უნივერსიტეტის ოქროს მედალი ილია თავხელიძეს გადაეცა
24 აპრილს ილია ვეკუას სემინარის გაფართოებულ სხდომაზე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ილია თავხელიძე. მისი ნაშრომები არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა სამეცნიერო აღიარების საფუძველი: იგი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ილია ვეკუას სახელობის პრემიის ლაურეატი (1983წ.); მინიჭებული აქვს უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესის ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის სახელობის „ოქროს“ მედალი (2009წ.), ამჯერად კი, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ნაშრომებისა და ღირსეული უნივერსიტეტელობის ნიშნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა.
ილია თავხელიძე თხემით ტერფამდე უნივერსიტეტელია. ამიტომაც, კითხვაზე – რას ნიშნავს მისთვის ოქროს მედლით დაჯილდოება, ვერც ჩვენ და ვერც ბატონი ილია ვერ ავუვლიდით გვერდს ფესვებს, რომელზეც ის, როგორც მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი და მესამე თაობის უნივერსიტეტელი, მყარად დგას. ამიტომაც, ალბათ, ყველაზე მართებული იყო მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ომარ ფურთუხიას და დიფერენციალური განტოლებების კათედრის გამგის, პროფესორ თამაზ თადუმაძის არჩევანი – ამ საპატიო ჯილდოზე რეკომენდაცია გაეწიათ მეცნიერისა და მასწავლებლისთვის, რომელიც ყველაზე ახლოს დგას უნივერსიტეტის მისიასთან.
რეკომენდაციაში, რომელსაც ომარ ფურთუხია და თამაზ თადუმაძე აწერენ ხელს, მინიშნებულია: „ილია თავხელიძე თსუ-ში კითხულობს ლექციების კურსებს: კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები (ბაკალავრიატი, სავალდებულო); განზოგადოებული ფუნქციები და მათი გამოყენებები (ბაკალავრიატი, არჩევითი); ინტეგრალური განტოლებები და საკუთრივი რიცხვები (მაგისტრატურა, არჩევითი); კალკულუს V (ბაკალავრიატი, სავალდებულო); მათემატიკის ელემენტები ბუნებასა და ხელოვნებაში (ბაკალავრიატი, საუნივერსიტეტო კურსი, არჩევითი). უკანასკნელი სალექციო კურსი იმდენად ორიგინალურია, რომ მისი ანალოგი მსოფლიოში არ მოიპოვება“.
მათემატიკოსი, რომელმაც ზუსტი მეცნიერება ხელოვნებად აქცია
რას ნიშნავს ილია თავხელიძისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედალი? ამ კითხვაზე პასუხში მკითხველი უთუოდ ამოიკითხავს წინაპრებისა და მშობლიური უნივერსიტეტისადმი მოწიწებას:
– მე დავიბადე “უნივერსიტეტელების” ოჯახში და წარმოვადგენ იმ ოჯახის მესამე თაობას, რომელიც, გარემოებათა მიუხედავად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მედალი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისათვის არის ღვაწლის დაფასების უმაღლესი ჯილდო.
ბაბუა, ილია ვეკუა, იყო და არის ჩემთვის მეცნიერული მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული სიბრძნის მაგალითი. ის დღემდე „უხილავად” ესწრება ჩემს სამეცნიერო მოხსენებებს და არის ჩემი უაღრესად კრიტიკული, მაგრამ კეთილგანწყობილი მსმენელი! ის, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ვერც ჩემს პროფესიულად აღიარებას და ვერც ამ საპატიო ჯილდოს!
ბებია, სოფიო (ქსენია) ჭუბაბრია – ქიმიის ფაკულტეტის ლაბორანტი (ამ ლაბორატორიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მზადდებოდა ტანკსაწინააღმდეგო აალებადი მასალები) – ნაადრევად გარდაიცვალა. მე მხოლოდ ლეგენდებს მოვესწარი მასზე.
