შოვის კატასტროფის შესაძლო გამომწვევი მიზეზების შესახებ

თარიღი: 2023-09-25 19:51:06

ინტერვიუ ზურაბ კერესელიძესთან

რამდენიმე  კვირის წინ თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  მთავარმა მეცნიერ-თანამშრომლებმა ზურაბ კერესელიძემ და ნოდარ ვარამაშვილმა ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს კვლევა: „შოვის კატასტროფის შესაძლო გამომწვევი მოვლენები“. კვლევაში გაანალიზებულია ღვარცოფის წარმოშობის შესაძლო მიზეზები და მყინვარ თბილისაზე განვითარებული მოვლენების რიგითობა, რომლის შესახებაც აქამდე საზოგადოებას სხვადასხვა ვერსია მიეწოდებოდა.

ავტორთა აზრით,  მყინვარ თბილისაზე  განვითარებული   მოვლენების რიგითობის დადგენა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანას  წარმოადგენს, რადგან მისი გადაწყვეტის    გარეშე  შეუძლებელი  იქნება   შოვის   ტრაგედიის მიზეზების  სრულფასოვანი   ანალიზი.

ნაშრომში  აღწერილია, რას შეიძლებოდა გამოეწვია დამანგრეველი მოვლენა და სამომავლოდ რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ ტრაგედია გამოიწვია არა მყინვარიდან ყინულის მოტეხამ და ჩამოვარდნამ, არამედ მყინვარქვეშა წყლის რეზერვუარის გასკდომამ.

რადგან გავრცელებული მოსაზრებები ღვარცოფის წარმოშობის შესახებ განსხვავებულია, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ესაუბრა სტატიის თანაავტორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს ზურაბ კერესელიძეს:

ბატონო ზურაბ, თქვენს სტატიაში სამეცნიერო ენაზეა ახსნილი შოვის ტერიტორიაზე მეწყრული და ღვარცოფული მოვლენების წარმოშობის მიზეზები. თუ შეიძლება, რომ მკითხველს პოპულარულ ენაზე ავუხსნათ – რა იყო ამის მიზეზი?

სტატიაში, რომელიც ჩემთან ერთად გამოაქვეყნა ნოდარ ვარამაშვილმა, კვლევის და სათანადო ლიტერატურის დამუშავების შედეგად დავწერეთ, რომ, როგორც ჩანს, კატასტროფა დაიწყო არა მყინვარის ენიდან  ყინულის დიდი  მასის მოწყვეტით, არამედ წყლის რეზერვუარის მთლიანობის დარღვევით ლოკალურ უბანზე, რომლის ზომა სწრაფად და მკვეთრად  გაიზარდა.

არსებული მონაცემების და ფოტოების გაცნობის შედეგად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ  მყინვარის ტანში არსებული წყლის რეზერვუარის კედლის ჩამოშლის დროს გენერირებული აკუსტიკური  ტალღების   სპექტრი   აისახა   სოფელ   სხვავაში  (შოვისაგან   დაახლოებით   25   კილომეტრის მოშორებით) განთავსებული მაღალი  მგრძნობელობის მქონე სეისმოგრაფის  ჩანაწერში.  ამ ჩანაწერით,  პირველ  რიგში,  დასტურდება,  რომ  კატასტროფის  დროს  ჰაერში არ  გავრცელდა დარტყმითი ტალღა, რაც, გარკვეულწილად, მიუთითებს, რომ პროცესი მომენტალური ძლიერი მექანიკური იმპულსით არ დაწყებულა, არამედ დაიწყო იმით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – მყინვარქვეშა წყლის რეზერვუარის (სავარაუდოდ, ორი ასეთი რეზერვუარი არსებობდა, რაზეც ღვარცოფის დინამიკა მიუთითებს) მთლიანობის დარღვევით. ჩვენ სტატიაში ვამბობთ, რომ შესაძლებელია, სწორედ  ამის  გამო არ აღმოჩნდა ღვარცოფულ მასაში დიდი ზომის  ის ლოდები, რომლებიც უნდა წარმოქმნილიყვნენ მყინვარის ენის მასშტაბური მსხვრევის გამო. ჩვენ ვუშვებთ, რომ სწორედ რეზერვუარის კედლის დარღვევის თანადროულად  დაიწყო აკუსტიკური ტალღების პაკეტის ემისია, რომელიც ყოველთვის თან ახლავს მექანიკური მსხვრევის პროცესს. საზოგადოდ, ეს ტალღები ვრცელდება არამარტო ატმოსფეროში, არამედ დედამიწის ზედაპირულ ფენაშიც.

