ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში

თარიღი: 2023-03-21 19:07:05

16 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის  ჩატარდა კიდევ ერთი ტრენინგი, რომლის თემაც იყო ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში. ტრენინგს უძღვებოდა  მოძრაობა ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”  აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი, რომელიც გაზაფხულის სემესტრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობს მის მიერ CISI პროექტის ფარგლებში მომზადებულ არჩევით კურსს ,,ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში”.

ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა საინტერესო თემას გაეცნენ, კერძოდ, კიდევ ერთხელ გაიაზრეს – ვინ არიან შშმ პირები და რა შეფასების მოდელები არსებობს, რა პირობები უნდა ჰქონდეთ სოციალური ფუნქციონირებისთვის. მსმენელებმა იმსჯელეს ძირითად  კონვენციებსა და საკანონმდებლო დოკუმენტებზე, რომელიც იცავს შშმ პირების უფლებებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეებზე.

თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორმა,  ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ საჭირო და მნიშვნელოვანი უწოდა ამ ტიპის ტრენინგებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური  პერსონალისათვის. მისი თქმით, ტრენინგები მათ დაეხმარებათ, რომ მზად იყვნენ სწორად იმუშაონ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებთან.პროექტის – ,,ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში” – მიხედვით, თსუ-ს პერსონალს ჩვენ ვთავაზობთ ტრენინგების სერიას, რომლებიც მათ შშმ პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. წინა ტრენინგი ეხებოდა უსინათლო და მცირედმხედველ პირებთან კომუნიკაციისა და მუშაობის თავისებურებებს. ამჯერად კი საუბარი იყო იმ ფილოსოფიურ საფუძველსა და ზოგად პრინციპებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას. ამ ხედვის გაზიარების გარეშე, შეუძლებელია თანაბარი გარემოს შექმნა ყველასთვის“, – გვითხრა თამარ მახარაძემ.

ტრენინგი ,,ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში” თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ერაზმუს+ პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის” „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI))  ფარგლებში. 

Facebook
Twitter
LinkedIn