თსუ-ს დოქტორანტი ია მელქაძე იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხზე მუშაობს

თარიღი: 2023-10-18 15:31:40

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოქტორანტის ია მელქაძის ინტერესის მთავარი სფერო თანამედროვე პერიოდში საქართველოსა და იტალიის დიპლომატიური ურთიერთობებია.

ია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვარგარეთ ქართულ სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად  2005 წელს ჩაირიცხა. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში  მან შეძლო მშობლიურ ენაზე კარგად მეტყველებისა და წერის უნარის შენარჩუნება და შემდეგ – ქართულ ენაზე განათლების მიღება. 2009 წელს იგი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ბაკალავრი გახდა,  2012 წელს აქვე მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროპისმცოდნეობაში, 2014 წელს კი მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპული საზოგადოებრივი პოლიტიკის მაგისტრი გახდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მეცნიერს სხვადასხვა პერიოდში სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ნიდერლანდებში, ბელგიაში, ირლანდიასა და იტალიაში ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის ინსტიტუტების საკითხებზე.

იას კარიერული წინსვლა იტალიაში 2014 წლიდან დაიწყო. ჯერ  ფლორენციაში იყო, ბოლო ერთი წელი კი  ნეაპოლში ცხოვრობს და აქტიურად აგრძელებს მუშაობას იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხზე. მისი აზრით, დღეს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდება ქართული დიასპორის რიცხვისა და გავლენის ზრდით იტალიაში.

„ჩემი მეცნიერული კვლევა, რომელიც ორივე ქვეყანაში საარქივო მასალის, შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა პერსპექტივის, არსებული ლიტერატურის და ცალკეული შემთხვევების ანალიზს მოიცავს (დიასპორის საკითხების და ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩათვლით),  საინტერესო და შედეგიანი  იქნება  ორივე  ქვეყნისათვის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სასწავლო და კვლევითი პროცესის ორ ქვეყანასა და ორ უნივერსიტეტში წარმოება, შესაბამისი მასალების აღმოჩენა, ისევე, როგორც ახალი სასწავლო და კვლევითი რესურსების შექმნა, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის დამყარებული კავშირების განმტკიცებას და, ზოგადად, საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესის ზრდას იტალიის აკადემიური დაწესებულებებისა და ანალიტიკური ინსტიტუტების მხრიდან. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ორმაგად საინტერესოა კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლო ქართული დიასპორის საკითხები იტალიაში, კერძოდ – რამდენად ხელს უწყობს დიასპორის აქტიურობა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, – ამბობს ია მელქაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვლევა ნაწილობრივ იტალიაში და ნაწილობრივ საქართველოში სწავლას და მუშაობას მოითხოვს. ია ფიქრობს, რომ წინ რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო პერიოდი ელოდება. „მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ქალბატონ ია ხუბაშვილის მიმართ, რომლის გაცნობა და რომელთან თანამშრომლობაც ფლორენციაში მშვიდობის მხარდამჭერ და რელიგიათაშორისი დიალოგის პროექტების ფარგლებში მხვდა წილად.  მისი რჩევები და მხარდაჭერა ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა აკადემიურ სივრცეში დასაბრუნებლად. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  „ლ’ორიენტალეს“ პროფესორის, ბატონი გაგა შურღაიას გამოჩენილი გულისხმიერება და ჩემი სადოქტორო კვლევის თანახელმძღვანელობაზე თანხმობა“,  – ამბობს ია.

ია მელქაძე თავისუფალ დროსაც შინაარსიანად ატარებს. მისი ერთ-ერთი გატაცება ფორტეპიანოზე დაკვრაა,  ბოლო დროს კი საეკლესიო ორღანზე დაკვრის შესწავლა გადაწყიტა.  „პირველად ამ ინსტრუმენტთან შეხება  ფლორენციის „სანტა კროჩეს“ ბაზილიკაში მქონდა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მუსიკას ვზიარებოდი იქ, სადაც ამდენი ისტორიული პირი განისვენებს. საქართველოში, თბილისში, კათოლიკური ეკლესიის ორღანისტმა, მუსიკის თეორეტიკოსმა და პედაგოგმა, ბატონმა ლევ ოსიპოვმა საშუალება მომცა, რომ ამ კუთხით ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა.  მახარებს ის ფაქტი,  რომ სულ მალე ნეაპოლის სან პიეტრო ა მაიელას სამუსიკო კონსერვატირიის თავისუფალი მსმენელი გავხდები, სადაც ამ მიმართულებით ცოდნას უფრო გავიღრმავებ“,  – ამბობს ია მელქაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn