სიმპოზიუმი, რომელიც ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75 წლისთავს მიეძღვნა

თარიღი: 2025-12-15 16:50:38

8-10 დეკემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რიგით მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს – „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ – უმასპინძლა,  რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75 წლისთავს მიეძღვნა. სიმპოზიუმზე თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა წაიკითხეს სამეცნიერო მოხსენებები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტუდენტების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

 „ირაკლი ფარჯიანი იყო ტრადიციების აღმდგენი და გამგრძელებელი. მისი თითოეული ნამუშევარი ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა  სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალზე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.

ირაკლი ფარჯიანის ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა და ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ, თსუ-ს პროფესორმა ვლადიმერ ასათიანმა, თინათინ ბოლქვაძემ, ირინა კოშორიძემ,  მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა და სხვებმა.

 „ირაკლი ფარჯიანის  თაობამ სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ სახვით ხელოვნებაში, თითოეული მათგანი ჩამოყალიბებული ხელოვანი იყო და ის პიროვნებები იყვნენ, რომლებზეც ჩვენ სწორებას ვაკეთებდით. ირაკლი ფარჯიანი იყო ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ხელოვანი, ერუდირებული და დიდი ინტელექტუალი, მისი მთელი შემოქმედება ტრადიციებს ეფუძნებოდა და, ამავდროულად, მისი შემოქმედება იყო ერთგვარი გარღვევა იმ გარდატეხის ეპოქაში… დიდ ადამიანებს ახასიათებთ, რომ მეტეორივით გაიელვებენ და ქრებიან, მაგრამ ძალიან დიდ კვალს ტოვებენ შთამომავლობაზე“, – აღნიშნა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კოშორიძემ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა  ეკატერინე ნავროზაშვილმა აღნიშნა: „შარშან გამართული  პირველი სიმპოზიუმი ცნობილი ქართველი მხატვრის  დავით კაკაბაძის სხოვნას მიეძღვნა. ძირითადად, სიმპოზიუმის დაარსების იდეა გახლდათ ის, რომ წინ წამოიწიოს  ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის საქმიანობა და  უფრო მკვეთრად გამოიკვეთოს მისი პროფილი. ჩვენი ჩანაფიქრი თავიდანვე განისაზღვრა და  ყოველი მომდევნო სიმპოზიუმი მიეძღვნება   ქართველი მხატვრების ხსოვნასა და შემოქმედებას.

სიმპოზიუმისთვის  მზადების პროცესში  ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზუალური ხელოვნების მიმართულების  სტუდენტების ჩართულობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ წელს პირველად განვსაზღვრეთ და ჩამოვაყალიბეთ  სიმპოზიუმისა და გამოფენის  კონცეფცია. გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე ქვეყანაზე შეგვეჩერებინა ყურადღება. ამ პრინციპით სტუდენტთა გამოფენის სათაურად შევარჩიეთ ქვეყნები – აღმოსავლეთი და დასავლეთი.

 სიმპოზიუმი ინტერდისციპლინური და ინტერმედიალურია, შესაბამისად,  თემატურად მრაფალფეროვანი და განსხვავებულია. პირველი სხდომა მიეძღვნა  საფრანგეთს, მოხსენებების თემა იყო  მხატვრობა, ლიტერატურა, თარგმანი, კინო და თეატრი ინტერმედიალურ კონტექსტში მიმოხილული, მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც თსუ-ს,  ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმოს წამყვანი პროფესორები და მკვლევრები. სხდომის ბოლოს გაიმართა ნ. ხოფერიას დოკუმენტური ფილმის ,,ქოლგა ყველა ამინდში” ჩვენება.

სიმპოზიუმის მეორე სხდომა  ჩინეთს მიეძღვნა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ჩინეთის უნივერსიტეტის – კუანგტუნგის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხუალის კოლეჯის პროფესორი სალომე ციხისელი, ჩინეთში მოღვაწე საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი,  კულტურის ატაშე თინათინ შიშინაშვილი, თსუს-ს პროფესორები და დოქტორანტები. მოხსენებების თემატიკა მოიცავდა ჩინური სტუმარმასპინძლობის, მხატვრობის, პოეზიისა და ფერწერის, სიანის დიდი მეჩეთის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს.  მესამე სხდომამ წარმოაჩინა გერმანული ინტერმედიალური სივრცე,  გერმანელმა და ქართველმა გამომსვლელებმა წაიკითხეს მოხსენებები გერმანული ლიტერატურის, პოეზიისა და მუსიკის ურთიერთმიმართებების  შესახებ ქართულსა და გერმანულ კულტურასა და ხელოვნებაში.  აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და ამბების  მიუხედავად, სიმპოზიუმში ჩართულები იყვნენ ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის  პროფესორები“, – აღნიშნა ეკატერინე ნავროზაშვილმა.

თსუ-ს მუზეუმის ფოიეში  სიმპოზიუმის მონაწილეები და სტუმრები ვიზუალური ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა ფერწერულ ნამუშევრებს გაეცვნენ.  „ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ  ახალგაზრდები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ასეთ ღონისძიებებში ჩართული – მომავალი მხატვრებისთვის აუცილებელი და საჭიროა თავიანთი შემოქმედება აქედანვე გააცნონ მნახველს. ძალიან სასიამოვნოა, რომ სტუდენტების მხრიდან არსებობს პასუხისმგებლობა და  ჯანსაღი დამოკიდებულება მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების მიმართ. ისინი არ ეძებენ იოლ გზას, ცდილობენ ჩამოყალიბდნენ როგორც ნამდვილი ხელოვანები. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“,  – აღნიშნა ლევან სილაგაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn