ქართული ლიტერატურის კვლევის ახალი ეტაპი ციფრული  ჰუმანიტარიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით

თარიღი: 2026-03-27 20:22:55

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური პროექტების კონკურსში თსუ-ს ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა ორმა პროექტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა პროექტი „ქართული ლიტერატურის მოდელირება – ონტოლოგია, მაინინგი და ცოდნის გრაფები მე-19/მე-20 საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორიის რეკონსტრუქციისთვის”. პროექტის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტში არსებული ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვედელიძე.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის/ქართული ლიტერატურის ისტორიის კვლევის ახალი ეტაპის განვითარებას ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ლიტერატურის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციასა და ხილვადობას, გაამდიდრებს კვლევით რესურსებს და შექმნის ინოვაციურ ციფრულ ინფრასტრუქტურას მომავალი კვლევებისთვის. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაინერგება ქართული ლიტერატურის დიგიტალიზების, კომპიუტერული ანალიზისთვის ლიტერატურული მონაცემების შექმნისა და ქართული ლიტერატურის სემანტიკურ ვებში განთავსების თანამედროვე სტანდარტები.

პროექტს განახორციელებს ოთხწევრიანი კვლევითი ჯგუფი: ირაკლი ხვედელიძე (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედი ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი); მანანა ხაჩიძე (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი),  მაია არჩუაძე (თსუ-ს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი);  ცირა კილანავა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორი).

პროექტის განხორციელებაში ჯგუფს კონსულტირებას გაუწევენ ციფრული ჰუმანიტარიის პროფესორები გერმანიის სამი უნივერსიტეტიდან – ტრიერის, პოტსდამისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტებიდან. დიგიტალიზაციის პროცესში ჩართული იქნება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს მე-19/მე-20 საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორიის კომპიუტერულ ანალიზს. პროექტის ფარგლებში მომზადდება ქართული რომანისა და დრამის კორპუსები, რომლებიც გახდება ევროპის მულტილინგვური ინიციატივების – European Literary Text Collection (ELTeC)-ისა და DraCor – Open Infrastructure for Drama Analysis-ის – ნაწილი. „ლიტერატურული ტექსტებიდან ამოღებული, ლიტერატურის ისტორიისთვის რელევანტური მონაცემები დამუშავდება და გაანალიზდება ციფრული ჰუმანიტარიის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მიღებული მონაცემები ორგანიზდება ცოდნის გრაფების სახით, შეიქმნება შესაბამისი მონაცემთა ბაზა და გამოქვეყნდება ღია დაკავშირებული მონაცემების (Linked Open Data) საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი ხვედელიძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn