ირაკლი იმედაძის საახალწლო იმედები

თარიღი: 2025-12-11 14:40:30

საახალწლო განწყობას ხშირად ჩვენი სამომავლო იმედების გამართლებისადმი ოპტიმისტური მიდგომა ქმნის, როცა სასწაულთან ერთად გვჯერა რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის. ამ განწყობას, პირველ რიგში, ახალი წლისათვის დამახასიათებელი მორთულობა, აღკაზმულობა თუ ტრადიციული რიტუალები გვიქმნის და სიკეთის მოლოდინი გვიმძაფრდება. როცა ფსიქოლოგებს ვეკითხებით – როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა, ამ თემაზე ისინი სხვადასხვა რეკომენდაციას გვაძლევენ, მაგრამ მთავარი მომავლის იმედის შეგრძნებაა. სწორედ ამ მთავარ შეგრძნებაზე ვკონცენტრირდებით და შემოგთავაზებთ იმ ადამიანის საახალწლო სურვილების ფორმირების მაგალითს, რომელსაც ოპტიმიზმი ასაზრდოებს. თსუ-ს პროფესორი, აკადემიკოსი, ფსიქოლოგი ირაკლი იმედაძე თავის იმედებს პროფესიულ სურვილებზე ,,ამყნობს“  და 2026  წლის შემობრძანების მოლოდინით ახალი წლის ზეიმს უერთდება.

                                                                                   …

ირაკლი იმედაძე:

– საახალწლო დღესასწაულის ხიბლი უპირატესად დამდეგ წელთან დაკავშირებულ იმედებშია. მეც დიდი იმედებით  ვხვდები ახალ წელს, ჩემი გვარის კაცი აბა სხვანაირად როგორ იქნება…

იმედი დადებითად შეფერილი ემოციონალური მდგომარეობაა, რომელიც აღმოცენდება სასიკეთო მოლოდინთან ერთად და წინ უსწრებს მიზნების რეალიზაციას. მოლოდინი კი განწყობისეული ფენომენია. ამდენად, იმედი განწყობის მოქმედების გამოვლინებაა. ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში ჩემი ხანგრძლივი საქმიანობის  ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ დიდი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი უნზაძის მიერ შექმნილი განწყობის თეორიის დახვეწასა და შემდგომ განვითარებაზე იყო მიმართული. ახალ წელშიც იმ იმედით შევდივარ, რომ დავასრულებ განწყობის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიაზე დიდ მონოგრაფიას, რომელზეც კარგა ხანია ვმუშაობ. იმედი მაქვს, რომ მას თსუ გამოსცემს. ამ გეგმების რეალიზაცია ბევრად იქნება დამოკიდებული „ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრის“ გამართულ ფუნქციონირებაზე, რომელიც ხუთი წლის წინ გაიხსნა და რომელმაც უკვე სოლიდური სამეცნიერო პროდუქცია შექმნა. ამჟამად ეს არის ჩვენში ერთადერთი სამეცნიერო ერთეული, სადაც მიმდინარეობს ფსიქოლოგიის ამ მიმართულების განვითარება. ამასთან, ცენტრს აქვს გარკვეული ორგანიზაციული პრობლემები, რომლებიც, იმედია, დამდეგ წელში აღმოფხვრილი იქნება.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია ქართული სამეცნიერო კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომლის შემდგომი დამუშავების ამოცანა და პოპულარიზაცია, წესით, საქვეყნო საზრუნავი უნდა იყოს. ჩვენ კი ის ვერ მოგვიხერხებია აქამდე, რომ დავასრულოთ უზნაძის შრომების ტომების გამოცემა, პროექტი, რომლიც 65 წლის წინ დაიწყო… იმედია, რომ ახალ წელს გამოჩნდება ორგანიზაცია ან პირი, რომელიც ამ საშურ საქმეს გაგებით მოეკიდება…

