ირაკლი სამადალაშვილი ახალი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს შემოგვთავაზებს
15 აპრილს თსუ-ში გაიმართა იასის პეტრე ანდრეის (რუმინეთი) უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალის POLIS-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია. გამოცემა მთლიანად საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიას, კულტურასა და მეცნიერებას ეძღვნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მზარდ საერთაშორისო აკადემიურ ინტერესს ქვეყნის მიმართ. აღნიშნული ნომერი ხელმისაწვდომია ონლაინ და აერთიანებს პოლიტიკის, საზოგადოებისა და ინსტიტუციური განვითარების სხვადასხვა ასპექტზე მომუშავე მეცნიერებს.
ჟურნალის ავტორებს შორის არიან თსუ-ს პროფესორები და მკვლევრები, რომელთა ნაშრომები რუმინულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის მრავალფეროვან ტრადიციებს აცნობს. მათ შორისაა სამეცნიერო სტატია ახალგაზრდა მეცნიერის, ირაკლი სამადალაშვილის თანაავტორობით, რომელიც ეხება ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების როლს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი სამადალაშვილის აკადემიური საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული პუბლიკაციით. იგი ასევე ახორციელებს უფრო მასშტაბურ კვლევით პროექტს, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული დოქტორანტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში (გრანტი № PHDF-25-938). კვლევის თემაა „ახალგაზრდული პოლიტიკის გავლენის შეფასება თანამედროვე მმართველობასა და სახელმწიფოს მოწყობაზე“.
სამ ეტაპიანი კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის, სიღრმისეულ ანალიზს. იგი შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში მმართველობის ხარისხზე, ინსტიტუციურ მდგრადობასა და სახელმწიფოს გრძელვადიან განვითარებაზე.
პროექტი ემსახურება ფართო და ამბიციურ იდეებს – დემოკრატიული მონაწილეობის გაძლიერებას, ინკლუზიური მმართველობის ფორმირებას და ახალი თაობის როლის გააზრებას სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში. კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც აკადემიურ დისკურსში, ისე პრაქტიკული პოლიტიკის დაგეგმვაში.
ჟურნალ POLIS-ის სპეციალური ნომრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც აკადემიური, ისე დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ელჩი რუმინეთში და ჟურნალ POLIS-ის მთავარი რედაქტორი. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას.