დედა, ლამარა ვეკუა – თსუ მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, მთელი პლეადა სტუდენტების ერთ-ერთი უსაყვარლესი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი. ისიც არის დღემდე ჩემი „უხილავი” დამრიგებელი სტუდენტებთან ურთიერთობაში. მე მგონია, რომ დედაჩემისათვის ეს ჯილდო იქნებოდა უდიდესი სიხარულისა და სიამაყის საბაბი. ძალზე სიმბოლურია, რომ ეს მედალი დედაჩემის დაბადების დღეს 24 აპრილს გადმომეცა!
მამა – ნოშრევან თავხელიძე, ბიოფიზიკოსი ბიოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, მრავალმხრივად განათლებული და დიდი იუმორით აღსავსე ადამიანი! მან შემაყვარა მეცნიერება და პრობლემისადმი მეცნიერული და არა ემოციური მიდგომა!
ბიძა, მამაჩემის ძმა – ალბერტ (ალეკო) თავხელიძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, თსუ-ს სტუდენტი და შემდგომ პროფესორი. მან, როგორც პროფესორმა, დამანახა დიპლომანტებთან და ასპირანტებთან მუშაობის დაუვიწყარი მაგალითები. მისი სიტყვებია – „მეცნიერებაში მე მოსწავლეს არ ვეძებ, მე მინდა ვიპოვო თანამოაზრე კოლეგა და, შეძლებისდაგვარად, მის დახვეწაში მივიღო მონაწილეობა”!
ზემოთ ნათქვამიდან ნათლად ჩანს, თუ რამხელა ფასეულობას წარმოადგენს ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის უნივერსიტეტის კოლექტივის დაფასება, რაც განსახიერებულია თსუ-ს ოქროს მედალში!
ამჟამად ილია თავხელიძის ინტერესების სფეროა – მოცულობითი და ზედაპირული კვანძებისა და ხლართების სტრუქტურა, რომელშიც წამყვან როლს ასრულებენ ე.წ. „განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” სხეულები (პრობლემა პოპულარულად ასე ყალიბდება: კლასიკურ მებიუსის ლენტს თუ გავჭრით „სიმეტრიის წირის გასწვრივ”, მიიღება ერთი სხეული; „განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” სხეულის ამგვარი გაჭრის შედეგად მიიღება ერთი ან რამდენიმე სხეული, რომელთა „დათვლა” და ცალ-ცალკე მათი „გეომეტრიის” შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ როგორაა გაჭრილი ეს სხეული. მაგალითად, ერთი გაჭრით მიიღება 4 სხეული, რომელიც ნახატზე სხვადასხვა ფერითაა მოცემული, თანაც თითოეულ მათგანს სხვადასხვა გეომეტრიული მახასიათებლები აქვთ!)

ილია თავხელიძის თქმით, აღნიშნული მიმართულებებით მიღებულ შედეგებს საკმარისად დიდი გამოხმაურება აქვს არა მარტო მათემატიკურ წრეებში. ამ მიმართულებით მას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სხვადასხვა დარგისა და ქვეყნის მეცნიერებთან. მათ შორის არიან: პროფესორი პაოლო ემილიო რიჩი (მათემატიკოსი, რომის უნივერსიტეტი, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, იტალია); იოჰან ჰილისი (ბოტანიკოსი, ანტვერპენის უნივერსიტეტი, ბელგია); დიეგო კარატელი (მათემატიკოსი, ეინდჰოვენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები); სანდრა პინელასი (მათემატიკოსი, ამადორას სამხედრო აკადემია, პორტუგალია); პროფესორი მამანტი როგავა (ექიმი, უნივერსიტეტი „გეომედი”, საქართველო).
2025 წლის 6 თებერვალს ილია თავხელიძეს დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. მის სტუდენტებს კიდევ მრავალი წელი ექნებათ ბედნიერება – უსმინონ და ისწავლონ ადამიანისგან, რომელმაც მათემატიკის ზუსტი მეცნიერება ხელოვნებად აქცია.