აქამდე მეცნიერებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ მე ლექტორიც ვარ ნახევარ საუკუნოვანი სტაჟით და ძალიან მაღელვებს ყველაფერი, რაც განათლების სისტემასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ჩემი იმედები განათლების რეფორმის განხორციელებას უკავშირდება. ამ სისტემის რეფორმირება რომ საჭიროა, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. დამდეგი წელი გადამწყვეტი იქნება ამ მხრივ და მინდა ვისურვო –  ყველაფერმა  კარგად ჩაიაროს. ამ ხნის განმავლობაში ათზე მეტ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში მომიწია მუშაობა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ  ფსიქოლოგიის სწავლების საქმე ყველაზე კარგად თსუ-შია დაყენებული. არცაა გასაკვირი  –  ამის ორგანიზება ხომ ჯერ კიდევ თავად უზნაძემ განახორციელა. ასე რომ, თუ ხსენებული რეფორმის ფარგლებში მართლაც განხორციელდა პრინციპი: ერთი სპეციალობა – ერთი უნივერსიტეტი, იმედი მაქვს, რომ ფსიქოლოგიის დარგის ფლაგმანი თსუ იქნება.

აქვე ჩემი სპეციალობის პოზიციიდან  მინდა  გამოვთქვა  ორიოდე მოსაზრება. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გაცნობიერებული ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელობა სასკოლო განათლების სისტემაში. გაუგებარია, რითი უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ჩვენს სკოლაში  ფსიქოლოგია,  ფაქტობრივად, არ ისწავლება. სასკოლო განათლების კონცეფცია არ ითვალისწინებს მოზარდი თაობისთვის ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემატურ მიცემას. გარდამავალი ასაკიდან მოყოლებული ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ გაერკვნენ – რა ხდება საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროში, როგორ უნდა აიხსნას ფსიქიკური ცხოვრების ესა თუ ის ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი გამოვლინება. ბავშვები ამ კითხვებზე პასუხს სახემძღვანელოებში ვერ პოულობენ და ამიტომ სხვა წყაროებს მიმართავენ. ხშირად ეს ხდება სხვადასხვა ცრურწმენებისა და არამეცნიერული ინსინუაციების სათავე. არცთუ იშვიათად, ფსიქიკაზე მეცნიერული ცოდნის ადგილს თეოლოგიური შეხედულებანი იკავებენ. შედეგად, სტუდენტები ხშირად აღქმის ნაცვლად აღთქმას ამბობენ და ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასეთი ვითარების მიუღებლობა ძალიან კარგად ესმით თავად ეკლესიის მესვეურთ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებში, ქადაგებებსა თუ მოხსენებებში მრავალჯერ არის მითითებული ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე და მისი სკოლაში სწავლების შემოღების აუცილებლობაზე. მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგიის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს მაღალ კლასებში და ძირითადი საგნის სატატუსი ჰქონდეს.

კიდევ ერთი საკითხი პრაქტიკულ ფსიქოლოგიას ეხება. ქართული სკოლა, ფაქტობრივად, დარჩენილია სკოლის ფსიქოლოგის გარეშე. კულტურული ქვეყნისთვის ასეთი რამ დაუშვებელია. აუცილებელია სრულყოფილი სასკოლო ფსიქოლოგიური სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება. მთელი ამ სისტემის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით რიგი თეორიული, მეთოდური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას მოითხოვს. არსებობს ამ სისტემის ორგანიზების გეგმის მონახაზი, აგრეთვე სკოლის ფსიქოლოგის სამუშაოს აღწერილობა. ჯერი საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. იმედს ვიტოვებ, რომ დამდეგ წელს ამ საკითხებსაც მიექცევა სათანადო ყურადღება.

დასასრულს ისევ იმედის ფენომენს დავუბრუნდები. როგორც ამჟამად ძალზე პოპულარული ე.წ. „პოზიტიური ფსიქოლოგიის“ სპეციალისტები ამტკიცებენ, იმედი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფსიქიკური მოვლენაა. კვლევები აჩვენებს, რომ იმედის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს აქვთ ცხოვრებით კმაყოფილების უფრო მაღალი დონე, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ. უკეთესი მომავლის იმედი ოპტიმიზმია, რომელიც გვეხმარება სირთულეების გადალახვაში. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, თანამემემამულენო!

Facebook
Twitter
LinkedIn