კლასტერების კვლევა და დაჯილდოვებული სტატია

თარიღი: 2022-10-21 20:26:40

მიმდინარე წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა სტატია, რომლის ავტორია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე. ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ თსუ-ს აკა­დემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებული მაღალრეიტინგული სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკა­ცი­ე­ბისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფა 2021 წელს უნი­ვერ­სიტე­ტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრა.

სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში  Kybernetes  (ქაიბერნეთს) გამოქვეყნდა, რომლის 2021 წლის რეიტინგებია: Scopus CiteScore 3.7; Clarivate Analytics Impact Factor – 2.352.

სტატიის სათაურია: „ინდუსტრიული რევოლუცია 4.0 და ინდუსტრიული რევოლუცია 5.0: შეძლებენ კლასტერები გაუმკლავდნენ გამოწვევებს? (სისტემური მიდგომა)“ (“Industry 4.0 and industry 5.0: can clusters deal with the challenges? (A systemic approach)” https://doi.org/10.1108/K-07-2022-1005).   

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის მ. პორტერის განმარტებით, ეკონომიკაში კლასტერი  – ესაა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნიშ­ნით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომპა­ნი­ე­ბის, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბის, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გე­ბის ფირ­მა­თა ჯგუ­ფე­ბი, აგ­რეთ­ვე მათ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი  (უნივერსი­ტე­ტე­ბი, სტან­და­ტი­ზა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სხვ.) – განსაზღვრულ სფე­რო­ებ­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი, მაგ­რამ ამას­თან ერ­თობ­ლი­ვად მო­მუ­შა­ვე­ნი.

როგორც სტატიის ავტორი  აცხადებს, ნაშრომის მიზანი იყო იმის დასაბუთება, რომ კლასტერები გაუმკლავდებიან მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციების გამოწვევებს და კვლავ დარჩებიან ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად. ანალოგიური შინაარსის ორ კვლევით  კითხვაზე პასუხის გაცემა დაისახა მიზნად ავტორმა.

„ბოლო 40 წლის მანძილზე კლასტერების კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობდა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ აქტიურმა დისკუსიამ კლასტერების კვლევები შედარებით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ გაურკვევლობის მიუხედავად, ამ საკითხზე მკვლევრებმა ისევ დაიწყეს დისკუსია. ერთი მხრივ, Industry 4.0 პირობებში დისტანციური მუშაობის გამო  გეოგრაფიულ სიახლოვეს მნიშვნელობა ეკარგება. მეორე მხრივ, თავის დროზე კლასტერების ჩამოყალიბებას მისი წევრების გეოგრაფიულმა სიახლოვემ შეუწყო ხელი. ამ რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში მკვლევართა ნაწილი შეეცადა გაეგრძელებინა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის და კლასტერების ერთობლივად კვლევა. კვლევები განხორციელდა, როგორც ზოგადთეორიული მიმართულებით, ასევე კონკრეტული წარმატებული კლასტერების მაგალითებზეც.

იმის გამო, რომ  სამეცნიერო კვლევით მიღებული ინოვაციური პროდუქტი საჭიროებს კვლევას, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის მომზადებას, ადგილობრივი მმართველების და ბიზნესის აქტიურ ჩართულობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას – ციფრიზაცია კლასტერის აქტორებს/წევრებს ხელს უწყობს უფრო იოლად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და სწრაფად გაცვალონ საჭირო ინფორმაცია“, – განაცხდა სტატიის ავტორმა  ინეზა გაგნიძემ.

სტატიის ავტორი კლასტერებზე 2007 წლიდან აქვეყნებს ნაშრომებს და საქართველოსა თუ უცხოეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში გრაფიკულად აქვს გამოსახული სისტემური კავშირები, როგორც კლასტერში, ასევე მის გარეთ. ასე მაგალითად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მან კლასტერი, როგორც სისტემა, წარმოადგინა „კლასტერის ხის“ ფორმით და ახალ ნაშრომში მას ციფრიზაციით მოსალოდნელი კავშირები დაამატა. ავტორის აზრით, ვინაიდან კლასტერი ქსელი და სისტემაა, ის უფრო ეფექტიანად და სწრაფად ექვემდებარება გაციფრულებას, ვიდრე დამოუკიდებელი ფირმები.

