მიმდინარე სამუშაოები და ახალი გადაწყვეტილებები თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში 1+4 პროგრამის სტუდენტები ისწავლიან. ასევე დასრულდა თსუ-ს მე-11 კორპუსის 3 აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
,,თსუ-ს მე-11 კორპუსში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ზამთრის არდადეგების პერიოდში მიმდინარეობდა. რამდენიმე აუდიტორია სრულად გარემონტდა. მე-10 (მაღლივი) კორპუსის ცენტრალური კიბე დაზიანებული იყო, ამიტომ მოეწყო სრულად ახალი კიბე. ასევე, მაღლივი კორპუსის მე-8 სართულის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მალე დასრულდება მე-9 სართულზე მიმდინარე სამუშაოებიც. შემდეგ ეტაპზე კვლავ დაიგეგმება სხვა ინფრასტრუქტურული სიახლეები აღნიშნულ კორპუსებში.


ჩვენთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს უნივერსიტეტის მე-5 კორპუსი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დამატებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გასულ წელს ჩვენ მოვახერხეთ და 6 აუდიტორიის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მიმდინარე წელსაც გვგეგმავთ მე-5 სასწავლო კორპუსში განვახორციელოთ რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე გამიჭირდება ზუსტად თქმა – თუ რა მოცულობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ანალოგიური მიდგომები გვაქვს მე-6 სასწავლო კორპუსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან განვახორციელეთ ამ კორპუსის რიგი სივრცეების რეაბილიტაცია, ასევე განახლდა ფასადი, კიბის უჯრედები… მე-6 კორპუსში დარჩენილია ზედა სართულების სივრცეების რეაბილიტაცია. ჩვენ დავგეგმავთ – თუ რისი განხორციელება შეიძლება მიმდინარე წლის ზაფხულში და დანარჩენი სამუშაოები 2026 წელსაც გაგრძელდება.
რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის საკითხს, როგორც იცით – კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. კომპანიას ამ ეტაპზე პროექტი აქვს შესათანხმებელი ქალაქ თბილისის მერიასთან. დამატებით სიახლეს საუნივერსიტეტო საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში. როგორც იცით, აქ დაწყებულია სამუშაოები საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით. პირველი ეტაპის სამუშაოები მალე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება შესყიდვის პროცესი შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით.
უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ შესაბამის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ჩვენ ყველა ფაკულტეტს დავუფინანსებთ სამეცნიერო ჟურნალებს. ამ ჟურნალების დაფინანსების მთავარი მიზანი იქნება, რომ ეს ჟურნალები სკოპუსის ბაზაში მოხვდეს. სწორედ ამ პროცესის მონიტორინგის შედეგად გადავწყვეტთ სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების გაგრძელების საკითხს“, – აღნიშნა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბრისას.
