ირინა აქუბარდიას ახალი წიგნი – ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი“ – გამოიცა

თარიღი: 2025-05-02 17:13:44

გამოიცა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ირინა აქუბარდიას წიგნი – ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი“ (გამოწვევები და ტენდენციები). ნაშრომის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი მაია ივანიძე.

საზღვარგარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ათასწლოვანი ისტორია გააჩნია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი საკმარისად შესწავლილი არ არის. მიუხედავად არაერთი კვლევისა, ქართულენოვანი ლიტერატურა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია. ირინა აქუბარდიას წიგნი წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელის საფუძვლიანი შესწავლის მცდელობას.

წიგნში გადმოცემულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი, განსჯადობა, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, სასჯელის დანიშვნა და გასაჩივრება, სამართლიანი სასამართლოს თანაფარდობა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან; გამოკვლეულია ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობის გარანტიები და ის საფრთხეები, რამაც შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს; გაანალიზებულია სასამართლო პრაქტიკა; ასევე, განხილულია ,,ნულიფიკაციის“ პრობლემა და ნაფიც მსაჯულთა ,,უუნარობა“, მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ ცნობიერების ამაღლების, საზოგადოების ნდობის გაზრდის საკითხები, მოქმედი რეგულაციების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან,  გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსის უკეთ გაგების მიზნით, წიგნში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი განხილულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ჭრილში, არამედ ამერიკისა და სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოს კანონმდებლობასთან პარალელების გავლების გზით.

,,ნაშრომის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებასთან მიმართებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება ამ ინსტიტუტის განვითარებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად, გამოკვლევა იმისა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას და დაიხვეწოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებული მოდელი მისი ძირითადი სტრუქტურის შეცვლის გარეშე.

ნაშრომის ერთ-ერთი მიზანი, ასევე, გახლავთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებისათვის დახმარების გაწევა, რათა მოქალაქეებმა გაიაზრონ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა თითოეულ მათგანს დაეკისროს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულების სახით“, – აღნიშნავს წიგნის ავტორი.

ცნობისთვის: როდესაც მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების იდეის პარალელურად გაჩნდა მოსაზრება, რომ ,,ქართული საზოგადოება არ არის მზად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის და რომ არ გააჩნია ასეთი სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტრადიცია“. ამის მიუხედავად, 2004 წელს ჯერ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, შემდეგ 2009 წლის ახალმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა დეტალურად მოაწესრიგა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცედურები. 2010 წლიდან საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც ამოქმედდა.

როგორც წიგნშია მითითებული, ავტორი ასკვნის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, მისი განვითარებისა და გაძლიერებისათვის აუცილებელია დახვეწილი კანონმდებლობის არსებობა, მხარეთა მომზადების მაღალი დონე, მოქალაქეთა სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.

წიგნი – ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი“ – განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პრაქტიკოსი მუშაკებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn