როგორ უნდა განხორციელდეს ინგუშური იდენტობის რეპრეზენტაცია სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის შუქზე?

თარიღი: 2023-10-06 12:51:00

მარიამ ბეჟიტაშვილი თსუ საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის 2011 წლის კურსდამთავრებულია. მისი სამაგისტრო კვლევა გულისხმობდა საქართველოს მეზობელი კავკასიელი ერის – ინგუშების (ღილღველები/ქისტები) ეთნიკური ისტორიის რეკონსტრუქციას, კერძოდ,  იმ უმთავრესი მარკერების გამოკვეთას და აღწერას, რაც ინგუშური ნაციონალური იდენტობის შენობას ქმნის. კვლევა ჩატარდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით ეთნოსიმბოლისტური პარადიგმის ფარგლებში და ქართველების, როგორც უკვე სამოქალაქო ნაციის იდენტობასთან შედარებით კონტექსტში.

მარიამი დღეს უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტია. გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ დაინტერესდა, თუ როგორ განვითარდა მარიამ ბეჟიტაშვილის ინგუშოლოგიური პროფილის საქმიანობა, როგორ მოახერხა მან წლების განმავლობაში არ ჰქონოდა წყვეტა თავისი ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით და, ამავდროულად, განევითარებინა თავისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები უკვე აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე გადასასვლელად.

„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ძირითადად, ქართულ-ინგუშური და ზოგადკავკასიოლოგიური კვლევის ფოკუსით, ვსწავლობდი ინგუშურ ენას, ზეპირი წყაროების საავტორო პროექტის ფარგლებში ვაქვეყნებდი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს და, ასევე, ისტორიულ-დოკუმენტურ კინოსურათებს. ინგუშეთის რესპუბლიკაში რამდენიმეთვიანი ცხოვრების პერიოდში დამიგროვდა ზეპირი ისტორიის კვლევის – ინტერვიუირების მეთოდით მოპოვებული წყაროების მდიდარი არქივი, ჩაწერილი აუდიო- და ვიდეოფირზე, და გადავწყვიტე ჩემი მომავალი საკვალიფიკაციო ნაშრომი სამოქალაქო აქტივიზმის საკითხისათვის მიმეძღვნა, რომელიც თანამედროვე რეალობაში,  განსაკუთრებით ნეოსაბჭოური ტიპის რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ინკორპორირებული ჩრდილოკავკასიის შემთხვევაში, მეტად საინტერესო ემპირიულ მასალას გვთავაზობს ანალიზისთვის“ – გვიამბო მარიამ ბეჟიტაშვილმა, რომელიც დრეს უკვე თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის დირექტორია (ცენტრი ფუნქციონირებს 2023 წლის მაისიდან). მან სავარაუდო საკვალიფიკაციო ნაშრომის გეგმა (სადოქტორო-კვლევითი პროექტი) გასულ, 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსში წარადგინა და გაიარა გასაუბრება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კომისიასთან. ის ამჟამად მე-3 სემესტრის დოქტორანტია.

მარიამის მომავალი საკვალიფიკაციო ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას ორი ხელმძღვანელი ჰყავს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი და  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მერაბ ჩუხუა, რომლებიც დახმარებას უწევენ მას სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვასა და შესაბამისი კომპონენტების შესრულებაში. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო სასწავლო კრედიტების რაოდენობას მარიამი უკვე ამ სემესტრის ფარგლებში დააგროვებს და მომავალი, მე-4 სემესტრიდან იწყებს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესრულებას. ის, ასევე, მონაწილეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში და სულ მალე ელოდება კონკურსის შედეგების გამოქვეყნებას.

მარიამის სადისერტაციო თემის სათაური, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენენ ფაკულტეტის საბჭოს, ასე ჟღერს: „სამოქალაქო აქტივიზმი და მისი როლი ინგუშეთის უახლეს ისტორიაში“. ინგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიურ ფედერალურ ოლქში შემავალი სუბიექტია. აღნიშნული აქტივიზმის პლატფორმიდან დოქტორანტის კვლევის ფოკუსი მიმართული იქნება 1956-2019 წლების პერიოდის საპროტესტო დემონსტრაციებზე, როგორც ინგუშეთის ეროვნული მოძრაობის ყველაზე გამორჩეულ შემადგენელზე ფორმის, შინაარსისა თუ შედეგის თვალსაზრისით.

როგორც მარიამი აღნიშნავს, „კვლევა აქტუალობას იძენს მიმდინარე განგრძობითი ანექსიის – ინგუშეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პირობებში და რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალსა და ძველ ინგუშურ ჰორიზონტალურ ძალას შორის კონტრასტული ძალაუფლების მზარდი დინამიკის გამო. ეს მდგომარეობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ინგუშეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ინგუშური წინააღმდეგობის მოძრაობაც სწორედ ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღდგენისა და დანარჩუნების მიზანს ემსახურება. იგი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხიცაა, ვინაიდან მიბმულია მშვიდობისა და დემოკრატიზმის პრობლემასთან კავკასიის რეგიონში. ჩემ მიერ განსაზღვრული პერიოდის საპროტესტო აქციების სიღრმისეული ანალიზი პროტესტის რიტუალის თეორიის მეშვეობით ხორციელდება, ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მათი რიტუალური თუ სიმბოლური მახასიათებლების ახსნა და ინგუშეთის უახლეს ისტორიაზე მიმდინარე გავლენის შეფასება. კვლევა ინტერდისიპლინურია – ითვალისწინებს ჰუმანიტარული და სოციოლოგიური მეთოდების სინთეზს“.

