სამტრედიელი სტუდენტის მოწოდება იტალიიდან – ,,არ გაჩერდე“!

თარიღი: 2026-02-19 18:16:33

იაკობ (ირაკლი) ორმოცაძე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.  ძირითადი სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია. საბაკალავრო პროგრამის ბოლო სემესტრის სტუდენტს მიაჩნია, რომ  ოთხი წელი ძალიან სწრაფად გავიდა. მისთვის ეს პერიოდი იყო  სიახლეებით, გამოწვევებით, თავგადასვლებითა და ახალი შესაძლებლობებით დახუნძლული. სჯერა, რომ მისი  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ზედა საფეხურების სტუდენტის ან ლექტორის ამპლუაშიც.

იაკობ (ირაკლი) ორმოცაძემ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იტალიაში, ტრიესტეს უნივერსიტეტში ისწავლა. ამბობს, რომ ეს ხუთი თვე დაუვიწყარი  იყო გამოცდილების მიღების კუთხით. „ამ პერიოდში შევიძინე  ცოდნა არა მხოლოდ  ჩემი პროფილით, არამედ  მომიჯნავე მეცნიერებებშიც. ჩემი სოციალური კაპიტალიც გაიზარდა, გავიცანი უამრავი ევროპელი თანატოლი და პროფესორი, რომლებიც ჩემი მომავალი სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისთვის ღირებულია. ჩემთვის მნიშვნელოვანი  იყო დამოუკიდებლად ცხოვრების პრაქტიკა თანატოლებთან ერთად  (აქამდე მუდამ ოჯახთან ვცხოვრობდი) და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო; ოჯახისგან დამოუკიდებლად ყოფნა დამეხმარა ჩემი ფინანსური ცხოვრების დაგეგმარებაშიც –   გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ცოდნის შეძენას არ ნიშნავს, ეს კულტურული კოოპერაციაცაა. შევიძინე ცოდნა უცხო კულტურების, სახელმწიფოებისა და ხალხის შესახებ. ეს ყოველივე შესაძლებლობაა – შეადარო  ერთმანეთს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდები… ეს თვეები იყო დატვირთული  უამრავი მოგონებით, ბედნიერების წამით, დაბრკოლებებით, რომელთა გადალახვა უცხოეთში, ექსტრემალურ პირობებში, თითქოს უფრო ძნელი, მაგრამ თან სახალისო და საინტერესო იყო“,  – ამბობს იაკობი (ირაკლი).

რაც შეეხება  თსუ-ში სწავლას,  იაკობი ამბობს, რომთსუ და, კონკრეტულად, მისი ფაკულტეტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) მის  ცხოვრებაში უდიდეს ადგილს იკავებს და სადაც არ უნდა იყოს,  მუდამ დიდი მოწიწებითა და მადლიერებით გაიხსენებს  ცოდნის ტაძარს. „არ მინდა, გაქრეს ის, რამაც ამდენი რამ მომცა, მაჩუქა – დიდი ცოდნა ჩემს მომავალ პროფესიაში, გამოცდილება, უამრავი შესაძლებლობა, პროქტები, კონფერენციები, კარიერული შემოთავაზებები, თავად ეს გაცვლითი პროგრამაც. ამიტომ თსუ უნდა დარჩეს იმად, რაც თსუ-ს თსუ-დ აქცევს – იდენტობა, ისტორია, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ურთიერთობები“, –  ამბობს იაკობი.

კითხვაზე – თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა, იაკობს თავისი მოსაზრება აქვს: ,,განსხვავება არსებობს! მაგალითად, ტრიესტეს უნივერსიტეტში არ არის შუალედური გამოცდები და მხოლოდ ფინალურს ვწერთ, ან ზეპირსიტყვიერად ვაბარებთ. აქ ეს უკანასკნელი ფართოდ დანერგილი პრაქტიკაა. ამასთან, აქ შეგიძლია უარყო ლექტორის შეფასება, გაასაჩივრო და რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გახვიდე ე.წ. გადაბარებაზე; შეგიძლია ერთ საგანში  გამოცდა რამდენიმე წელი ჩააბარო – მართალი გითხრათ, ეს არ მომწონს. ასევე, აქ მხოლოდ ფინალურ გამოცდაში იწერება შეფასება; სალექციო აქტივობები არ ფასდება ქულებით; არც სემინარები აქვთ. დაამუშავებ მასალას, გახვალ გამოცდაზე და მხოლოდ ასე იღებ ქულას. შეფასების სისტემაც განსხვავებულია: 100 ქულის მაგივრად აქ მხოლოდ 30-ია, საგნის ,,გადალახვას“ კი მინიმუმ 16 ქულა სჭირდება. მართალი გითხრათ, არ ვიტყვი, რომ ეს არ მომეწონა, უბრალოდ იმდენად განსხვავებული პრაქტიკაა, რომ მეუცნაურა, თუმცა იტალიელებისათვის ეს ჩვეულებრივი პროცესია“.

რაც შეეხება იაკობის „წარმატების ისტორიას“, თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი.ისტორიის მთავარი ავტორი თავად ვარ და გეტყვით – ჯერ ძიების პროცესში ვარ.  ერთ პატარა ქალაქში დაბადებული ბიჭი საქართველოს საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვხვდი, ვისწავლე ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, შევიძინე ცოდნა, გამოცდილება, ავიხდინე რამდენიმე ოცნება და ეს „წარმატების ისტორია“ იმატებს და იმატებს გვერდებს. მკითხველს კი ვეტყვი, არასოდეს დანებდე და იცოდე, რომ მთავარია გჯეროდეს, არ შეწყვიტო ოცნება, იმუშავე შენს თავზე და შედეგი გაგაოცებს… სამტრედიელი ბიჭი ამ სიტყვებს რომიდან, მსოფლიოს ცენტრიდან ვწერ, ამიტომ – #არგაჩერდე!“

Facebook
Twitter
LinkedIn