ახალი სამეცნიერო ნაშრომი ქართული საკორპორაციო სამართლის პრაქტიკისთვის – ირაკლი ბურდულის მონოგრაფიის პრეზენტაცია

თარიღი: 2026-11-18 13:55:27

თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, პოლონეთის საპატიო დოქტორის, ირაკლი ბურდულის ახალი მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა. 11 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე აკადემიურმა საზოგადოებამ და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს ნაშრომზე, რომელიც ბიზნესპარტნიორებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტებსა და მათი გადაჭრის სამართლებრივ გზებს ეხება. უფრო კონკრეტულად, წიგნის თემატიკა მკაფიოდაა გამოკვეთილი მის სახელწოდებაში – „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის სტატუსის იძულებითი დაკარგვა და მისი იურიდიული შედეგი“.

ნაშრომში განხილული პრობლემატიკა პირდაპირ უკავშირდება ქართული ბიზნესგარემოს ყოველდღიურობას. საქართველოში კომპანიების 90%-ზე მეტი სწორედ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით მუშაობს. პარტნიორებს შორის დაწყებულმა მწვავე დავამ შესაძლოა მთლიანად კომპანიის არსებობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. 2022 წელს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის განახლების შემდეგ, ირაკლი ბურდულის მონოგრაფია პირველი ვრცელი ნაშრომია, რომელიც ახალ კანონმდებლობას სიღრმისეულად აანალიზებს. 

საგულისხმოა თავად წიგნის შექმნის ისტორიაც: პროფესორმა ირაკლი ბურდულმა მონოგრაფიაზე მუშაობა გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში (2025 წლის დეკემბერში) დაასრულა. როგორც ავტორი იხსენებს, კიოლნის უნივერსიტეტის შრომისა და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ იენს კოხის დახმარებით, მას წვდომა ჰქონდა ინსტიტუტის უმდიდრეს ბიბლიოთეკასა და საკორპორაციო სამართლის იმ ლიტერატურაზე, რომელიც ამ საკითხის სრულფასოვანი კვლევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებს – ქრისტიან ფონ კიოლნს, ანგელიკა ნუსბერგერს – სტიპენდიის მოპოვებაში დახმარებისთვის.

„ქართული ბიზნესკომპანიათა რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ საკმაოდ გავრცელებულია პარტნიორთა შორის იმგვარი სახის უთანხმოება, რომელსაც შედეგად შეიძლება თავად ბიზნესის დასამარება მოჰყვეს. ამიტომ ხშირია სასამართლო დავები „მოქიშპე“ პარტნიორთა შორის, რაც ერთ-ერთი მათგანის შპს-დან გარიცხვის მოთხოვნას უკავშირდება“, – აღნიშნავს ავტორი.

როგორ უნდა გადაწყდეს მსგავსი კრიზისი ისე, რომ კომპანია ბაზარზე გადარჩეს და არც პარტნიორის უფლებები შეილახოს? მონოგრაფიაში განხილულია კომპანიიდან პარტნიორის იძულებითი გასვლის ორი ძირითადი გზა:  

  • კადუცირება — როდესაც პარტნიორი არ ასრულებს კომპანიაში წილის (შენატანის) შეტანის ვალდებულებას;
  • პარტნიორის გარიცხვა — როდესაც პარტნიორის ქმედება სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო უქმნის საფრთხეს კომპანიის საერთო მიზნებსა და მუშაობას.

2022 წელს განხორციელებული საკორპორაციო სამართლის რეფორმის მესამე ტალღის შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთიანი პრაქტიკა ამ ახალ ნორმებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ავტორი მკითხველს ერთ კონკრეტულ ფაქტობრივ შემთხვევაზე აგებულ სამეცნიერო მსჯელობას სთავაზობს და შედარებითსამართლებრივი ანალიზის გზით (უპირატესად გერმანულ სამართალზე დაყრდნობით) ქართველ მოსამართლეებსა და პრაქტიკოს იურისტებს დავების გადაჭრის თეორიულ-პრაქტიკულ მოდელს აწვდის.

წიგნის გამოცემა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის წევრების – ასოცირებული პროფესორ დოქ. სერგი ჯორბენაძისა და აკაკი გაწერელიას იურიდიული კომპანიის –  შპს „ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს“-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Facebook
Twitter
LinkedIn