იაპონიაში გამოიცა იაპონელი ქართველოლოგის წიგნი საქართველოს თემაზე
„პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში“ – ამ სათაურით იაპონიაში გამოიცა იაპონელი ქართველოლოგის ჰაიატე სოტომეს წიგნი, რომელშიც განხილულია XIX საუკუნის მწერლების, ძირითადად, ილია ჭავჭავაძის („მგზავრის წერილები“, „კაცია-ადამიანი?!“), ვაჟა-ფშაველას („გველის მჭამელი“) და სხვა ნაწარმოებები.
როგორც ავტორი ამბობს, წიგნი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზეა აგებული და იაპონიაში პირველი სამეცნიერო წიგნია ქართულ ლიტერატურაზე, ანუ ასე ვრცლად განხილული წიგნი საქართველოს თემაზე დღემდე არ არსებობდა.
„ამ წიგნს საფუძვლად უდევს ჩემი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც 2021 წლის იანვარში დავიცავი. იაპონიის უნივერსიტეტის წესდების თანახმად დისერტაცია წიგნად უნდა გამოიცეს. საქართველოში 2011 წელს პირველად ჩამოვედი, როდესაც ვიყავი ბაკალავრიატის მესამე კურსზე; იმ პერიოდიდან ვმუშაობ ამ თემაზე და ეს წიგნი ამ 10 წლიანი მუშაობის შედეგია. მაგისტრატურაზე სწავლების პერიოდში დავინტერესდი – თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა; კონკრეტულად, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, როგორ აღიქვამდა ამ პრობლემას ქართული ინტელიგენცია და როგორ აისახებოდა ეს პრობლემა ლიტერატურაში. აღსანიშნავია, რომ წიგნში განხილულია – თუ როგორ ასახავს ილია ჭავჭავაძე იმდროინდელ ქართულ რეალობას ნაწარმოებებში, როგორ ასახავს ვაჟა-ფშაველა ,,გველის მჭამელში” ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ერთგვარ თანაბარ ურთიერთობას, რომელსაც მომავლის სიყვარული ჰქვია. წიგნში ბევრი ლიტერატურული ნაწარმოებები არ არის გაანალიზებული. ძირითადად, თეორიული ასპექტები განვიხილე ილიასა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით. ჩემი აზრით, პრობლემის ამგვარად წარმოჩენა იაპონელებისათვის უფრო საინტერესო იქნება“, – ამბობს ჰაიატე სოტომე.
ახალგაზრდა იაპონელი მეცნიერის პირველი „ნათლობა“ თსუ-ს ქართველოლოგიურ ცენტრში შედგა, სადაც იგი აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა; დღემდე ყოველწლიურად მონაწილეობს ცენტრის საზაფხულო სკოლის საქმიანობაში. მისი პირველი ქართული ენის პედაგოგი კი ცნობილი იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმაა.
წიგნის მხატვრობა ეკუთვნის დეა სოსელიას. მომავალში იაპონელი მეცნიერი წიგნის ქართულად თარგმნას გეგმავს, პარალელურად კი მეგრულის შესწავლასაც აპირებს.