სტატიაში ავტორის მიერ შეთავაზებული სიახლეა ციფრიზაციის ეპოქაში განვითარების მიმართულების გრაფიკულად გამოსახვა ორგანზომილებიან სიბრტყეში. როგორც ავტორმა აღნიშნა,  მან  ერთ ღერძზე განათავსა „დარგი/კლასტერი/ფირმა“, ხოლო მეორეზე – „ციფრიზაცია“. ღერძების შემაერთებელი მრუდი კი აღნიშნა, როგორც განვითარების დონე ციფრიზაციის ეპოქაში. ავტორის აზრით,  განვითარების დონეს ასახავს  მრუდი და არა ერთი რომელიმე წერტილი  იმის გამო, რომ, „დარგი/კლასტერი/ფირმა“ ერთიანად ყველა ნაწილში და სრულყოფილად მყისიერად ვერ გაციფრულდება.

ავტორი სტატიაში გაანალიზებული სამეცნიერო სტატიების ავტორების პროგნოზირებიდან გამომდინარე  აცხადებს, რომ  „მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში საზოგადოების წარმატების განმაპირობებელი უნივერსიტეტებზე ფოკუსირება იქნება. საგანმანათლებლო ინსტიტუტში ხომ საზოგადოების ყველა თაობაა წარმოდგენილი და ტრადიციებით დამკვიდრებული ურთიერთობები სინერგიული ეფექტის საფუძველია გამოწვევების დასაძლევად. ვინაიდან XXI საუკუნის პირველ ათწლეულში კლასტერების რენესანსი დიდწილად სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირებამ განაპირობა, სავარაუდოა, რომ ეს მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებშიც განმეორდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გაციფრულების უარყოფითი მხარეების შესახებაც. აქ იგულისხმება ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ინდივიდის პირადი ინფორმაციის დაცულობას და სხვა თანმდევ პრობლემებს.“ 

ავტორის აზრით, ამ საკითხშიც კლასტერის წევრების ჯგუფური ინტერესი კრიტიკული აღმოჩნდება. მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების ფორმირება და დიდი კორპორაციების მხრიდან ინფორმაციაზე მონოპოლიური ძალაუფლების შემზღუდავი ღონისძიებების გატარება.

„როგორც მკვლევრები მიუთითებენ, მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში  „საზოგადოება 5.0“-ის ფორმირების ერთ-ერთი წარმმართველი ძალა უნივერსიტეტი იქნება.

ნაშრომში დასმულ კვლევით კითხვებზე პასუხები დადებითია, ვინაიდან კლასტერი ხასიათდება ისეთი მახასიათებლებით (სისტემურობა, ქსელურობა, სინერგია), რომლებიც, ჩემი ვარაუდით, განაპირობებენ წარმატებას მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ერაშიც.  კლასტერების მკვლევრები აღნიშნავენ, რომ  მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გეოგრაფიულ სიახლოვეს მნიშვნელობას უკარგავს. თუმცა, იმის გამო, რომ ზოგიერთი სახეობის კვლევა დისტანციურად ვერ განხორციელდება, გეოგრაფიული სიახლოვე მომავალში მაინც მნიშვნელოვანი იქნება.

აღნიშნულს დავამატებთ, რომ ამჯერად კლასტერის უნარს  – გაუმკლავდეს მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციების გამოწვევებს, განაპირობებს გაურკვეველ სიტუაციაში გადარჩენის, გამოწვევაზე ადეკვატური პასუხის და წარმატების შენარჩუნების ერთიანი, ჯგუფური ინტერესი. ცნობილია, რომ პანდემიამდე ევროპაში 3000 კლასტერი იყო“, – აცხადებს  ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე.   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მისი  მოსაზრებით, ციფრულ ერაში მხოლოდ ის კლასტერები გაგრძელებენ არსებობას, რომლებიც ძლიერ ქსელსა და სისტემას წარმოადგენენ. აღნიშნული უპირატესობის გამო ეკონომიკის სამომავლო განვითარება კლასტერების მოდელის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს. 

Facebook
Twitter
LinkedIn