თსუ-ს პროფესორის კვლევა International Journal of Philosophy-ში გამოქვეყნდა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის კათედრის გამგის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის სტატია სამეცნიერო ჟურნალ International Journal of Philosophy-ში გამოქვეყნდა. ჟურნალი ცნობილ საერთაშორისო საგამომცემლო ჰოლდინგ Science Publishing Group-ს ეკუთვნის.
სტატიაში სახელწოდებით – “თანამედროვე კრიზისის განხილვები მხოლოდ და მხოლოდ ფენომენოლოგიის საზღვრებში” – ავტორი დასავლური ცივილიზაციის კრიზისის თანამედროვე მოდიფიკაციებზე მსჯელობს. იგი იყენებს ფენომენოლოგიურ მეთოდს – მიდგომას, რომელიც გვასწავლის, დროებით გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინასწარშექმნილი პოლიტიკური, სოციალური თუ ნაივური ყოველდღიური განწყობები და მოვლენებს სრულიად მიუკერძოებლად დავაკვირდეთ.
„მე არც უარვყოფ და არც ვამტკიცებ, კრიზისი ობიექტურად არსებობს თუ არა – ეს უკვე არაფენომენოლოგიური მიდგომა იქნებოდა. ჩემი კვლევის სფეროა ის, თუ როგორ აღიქვამენ, როგორ ისაზრისებენ და, სახელდობრ, აკონსტიტუირებენ კრიზისის ფენომენს სხვადასხვა ტიპის ცნობიერებანი. რეალობა ხომ ყოველთვის ცნობიერების მეშვეობით გვეძლევა, ის თავისთავად არასდროს არსებობს ჩვენთვის“, – განმარტავს ავტორი.
კვლევის ფოკუსში დღევანდელობის ორი დომინანტური – ლიბერალური და კონსერვატიული – ცნობიერებაა მოქცეული. ნაშრომი აჩვენებს, თუ როგორ ფორმდება და წარმოჩინდება ერთი და იგივე მოვლენა ამ ორ საპირისპირო პოლუსზე. როგორც ირაკლი ბათიაშვილი აღნიშნავს, ორივე პოლიტიკურად მოტივირებული ცნობიერება რადიკალურად განსხვავებულად ისაზრისებს და აფასებს მოცემულობას:
კონსერვატიული ცნობიერება საფრთხეს ხედავს მასობრივ მიგრაციასა და LGBT ფენომენში, ხოლო, ლიბერალური ცნობიერება, პირიქით, კრიზისს სრულიად საპირისპირო მოვლენებში – ანტი-მიგრაციულ თუ ანტი-LGBT დისკურსსა და პროპაგანდაში – აღიქვამს. საბოლოოდ კი ორივე ტიპის ცნობიერება დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და სამყაროს სწორედ თავისი პერსპექტივიდან უყურებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება – ე.წ. „მესამე ტიპის ცნობიერების“ იდენტიფიცირება. ეს არის იმ ტიპის ცნობიერება, რომელიც ნაკლებადაა პოლიტიზებული და არ იზიარებს რადიკალურ დამოკიდებულებებს.
„მესამე ტიპის ცნობიერება კრიზისს ისაზრისებს ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის არსებულ დაპირისპირებაში, რომელიც ჩაცხრობისკენ კი არ მიდის, არამედ მუდმივი ესკალაციისკენ, რადიკალიზაციისკენ. ეს ცნობიერება ხედავს საშიშროებას, რომ პოლარიზაციის ზრდასთან ერთად, ლიბერალურმა ცნობიერებამ შეძლება სულ უფრო წაიწიოს ნეობოლშევიკური პოლუსისაკენ, ხოლო კონსერვატიულმა – ფაშისტური და ნაცისტური პოლუსისაკენ. ეს კონფრონტაციას შეუქცევად ხასიათს აძლევს, და აი, სწორედ ამაში წარმოჩინდება კრიზისი მესამე ტიპის ცნობიერებისათვის“, – აღნიშნა პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა თსუ-ს გაზეთთან საუბარში.
უშუალოდ სტატიის გამოქვეყნების ისტორიას რაც შეეხება, საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ერთ-ერთი ნაშრომი ფენომენოლოგიურ პრობლემატიკაზე ჟურნალ “Phenomena”-ში გამოქვეყნდა, ამის შემდეგ კი ავტორს თავად დაუკავშირდნენ International Journal of Philosophy-დან თანამშრომლობის შეთავაზებით. სტატიის დაწერას დაახლოებით სამი თვე დასჭირდა, თუმცა შემდგომ საერთაშორისო პლატფორმაზე გამოცემის პროცესი მკაცრ და ხანგრძლივ რეცენზირებას მოიცავდა. ტექსტმა 3-4 უცხოელი რეცენზენტის სკრუპულოზური ფილტრი გაიარა, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა და დაიბეჭდებოდა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს კომპაქტური სტატია ერთგვარი დასაწყისია. თანამედროვეობის კრიზისს, მიგრაციისა თუ LGBT საკითხების გარდა, უამრავი სხვა განზომილება აქვს, რომელთა ფენომენოლოგიური გააზრება ფართო ასპარეზს ქმნის სამომავლო სიღრმისეული კვლევებისთვის.
