რატომ ხასიათდება საქართველოში ინოვაციური მეწარმეობა განვითარების დაბალი მაჩვენებლებით?

თარიღი: 2025-02-03 20:05:50

„ინოვაციური ბიზნესის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა საქართველოში“ეს გახლავთ პროექტი, რომელიც 2024 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია 6 გამარჯვებულ პროექტს შორის. ამ პროექტების პრეზენტაცია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 23 იანვარს შედგა. პროექტზე მუშაობა, რომელზეც გვაქვს საუბარი, ფაკულტეტის  საერთაშორისო ბიზნესის კათედრის პროფესორის თემურ შენგელია ხელმძღვანელობით წარიმართა.  პროექტი წარმოადგინეს თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა უშანგი სამადაშვილმა და დოქტორანტმა  ნინო ადამიამ. ასოცირებულმა პროფესორმა უშანგი სამადაშვილმა ვრცლად ისაუბრა თემის აქტუალურობაზე და მიზანზე:

 „მიზნობრივ კვლევით-პროექტში ნაჩვენებია, რომ საქართველოში ინოვაციური მეწარმეობა ხასიათდება განვითარების დაბალი მაჩვენებლებით. ამასთან, გამოვლენილია ინოვაციური აქტივობის შემაფერხებელი მიზეზ-ფაქტორები. კერძოდ, ესაა: საწარმოებში  ინოვაციური მეწარმეობის არსისა და მნიშვნელობის დაბალი ცნობადობა; ინოვაციებზე არასაკმარისი მოთხოვნა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით ხუთჯერ ჩამორჩება. აღნიშნულის გამო არ არის საკმარისი   სახსრები არც ინოვაციების დასაფინანსებლად და არც ინოვაციური საქონლისა და მომსახურების შესაძენად;  საქართველოში საწარმოთა 99.7% მცირე და საშუალოა, რომელთაგან უმრავლესობა გადარჩენაზეა ორიენტირებული, რის გამოც არ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ინვესტიციები ინოვაციებში, კვლევასა და განვითარებაში, ასევე, ახალ ტექნოლოგიებში. ინოვაციის მაღალი ღირებულება და საკუთარი სახსრების ნაკლებობა კი ზღუდავს არსებული ინოვატორების თითქმის ნახევრის ინოვაციურ საქმიანობას“, – განაცხადა  ასოცირებულმა პროფესორმა უშანგი სამადაშვილმა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა  ინოვაციური აქტივობების ხელისშემშლელ მიზეზ-ფაქტორებზე.

Facebook
Twitter
LinkedIn