ახალი საგანი – ინოვაციური ეკონომიკა
ახალი სასწავლო წლიდან თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებს წაუკითხავს ახალ სალექციო კურსს – „ინოვაციური ეკონომიკა“, რომელიც ციფრული ეკონომიკის სასწავლო მოდულის ერთ-ერთი სავალდებულო საგანია.
რა არის ინოვაციური ეკონომიკა? რა მნიშვნელობა აქვს მის განვითარებას? რატომ გახდა აუცილებელი ამ ეკონომიკური დისციპლინის სწავლება სტუდენტებისათვის და რა საკითხებს განიხილავს აღნიშნული საგანი?
გვესაუბრება პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
სიტყვა „ინოვაცია“ ეტიმოლოგიურად წარმოდგება ლათინური „Innovation”-ისგან და ნიშნავს ახალს, სიახლეს. ყველაზე მარტივი განმარტებით, „ინოვაციური ეკონომიკა“ არის ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე, შრომისა და წარმოების ორგანიზაციის თანამედროვე პროგრესულ ფორმებსა და მეთოდებზე დამყარებული ეკონომიკური სისტემა. ინოვაციური ეკონომიკა საზოგადოების მწარმოებელი ძალების ხანგრძლივი განვითარების კანონზომიერი შედეგია.
ჯერ კიდევ ადრეულ, მე-17-ე საუკუნეში თვალსაჩინო ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფრ. ბეკონმა დაწერა ნაშრომი „ესეები ინოვაციების შესახებ,“ რომელშიც აღწერილია მითიური სახელმწიფო „ატლანტიდა,“ სადაც ინოვაციები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანთა ცხოვრებაში. ინოვაციური ეკონომიკის თეორიის ფუძემდებლად სამართლიანადაა აღიარებული ცნობილი ავსტრო-ამერიკელი ეკონომისტი ი.ა. შუმპეტერი, რომლის აზრით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა გამოგონებები და ინოვაციები. ისინი ბაზარზე გამოდიან ახალი პროდუქტების და ახალი პროცესების სახით. ინოვაციები ქმნის მოთხოვნას საინვესტიციო კაპიტალზე და „აცოცხლებს სტერილურ (მკვდარ) კაპიტალს“ (შუმპეტერი).
ინოვაციური გადატრიალებები, როგორც წესი, ღირებულებათა შექმნის მთელი ჯაჭვის შეცვლას იწვევს, როგორც ეს გააკეთა ორთქლის ძრავამ სამრეწველო რევოლუციის პერიოდში და კომპიუტერების ინტერნეტებთან ინტეგრაციამ საინფორმაციო რევოლუციის პერიოდში (1980-1990-იანი წლების მიჯნაზე).
თანამედროვე რეალობაში ძირეულად შეიცვალა რა საზოგადოების განვითარების ტექნო-ეკონომიკური პარადიგმა, მის ცენტრში ინოვაციურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები აღმოჩნდა.
რამდენიმე წლის წინ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ გიორგი ღაღანიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მაგისტრატურაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველად საქართველოში, შეიქმნა ციფრული ეკონომიკის მოდული, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო საგანი ინოვაციური ეკონომიკაა, რაც სრულიად კანონზომიერია. საქმე იმაშია, რომ ინოვაციური ეკონომიკა საკმაოდ ფართო და ტევადი ცნებაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო ეკონომიკას; ცოდნის ეკონომიკას (knowledge economy), ან როგორც ზოგჯერ ამბობენ ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას (knowledge-based economy) თუ ცოდნით მართულ ეკონომიკას (knowledge drive economy). ინოვაციური ეკონომიკის ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული ტიპია ციფრული ეკონომიკა (digital economy), რომლის უზარმაზარი პოტენციალი, განსაკუთრებული სიცხადით, კოვიდ 19 პანდემიით შექმნილ ექსტრემალურ პირობებში გამოიკვეთა. სიამოვნებით მივიღე შემოთავაზება აღნიშნული საგნის წაკითხვის თაობაზე და ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობ ინოვაციური ეკონომიკის სალექციო კურსის გამოცემაზე. ვფიქრობ, სტუდენტთა ინტერესი ამ საგნის მიმართ საკმარისად დიდია და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება, რამეთუ საკითხი ეხება ყველაზე რაციონალურ და ეფექტიან ეკონომიკურ სისტემას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ყველაზე განვითარებულ პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში და რაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის… სწორედ ინოვაციურ ეკონომიკაზე დაყრდნობით, დროის მოკლე პერიოდში, შეძლეს ფანტასტიკური შედეგების მიღწევა ერთ დროს ეკონომიკურად არც თუ ისე განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ირლანდია, ფინეთი, ისრაელი, სამხრეთ კორეა და სხვ.