თანამედროვე ინგუშური სამოქალაქო აქტივიზმი გამორჩეულია იმით, რომ იგი გარკვეული ტიპის ორგანიზაციულ თუ არასამთავრობო სექტორს კი არ უკავშირდება (მაგალითად, NGO ინსტიტუტები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელიც ამ საქმიანობაში ხელფასს იღებენ), არამედ – ბუნებრივ, სპონტანურ სამოქალაქო საზოგადოებას. მაშასადამე, ინგუშეთის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტივობა ნიშნავს არა პროფესიულ სამოქალაქო აქტივობას, არამედ საერთო ეროვნულს. ის უდრის ეროვნულ მოძრაობას და, გულისხმობს, ასე ვთქვათ, „სამოქალაქო სიქველეს“.

როგორც მარიამი განმარტავს, ინგუშური ეროვნული მოძრაობა ოთხ ეტაპს მოიცავს: 1) 1956-1960-იანი წლების დასაწყისი – გადასახლებიდან დაბრუნებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენის პერიოდი (ამ ეტაპზე სამოქალაქო  აქტივობა გამოიხატა სპეციალური კერძო და ჯგუფური კორესპონდენციებისა და დელეგაციების წარგზავნით ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში); მე-2 ეტაპზე (1972-1973 წწ.) უკვე აპრობირებულ აქტივობებს დაემატა საერთოეროვნული უვადო მიტინგი (მასობრივი დემონსტრაცია), რომელიც თავისი მასშტაბით, შინაარსითა და შედეგებით უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა ერის ისტორიაში; 3) მესამე ეტაპზე (1988-1992 წწ.) გამოვლინდა ყველა ცნობილი მეთოდის ერთობლიობა: საერთო სახალხო მიმართვები ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოებისადმი, მასობრივი ხელმოწერები, დელეგაციები, მიტინგები და ეროვნული ყრილობები; 4) მეოთხე ეტაპზე (2018/2019-მიმდინარე დრო) სამოქალაქო აქტივობები გამოიხატა ინგუში ერის საერთაშორისო კონგრესში, მასობრივ დემონსტრაციებსა (მიტინგები) და მიმართვებში სხვადასხვა ინსტანციებისადმი, მათ შორის, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოებისადმი. ინგუშური სამოქალაქო აქტივიზმის მე-4 ეტაპზე ფორმირებულმა მოქალაქეთა გაერთიანებამ შეიძინა საქვეყნო მასშტაბი და წარმოჩნდა ყველაზე მასობრივ მობილიზაციად მთელი პოსტსაბჭოური ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიაში.

ვინ არიან ინგუში აქტივისტები?

  • ეს არის საზოგადოება, რომელიც არც პარტიული პოლიტიკური ნიშნითაა მარკირებული და, უმთავრესად, არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. ამ საზოგადოებას ე.წ. „ნაციონალები“ შეადგენენ – გამსჭვალულნი ნაციონალიზმის საზოგადო წესებით და წარმართულნი გარკვეული სოციალური კანონზომიერების მიერ.  სწორედ ისინი ქმნიან ინგუშური ნაციონალიზმის „დიზაინს“ – მიმართავენ თავიანთ დროსა და ენერგიას, რათა მოახდინონ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ეროვნული ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დომინანტი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს ინგუშეთში სამოქალაქო აქტივიზმის მარგინალიზაციიისთვის და ისეთი მიზეზების „საპოვნელად“ აღნიშნული წინააღმდეგობის მოძრაობის უკან, რომლებიც რეალურად არ არსებობს (ექსტრემიზმი, ეთნიკური შუღლის გაღვივება და სხვ.), მაინც საპროტესტო მუხტი არ შესუსტებულა, არამედ განიცადა ტრანსფორმაცია და ქუჩიდან ინტერნეტ-ქსელში გადაინაცვლა.

ამ ეტაპზე მარიამის მიერ დასახული ამოცანების სპექტრი ასეთია: კვლევისთვის რელევანტური პირველადი და მეორეული წყაროების აღნუსხვა/მოპოვება, მათი დამუშავება და ანალიზი; მეხსიერების ბანკის შექმნა ზეპირი ისტორიების მეშვეობით ე.წ. „მეხსიერების ჯგუფების“ მონაწილეობით (ისტორია ცოცხალი მეხსიერების ფარგლებში); საზოგადოებრივი პერცეფციების კვლევა სოციალური მედიის მასალებზე დაფუძნებით და კვლევის შედეგების ფიქსირება.

უდავოდ საინტერესოა ინგუშეთის – როგორც რუსული ნაცია-სახელმწიფოს იძულებითი წევრობის გამოცდილების მქონე სუბიექტის ისტორია, ასევე, მათი პერსპექტივები სამოქალაქო ნაციადქმნადობის გზაზე. როგორ უნდა განხორციელდეს ინგუშური იდენტობის რეპრეზენტაცია სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის შუქზე, ამას ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტის უახლოესი 2 წლის კვლევა გვიჩვენებს.

Facebook
Twitter
LinkedIn