ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტუნარიანობის შესწავლა საქართველოს მაგალითზე
გლობალურ ტურიზმში მზარდი კონკურენცია ტურისტულ მიმართულებებს შორის ახალ გამოწვევებს აყენებს, რაც მათი კონკურენტუნარიანობის სისტემური შესწავლის აუცილებლობას ქმნის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერმა – იოსებ ხელაშვილმა დამისმა დოქტორანტმა ლალი ოქროშიძემ – ამ პროცესს სიღრმისეული კვლევა მიუძღვნეს, სადაც საქართველო მთავარ მაგალითად გამოიყენეს. კვლევის შედეგები სტატიის სახით გამოქვეყნდა სკოპუსით ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში – ,,Sustainability 2025“, რამაც უცხოელ და ქართველ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც სტატიის ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილიაღნიშნავს: `კვლევა მიზნად ისახავს ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტული გარემოს ანალიზს და საქართველოს მაგალითზე მისი პოზიციონირების შეფასებას. ამ მიზნით, შემუშავდა ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტული გარემოს რაციონალური განსაზღვრის და საკვლევი დესტინაციის კონკურენტული პოზიციის შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგია. კვლევა ჩატარდა საქართველოს მაგალითზე, რომლის ცნობადობა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე მატულობს, რაც ბუნებრივად აყენებს მას ახალი კონკურენტული გამოწვვების წინაშე.

მეთოდოლოგია მოიცავს 3 ეტაპს – საკვლევი ტურისტული დესტინაციის გეო-კონკურენტული გარემოს განსაზღრას, მისი კონკურენტული პოზიციის გაანალიზებას განსაზღვრულ გარემოში და მიღებული შედეგების განზოგადებას“, -აღნიშნავს პროფესორი იოსებ ხელაშვილი.
სტატიის ავტორები ჩვენთან საუბარში განმარტავენ: ,,საქართველოს მაგალითზე განისაზღვრა 23 ტურიზმის გენერატორი ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს ჩამოსული ტურისტები შეადგენდნენ ქვეყნის უცხოური ტურისტების საერთო რაოდენობის 87,6%-ს. შემდგომ, დადგინდა 10 ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ქვეყანა თითოეული განსაზღვრული ტურიზმის გენერატორი ქვეყნიდან. მათმა ერთობამ შეადგინა 61 ქვეყანა, რომლებიც, შემოთავაზებული მეთოდოლოგიის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს ტურიზმის გეო-კონკურენტულ გარემოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის გენერატორ ქვეყნებში გამოვლენილი პოპულარული სამოგზაურო ქვეყნების ერთობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალურად ყველაზე პოპულარული დესტინაციების ერთობისგან და გადაფარვა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. ეს მაჩვენებელი ადასტურებს საქართველოს გეო-კონკურენტული გარემოს ცალკე შესწავლის საჭიროებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონზომიერი გამოვლენაა გლობალურ ტურიზმში, რადგან ქვყნების უმრავლესობას ახასიათებს უცხოეთში მოგზაურობის გეოგრაფიის თავისებურება. კვლევის შემდგომ ეტაპზე მოხდა საქართველოს ტურიზმის გეო-კონკურენტულ გარემოში შემავალი ქვეყნების ტურისტული კონკურენტუნარიანობის გაანალიზება. ამისთვის გამოყენებულ იქნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებული ,,მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი” (Travel and Tourism Development Index – TTCI, მოგვიანებით მას დაერქვა ,,მოგზაურობისა და ტურიზმის განვითრების ინდექსი” – ,,Travel and Tourism Development Index” – TTDI).
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო წამოადგენს პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას მის კონკურენტულ გარემოში და არჩევითობით მას უკავია მე-5 ადგილი 61 ქვეყანას შორის“.
როგორც პროფესორი იოსებ ხელაშვილი აღნიშნავს: „კვლევის შედაგად შეფასდა საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის, კონკურენტული პოზიციები შვიდივე ზოგადი კონკურენტული მაჩვენებლის (განზომილების) მიხედვით. მაგალითად, შედარებით მოწინავე პოზიცია გამოვლინდა ,,მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობის” მხრივ, ზომიერი კონკურენტუნარიანი მაჩვენებლები დადგინდა ,,ხელსაყრელი გარემოსა“ და „ინფრასტრუქტურის“ მხრივ, შედარებით დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა „მოგზაურობისა და ტურიზმის რესურსების“ ცნობადობის მაჩვენებლით. ასევე განისაზღვრა ქვეყნის მჭიდრო კონკურენტები და ლიდერები მოცემულ ბაზარზე. მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს დესტინაცია აღმოჩნდა მჭიდრო კონკურენციაში უნგრეთთან და ყაზახეთთან „ხელსაყრელი გარემოს“, „ინფრასტრუქტურის“ და „მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობის“ მაჩვენებლებით. სტატიაში წარმოდგენილი კონკრეტული და დეტალური მაჩვენებლები შეიძლება განხილულ იქნას კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესების მიმართულებების დადგენისას.“

მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ მიერ კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც გამოსადეგი იქნება, რათა უკეთ გააცნობიერონ თავიანთი რეალური კონკურენტული პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
