა და 3 და 4D მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების სურვილი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროებში იწვევს შეშფოთებას დეცენტრალიზებული ფინანსების პოტენციალისა და ნაღდი ფულის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშნება ისეთი მემეკოინების გამოჩენის  მზარდი ტენდენცია, როგორიცაა Dogecoin (DOGE) და Shiba Inu (SHIB), რომლებიც არ იძლევა რაიმე სასარგებლო ან ღირებულ მნიშვნელობას, მაგრამ უბრალოდ ასოცირდება ხუმრობებთან და პოპულარულ მემებთან.

როგორც სტატიის ავტორმა განაცხადა:  „მოხსენების   მიზანია განისაზღვროს მცირე ღია ეკონომიკაში ციფრული ვალუტის დანერგვის შესაბამისობა, შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტების (CBDC-ის) სიახლე, გამოშვების შემთხვევაში, იქნება ეკონომიკური აგენტებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) ცენტრალური ბანკის ელექტრონულ ფულზე წვდომის უზრუნველყოფა. ეს გარკვეულ რისკებს უქმნის ფინანსური სისტემის ტრადიციულ სტრუქტურას და, კერძოდ, ორსაფეხურიან საბანკო სისტემას. ამავდროულად, CBDC-ებს აქვს კარგი პოტენციალი – გახდეს ახალი ეფექტური ინსტრუმენტი მონეტარული მმართველობის ხელში რეალურ ეკონომიკაზე გავლენის მოხდენისთვის საპროცენტო განაკვეთებისა და მონეტარული ტრანსმისსიის არხების მეშვეობით. ამავდროულად, CBDC განვითარების პოტენციური მამოძრავებელი ძალა მსგავსია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში“, -აღნიშნა  ასოცირებულმა პროფესორმა ირინა გოგორიშვილმა, რომელმაც მოხსენებაში ციფრული ვალუტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ ციფრულ ვალუტას განვიხილავთ, როგორც გადახდის (ტრანზაქციის) გაუმჯობესების ინსტრუმენტს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული ვალუტა არის კონტროლის ფორმა. თუმცა, ეს გულისხმობს არა მხოლოდ ციფრული პროცესების სისტემატიურ ანალიზს გადახდის ტრანზაქციებში, არამედ მომხმარებლების კონტროლსაც ბანკების, სახელმწიფოსა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ. ამრიგად, ვინაიდან ყველა ფინანსური ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია შეინახება ერთ ციფრულ რეესტრში, შესაძლებელი იქნება პასუხის მიღება კითხვებზე: „რამდენი გადაირიცხა“, „სად გადაირიცხა“ და „რა მიზნებისთვის“.

Facebook
Twitter
LinkedIn