ინოვაციური ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ გადაიქცა სახელწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად
ქართველი ეკონომისტების (ვ. პაპავა, რ. აბესაძე, ლ. ჩიქავა და სხვები) მიერ არაერთხელ აღნიშნულა ის გარემოება, რომ ბუნებრივი რესურსებით (ნავთობი, გაზი და სხვ.) სწრაფი ეკონომიკური ზრდის და გლობალურ ეკონომიკაში ღირსეულად ინტეგრირების ერთადერთი გზა ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე გადის (მით უფრო ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა). იმის თქმა, რომ საქართველოში ამჟამად არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით მოძრაობა, არ იქნება სწორი. სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია დოკუმენტები, რომლებიც არაპირდაპირ და პირდაპირ პასუხობს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების მოთხოვნებს. მათ შორის, მთავარია „საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ“, რომელიც ინოვაციების სამართლებრივი ბაზის ფუნდამენტს წარმოადგენს. ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო – „კვლევებისა და ინოვაციების საბჭო“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, რომლებსაც ეკისრებათ ინოვაციური ეკონომიკის ფუნქციონირების წარმართვა. ასევე ჩამოყალიბების პროცესშია ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდეგ ელემენტებს მოიცავს: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკები, ბიზნესინკუბატორები, ბიზნესამაჩქარებლები, ახალი ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები, სამრეწველო ლაბორატორიები (ე.წ. FabLab) და ინოვაციების ლაბორატორიები (ILab). ამასთანავე, ინოვაციური ეკონომიკა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გადაიქცა სახელწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად. სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველო გარე თუ შიდა შოკებით გამოწვეულ კრიზისებში ცხოვრობს და ხელისუფლება, რომელიც მიმდინარე პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული, ვერ ახერხებს ისეთი სტრატეგიული მიზნის რეალიზაციისთვის სათანადო ყურადღების დათმობას, როგორიც ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაა.
მონოპოლია და ინოვაციური ეკონომიკა ერთმანეთის ანტიპოდებია. ინოვაციური ეკონომიკა არ ტოვებს ადგილს მონოპოლიების საბაზრო ძალაუფლებისთვის. ამიტომ მონოპოლიები, რომლებსაც, სამწუხაროდ, დიდი ძალა და გავლენა გააჩნიათ თანამედროვე საქართველოში, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას.
სწორედ ეკონომიკის მონოპოლიზაციის მაღალი დონე შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციების მიმართ საწარმოთა მხრიდან დაუინტერესებლობის მთავარ მიზეზად. სახელმწიფომ, პირველ რიგში, არა დეკლარაციულად, არამედ რეალურად უნდა დააყენოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ინოვაციური ეკონომიკის დაფუძნება და განვითარება. ამ ამოცანას უნდა დაუქვემდებაროს მის განკარგულებაში არსებული რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. მან უნდა განახორციელოს ინოვაციური საქმიანობის მასტიმულირებელი ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საინვესტიციო-სტრუქტურული პოლიტიკა, როგორც ეს გააკეთეს ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულმა ქვეყნებმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური და ქმედითი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, რისი ნიშნებიც, ჯერ-ჯერობით, არ შეინიშნება. აუცილებელია სამთავრობო სტრუქტურების, კერძო ბიზნესის და მთელი საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაცია საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების პრობლემის გადაწყვეტაზე. ყოველივე ამის გაკეთება სწრაფადაა საჭირო, ვინაიდან დრო, სამწუხაროდ, ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს.