იურისტის სიტყვა

თარიღი: 2023-05-25 19:15:51

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის პირველკურსელი ირაკლი ლეონიძე ამავე ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულია.

2022 წლის 20 ივლისს იურიდიული ფაკულტეტის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ირაკლი სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულად დაასახელეს.

მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ერთ-ერთ აქტუალურ თემას – სტაჟირების სამართლებრივ ბუნებას და შრომითი/გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულებებისგან გამიჯვნის მაკვალიფიცირებელ მახასიათებლებს. როგორც ირაკლი ამბობს: ,,კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის შემუშავებისას სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული სტაჟირების ბუნება, რის გამოც სტაჟიორი დასაქმებულზე „სუსტი მხარის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა“.

ირაკლიმ ნაშრომის წარმატებით დაცვის შემდეგ კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადაწყვიტა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჟურნალ „მართლმსაჯულება და კანონის“ ზაფხულის ნომერში მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ირაკლის სტატიას სტაჟირების სამართლებრივი ბუნებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის სრულყოფის საჭიროებაზე. ასევე, იგი აპირებს გააკეთოს მოხსენება თემაზე:  „სტაჟირების მნიშვნელობა სტუდენტების დასაქმებისა და პროფესიული წინსვლის ხელმისაწვდომობისთვის“ – თსუ-ს ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის – XII საერთაშორისო სტუდენტური  კონფერენციის ფარგლებში.

,,მიღწეულ წარმატებას ყოველდღიურ შრომას და ძალისხმევას ვუკავშირებ, რამაც განსაზღვრა ჩემი გეგმები სადოქტორო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. ამავდროულად, დაინტერესებული ვარ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებით, რამაც განაპირობა მეორე პროფესიული არჩევანი და ამავე სახელწოდების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. 2019 წელს სტაჟირება დავიწყე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში: საორგანიზაციო, კვლევითი და სარედაქციო მიმართულებით, შემდგომში გავხდი მკვლევარი. ამავე დროს, მონაწილეობას ვიღებდი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა და ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სტაჟირების პროგრამებში. აქტიურად ვარ ჩართული იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალების ტექნიკურ და სარედაქციო საქმიანობაში. დღესდღეობით, დასაქმებული ვარ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2023 წლიდან – სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“  სერტიფიცირებული მედიატორი“, – ამბობს ირაკლი ლეონიძე.

სადოქტორო თემა

დოქტორანტი ამჯერად თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათია ჩიტაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს სადოქტორო თემაზე, რომელიც ეხება ანდერძის თავისუფლების ფარგლებს მემკვიდრეობით სამართალში. ირაკლი ქალბატონ ნათიას მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

როგორც დოქტორანტი განმარტავს – კვლევის მიზანია სამკვიდრო ქონების ანდერძით გადაცემის შესაძლებლობების სისტემური ანალიზი ქართულ სამართალში. შერჩეული თემა ეხება ანდერძის თავისუფლების მრავალასპექტიან საკითხებს: ანდერძის ფორმისა და შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას, უღირსი მემკვიდრის საკითხის განსხვავებას მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევასა და უღირს მემკვიდრედ პირის მიჩნევას შორის, სავალდებულო წილის მიმართებას ანდერძის შინაარსთან, ანდერძის ბათილობის საკითხებს, დაუბადებელ ბავშვზე ანდერძით ქონების გადასვლას, კომლის საკუთრების ანდერძით გადაცემას, რთულ შემთხვევებს სასამართლო პრაქტიკაში და უფლების დაცვის საშუალებებს.

,,შევეცდები პასუხი გავცე შეკითხვას – თუ რა კავშირია კერძო ავტონომიასა და ანდერძის თავისუფლებას შორის? რამდენად ფართოა კერძო ავტონომიის ცნება და აქვს თუ არა ამ ორ მოვლენას ურთიერთმფარავი სამართლებრივი ბუნება? ვფიქრობ, აღნიშნული საკითხების გამოკვლევა ხელს შეუწყობს ანდერძით მემკვიდრეობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, პრობლემების გამოკვეთას, ეფექტური მეთოდების დასახვასა და იურიდიული ლიტერატურის გამდიდრებას“, – აღნიშნავს ირაკლი ლეონიძე.

2023 წელი  –  განსაკუთრებული სიახლეების წელი

სადოქტორო საფეხურზე სწავლის დაწყებასთან ერთად, ირაკლი ლეონიძემ გადაწყვიტა – სათანადო დრო დაუთმოს საკომლო საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში“ თანაავტორობით გამოქვეყნებული სტატია კომლის საკუთრების საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორების მნიშვნელობას ეხება, ხოლო ჟურნალ „მართლმსაჯულება და კანონში“ – კომლის შემადგენლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მემკვიდრეობით მიღების პრობლემაზე გავამახვილე ყურადღება. ამავდროულად, დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციებისთვის ვმუშაობ შემდეგ თემებზე: კომლის მემკვიდრის სტატუსი და სახეები; მიწის საკუთრების სოციალური სისტემის ცვლილება და მოქალაქეთა ინფორმირებულობის მნიშვნელობა; დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა საკომლო ქონების კერძო საკუთრებად გარდაქმნის მაგალითზე“, – გვიხსნის ირაკლი და უდიდეს მადლიერებას გამოხატავს მისი ფაკულტეტის მიმართ, რომელმაც მას, სწავლის პარალელურად, დასაქმებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა მისცა.

,,მიღებული განათლება, ურთიერთობა და მხარდაჭერა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ცოდნისა და რესურსის გამოყენებას შევძლებ სამეცნიერო და აკადემიურ სფეროში“, – ამბობს ირაკლი.

ბლიცინტერვიუ

  • რატომ აირჩიე ეს პროფესია?
  • ვფიქრობდი, თუ რა კავშირი შეიძლება ყოფილიყო სამართალსა და სამართლიანობას შორის, რა შეიძლება გამეკეთებინა მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, ამიტომ, გადავწყვიტე ეს პროფესია სიღრმისეულად შემესწავლა.
  • წარმატების ხიბლი რა არის?
  • წარმატება სამომავლო გეგმების დასახვისა და განხორციელების შთაგონებაა, რომლის ხიბლი მისი გაზიარების გულწრფელ სიხარულშია.
  • რა არჩევანს გააკეთებდი ასეთი მოცემულობისასმაღალანაზღაურებადი თანამდებობა ან საინტერესო სამსახური, სადაც მაღალი ანაზღაურება შეიძლება არ იყოს
  • ცალსახად რთულია პასუხის გაცემა. ვფიქრობ, არჩევანის თავისუფლებასთან ერთად ეს საკითხი მიზნისკენ პიროვნულ სწრაფვასა და ღირსეულ ანაზღაურებას  უკავშირდება, რომლის გარეშე პროფესია მხოლოდ ილუზიაა.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უმთავრესად, ეს არის ღირებული პროფესიული განათლება. უნივერსიტეტში სწავლის წლებმა გამორჩეული მეგობრები, ურთიერთობები, საუკეთესო ლექტორები და პროფესიისადმი სიყვარული შემძინა. მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და აქ გატარებული თითოეული წამი. 
  • რა რჩევას გაუზიარებდი სტუდენტებს?
  • სტუდენტებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს – არ დაინანონ შრომა, ნუ შეუშინდებიან სირთულეებს, იბრძოლონ საკუთარი წარმატებისა და უკეთესი მომავლისათვის.
Facebook
Twitter
LinkedIn