– არის მოსაზრება, რომ მყინვარზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია დადგეს მონიტორინგის  სისტემა,  რომელიც რამდენიმე ხნით ადრე გაგზავნის სიგნალს მოსალოდნელი  ღვარცოფის  ან  წყალდიდობის  შესახებ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტური იქნება მსგავსი მოწყობილობების ამ ტერიტორიაზე დაყენება?

– ჩემი აზრით, პრევენციისთვის აუცილებელი არის მუდმივი მონიტორინგი და პარამეტრების კონტროლი – ხეობის დავლა და პერმანენტული დაკვირვება – ხომ არ შეინიშნება მეწყრული პროცესები, ხომ არ მოიმატა წყლის დონემ და ა.შ. ამისთვის ზედა რაჭის რეგიონში ორი ადამიანიც საკმარისია – ჩაინიშნოს მონაცემები და გადასცეს სპეციალისტებს. რაც შეეხება სისტემების დაყენებას, მე არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იქნება საკმარისი. ღვარცოფი, რომელიც შოვში წარმოიქმნა, გავრცელებული მონაცემებით, მოძრაობდა 60 კმ/საათში სიჩქარით, ანუ ტალღა გადიოდა წამში, დაახლოებით, 17-20 მეტრს. პირველმა ტალღამ 8 წუთში მიაღწია შოვის ტერიტორიას. როგორ ფიქრობთ, ტყეში და სხვადასხვა ადგილზე გაფანტულ ადამიანებს რამდენად სწრაფად მიეწოდებოდა ინფორმაცია?  სწორედ ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და მონაცემების გაანალიზება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია  ახალი ინფორმაცია  თბილისას მყინვარზე   ამჟამინდელი გეოლოგიურ-გეოფიზიკური   ვითარების  შესახებ. ასეთი   სურათის   შესაქმნელად   მარტო სატელიტური მონაცემების ვიზუალური ანალიზი საკმარისი არ არის, მითუმეტეს, როცა ეს ინფორმაცია ფრაგმენტულია და არცთუ მაღალი გარჩევადობით  ხასიათდება. ამჟამინდელ მდგომარეობაში თბილისას მყინვარის მდგრადობის შეფასების თვალსაზრისით, აუცილებელია გვქონდეს მყინვარზე ყინულის სისქის ცვლილების მაქსიმალურად  წვრილმასშტაბიანი სურათი. ყინულის ძვრადობა დამოკიდებულია ორ მთავარ პარამეტრზე: მყინვარის ზედაპირის დახრის კუთხეზე და ძვრადობის მოდულზე მყინვარის კალაპოტში (ძვრადობის დაძაბულობაზე). ამიტომ მიგვაჩნია, რომ, სატელიტური მონაცემების დამუშავებასთან ერთად, საჭიროა მიწისზედა გაზომვები, რათა მონაცემები იყოს უფრო სრული და მოხდეს მომხდარი და მოსალოდნელი მოვლენების კომპლექსური შესწავლა და ანალიზი. ამ მიზნით, ვფიქრობთ, საჭირო და აუცილებელია სამეცნიერო ექსპედიცია თბილისას მყინვარის მიდამოებში.

– როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მოსალოდნელი მსგავსი მოვლენის განმეორება?

– მსგავსი ბუნებრივი კატასტროფის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.  თბილისას მყინვართან  მიმართებაში, სამწუხაროდ, არსებობს რეალური წინაპირობა,   რომ   მომავალში   მდინარეების  – ბუბასწყლის   და   ჭანჭახის   ხეობაში   კვლავ  განვითარდეს კატასტროფული  მოვლენა, რომელიც შეიძლება    გამოწვეული  იყოს ამჟამინდელისაგან განსხვავებული ბუნებრივი მექანიზმის მოქმედებით.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არსებული სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც ეხება ცენტრალურ კავკასიონზე თბილისასთან ახლოს მდებარე ჯანკუათის მყინვარის პარამეტრების ცვლილებას კლიმატური ცვლილებების ფონზე. ამ მონაცემების შედარებით ფართო ანალიზი მკითხველს შეუძლია იხილოს ჩვენს სტატიაში, რომელიც მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული ლინკზე: https://ig-geophysics.ge/IG/language/ka/archives/1512

Facebook
Twitter
LinkedIn