ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი – 2026

თარიღი: 2026-06-03 18:08:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მხარდაჭერით გამართულ იმიტირებულ პროცესში –  „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი  – 2026“ – გაიმარჯვა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ანნა შიოშვილი, თინათინ ტალახაძე, ნათია ხორავა და თამაზ ცერცვაძე. გუნდს მენტორობას უწევდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სულიკო ჟღენტი.

კონკურსი წერილობითი და ზეპირი ეტაპებისაგან შედგებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა 84-მა გუნდმა – 300-მდე სტუდენტმა. კაზუსზე წარმოდგენილი წერილობითი პოზიციების საფუძველზე გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ ზეპირ ეტაპზე იასპარეზა. აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეობდა 25 სტუდენტი, მათ შორის, სამი გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალს დაეთმო. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ანტიკონკურენტული შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონცენტრაციების კონტროლი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი“ უკვე მერვე წელია ტარდება და მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაციას, სტუდენტებში პრაქტიკული სამართლებრივი უნარების განვითარებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ნათია ხორავას ინფორმაციით,  იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროკავშირის სამართლის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. კერძოდ, კაზუსი მოიცავდა ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებებს. მონაწილეებმა მოამზადეს წერილობითი სამართლებრივი დასკვნები და ზეპირი არგუმენტები, რომლებშიც განიხილავდნენ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციასა და პრაქტიკაში გამოყენების საკითხებს. პროცესმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა – სიღრმისეულად ემუშავათ თანამედროვე ევროპული სამართლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ სფეროებზე.

„კონკურსი განსაკუთრებულად საინტერესო და ინტენსიური იყო, რადგან მონაწილეები რეალური სასამართლო პროცესის მოდელირებულ გარემოში მუშაობდნენ. ზეპირი რაუნდები მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და თითოეულ გუნდს საკუთარი პოზიციის დაცვა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად უწევდა. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამართლებრივი ანალიზის სიღრმით, არგუმენტაციის დამაჯერებლობითა და საჯარო გამოსვლის უნარებით, რამაც პროცესი აკადემიურად მრავალფეროვანი და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი გახადა.  მსგავსი პროექტები სტუდენტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ისინი ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას და პროფესიული უნარების განვითარებას. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა გავიუმჯობესეთ სამართლებრივი კვლევის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარები. ამასთანავე, პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა იურისტების პროფესიულ ჩამოყალიბებაში, რაც ჩვენი  მომავალი კარიერული განვითარებისათვის ღირებულ გამოცდილებას წარმოადგენს“, – ამბობს კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრი ნათია ხორავა.

„ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სტუდენტისათვის, უმნიშვნელოვანესი პლატფორმა აღმოჩნდა ევროპული სამართლის კომპლექსური მექანიზმების სიღრმისეულად გასააზრებლად და პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად. პროექტმა არსებითად შეუწყო ხელი სამართლებრივი ანალიზის, მყარი არგუმენტაციის ჩამოყალიბებისა და სასამართლო ფორმატში საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების დახვეწას. ეს აკადემიური გამოწვევა კი კიდევ უფრო ნაყოფიერი და ღირებული გახდა ჩემს გუნდთან ერთად გაწეული კოორდინირებული მუშაობისა და საერთო ძალისხმევის წყალობით“, – გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტელმა ლიზა ლიპარტელიანმა.

„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის საერთო წარმატებაა. მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ უძლიერესი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც ასეთი მასშტაბის იმიტირებულ პროცესში ლიდერობისთვისაა საჭირო. ვულოცავ მათ და დიდ პროფესიულ წინსვლას ვუსურვებ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კონკურსის კიდევ ერთმა მონაწილემ ლიზი ხუციშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn