ია ნადირაშვილს მიზნების წინასწარ გაზიარებას პირდაპირ შედეგის ჩვენება ურჩევნია

თარიღი: 2023-10-12 19:55:22

ია ნადირაშვილი, რომელიც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის მიმართულებით მესამე კურსზე სწავლობს, დღეს თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციაში გადის სტაჟირებას. საუნივერსიტეტო საზოგადოება მას ჩვენი ინტერვიუდან უკეთ გაიცნობს.

  • რატომ აირჩიე თსუ? რა მოგცა უნივერსიტეტმა?
  • ყოველთვის მიზიდავდა თსუ და იდეა – ვყოფილიყავი მისი დიდი ისტორიის ნაწილი, ამიტომ არჩევანი მარტივად შევაჩერე სწორედ ამ უნივერსიტეტზე. ვფიქრობ, ნებისმიერ ადგილს ღირებულსა და სასურველს ისევ და ისევ ადამიანები ხდიან, მე კი, პირველ რიგში, სწორედ იმ სოციალური კაპიტალით ვარ კმაყოფილი, რომელიც უნივერსიტეტმა შემძინა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომლის მიღებაც თსუ-ში შეიძლება.
  • მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე?
  • სოციოლოგია ნამდვილად არ არის ძალიან ცნობილი და გავრცელებული პროფესია. მეც ნაკლებად ვფლობდი ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოვიძიე ცნობები ამ სფეროზე, გადავწყვიტე, რომ სწორედ სოციოლოგიის მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. საზოგადოება ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, სოციოლოგია კი სწორედ  საზოგადოების შესახებ მეცნიერებაა. ეს პროფესია ჩემი ინტერესის ძირითად სფეროებს აერთიანებს, კვლევებსა და ფილოსოფიას, შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
  • ამ ეტაპზე მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული, არის სივრცისა და რესურსის ნაკლებობა, თუნდაც ის, რომ ჩვენი ფაკულტეტის არაერთი საგანი ფიზიკის ინსტიტუტში იკითხება. ეს საკმაოდ რთული და არაკომფორტულია სტუდენტებისთვის.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
  • სტუდენტობის ნახევარი უკვე გავიარე, რომლის დიდი ნაწილიც პანდემიამ ,,წაგვართვა“. მინდა, რომ დარჩენილი სემესტრები მაქსიმალურად საინტერესოდ და შემოქმედებითად გავატარო. ამიტომ მსურს და ვეცდები, აქტიურად ვიყო ჩართული საუნივერსიტეტო შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებსა თუ პროექტებში, რომელთაც, იმედი მაქვს, რომ თავად უნივერსიტეტი ხშირად შემოგვთავაზებს.
  • რატომ გინდა ჟურნალისტიკის შესწავლა?
  • ვფიქრობ, ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ძალიან დიდი ინფორმაციის წყარო და ბევრ საინტერესო ადამიანთან დაახლოების შესაძლებლობაა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკის შესწავლით მნიშვნელოვნად გაფართოვდება ჩემი ცოდნისა და ინტერესის არეალი და ეს პროფესია უდიდეს გამოცდილებას შემძენს.  
  • როგორი მედია-გარემოა დღეს საქართველოში?
  • ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართული მედია არაჯანსაღად არის გადაჯაჭვული პოლიტიკასთან, რასაც დიდი გავლენა აქვს მოსახლეობის პოლარიზაციაზე. ამავდროულად, მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს შემეცნებით/გასართობ პროგრამებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი. ასაკს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მგონია, დღევანდელ მედია-გარემოში ეთიკური ნორმების დაცვას არ ექცევა საკმარისი ყურადღება. მედიის ერთ-ერთ უდიდეს სარგებლად ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანების აღმოჩენის შესაძლებლობა მიმაჩნია. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ქართული მედია-გარემოც საკმაოდ დიდ ყურადღებასა და რესურსს უთმობს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ მედიას საკმაოდ ბევრი ბერკეტი უჭირავს საიმისოდ, რომ საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინოს და მის განვითარებაზე ან დეგრადაციაზე გარკვეული ზემოქმედება ჰქონდეს. ამიტომ, მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს, რასაც ქართული მედია დასავლური სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით დგამს. ვფიქრობ, დღევანდელობაში უმნიშვნელოვანესია კრიტიკული და თავისუფალი მედიის არსებობა, ცხადია სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვით, თუმცა, მგონია, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
  • სად გინდა დასაქმება?
  • ჩემი ინტერესის არაერთი სფეროდან გამომდინარე, მიჭირს ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა. თუმცა, იმედი მაქვს, ვიპოვი ისეთ საქმეს, რომელიც ჩემს ინტერესებთან ყველაზე მეტად იქნება შესაბამისობაში. მანამდე კი ჩემი თავი წარმომიდგენია ისეთ სფეროში/სამსახურში, რომელიც საშუალებას მომცემს მქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რათა გავიცნო მათი კულტურა, ენა და ჩემი ცხოვრებაც აქტიურად და საინტერესოდ წარვმართო.
  • რითი ერთობი?
  • ჩემთვის გართობა, პირველ რიგში, დროის მეგობრებთან ერთად გატარებასთან ასოცირდება, იქნება ეს საუბარი, თამაში თუ სხვადასხვა საინტერესო ადგილის აღმოჩენა და დათვალიერება. შეიძლება ითქვას, არც მარტო ვიწყენ, რადგან ამ დროს შემიძლია ჩემს საყვარელ საქმიანობებს დავუთმო დრო – ვიკითხო ლიტერატურა, ვუყურო ფილმებს, გავატარო დრო სოციალურ ქსელში თუ დავკავდე სხვადასხვა ჰობით.
  • რა არის შენი მოტივაციები?
  • ადამიანები – ჩემი ოჯახი და მეგობრები, ან უბრალოდ უცხო ხალხი, რომლებიც დაუღალავი შრომით აღწევენ დასახულ მიზნებს და, პირველ რიგში, ჩემი თავი, ჩემი სურვილები და სამომავლო გეგმები, რისთვისაც შრომა ნამდვილად ღირს.
  • რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზნები?
  • მეც იმ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ მიზნებისა და გეგმების წინასწარ გაზიარებას პირდაპირ საბოლოო შედეგის ჩვენება სჯობს, ამიტომ ამის შესახებ დეტალურად არასდროს ვსაუბრობ. თუმცა, ძირითადი მათგანი სწავლასთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე, მეტწილად, უნივერსიტეტზე ვარ ორიენტირებული და მინდა – წარმატებით დავასრულო ბაკალავრიატის საფეხური და გამოვიყენო გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა, როგორც კი ამის საშუალებას სასწავლო პროგრამების განაწილება მომცემს.  ასევე, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას საზღვარგარეთ, უფრო მაღალ საფეხურზე და, ასევე, ვეცდები, რომ აქტიურად ვიყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში.
Facebook
Twitter
LinkedIn