I საერთაშორისო კონფერენცია – „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ – თსუ-ში
უახლესი სამედიცინო კვლევები, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო პარტნიორებთან და ერთობლივ კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობა განიხილეს ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიცინის წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ასევე, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან.
როგორც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, კონფერენცია ტრადიციული გახდება და 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის ორგანიზებაში ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო წევრების ჩართულობას. 2021 წელს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტთან შექმნილ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებულია 15 ცნობილი მეცნიერი 10-ზე მეტი ქვეყნიდან და მისი მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების შექმნა.
„მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭო, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებისთვის შეიქმნა და შემდეგ უკვე აკადემიური პერსონალისთვის. ჩვენ გვჭირდება გაცვლითი პროგრამები, მოწინავე გამოცდილება, რადგან მედიცინაში ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით მედიცინის ზოგიერთ დარგში, ჩვენზე წინ არიან. მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო საბჭოს წევრები თსუ-სთან თანამშრომლობისთვის მზად არიან“,- აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.
ექსპერტები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შექმნას უნიკალურ პრეცედენტად აფასებენ. ამ ფორმატში თანამშრომლობა სამედიცინო განათლებაში კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევა. საბჭოს ორგანიზებით იგეგმება ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლების, საექსპერტო საქმიანობის, დარგობრივი ლექციების და სამეცნიერო ფორუმების ორგანიზება, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.
„საბჭოს შეხვედრები ერთი წლის წინ ონლაინ ფორმატში დაიწყო, ამჯერად კი პირველად გაიმართება წევრთა პირისპირ შეხვედრა, რომელზეც მედიცინის ფაკულტეტის მომავალი განვითარება განიხილება, ასევე განისაზღვრება საბჭოს წევრთა დარგობრივი ჩართულობა. დღევანდელ კონფერენციაზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა — გაეცნონ და მოუსმინონ წარმატებულ, მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს. უნივერსიტეტი ნამდვილად ზრუნავს სწავლისა და კვლევის ინტეგრაციაზე. სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრები ნამდვილად იქნება შესაძლებლობა, რომ სტუდენტებმა მოუსმინონ წარმატებულ, მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, თავიანთი თემები წარადგინონ და, რაც მთავარია, ამ კოლაბორაციის შემდგომ განვითარებაზე ვიფიქროთ“, — აღნიშნა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ.
სამომავლო თანამშრომლობის, ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ისაუბრეს უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც.
„გოტინგენის უნივერსიტეტს სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება, გვჯერა, რომ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები სასიკეთო იქნება მომავალი თაობებისთვის“, — განაცხადა გოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტის დირექტორმა ოტო რეინჰოფმა.
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკების გაფართოების და გამრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერჯან აიილდიზმა.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ სტუდენტების პროფესიონალიზმის ზრდაზე. ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ პროფესიონალი მედიკოსისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა. ვფიქრობ, თსუ-სა და ამერიკული ჰოსპიტლის კოლაბორაცია სხვა უნივერსიტეტებისა და კლინიკებისთვის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და გამოცდილება იქნება“, — აღნიშნა ერჯან აიილდიზმა.
ღონისძიებაზე საბაზისო კლინიკური კვლევებისა და თანამედროვე სამედიცინო კვლევების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველ მკვლევრებს და კლინიცისტებს მომავალშიც ექნებათ უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისში ტარდება ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია. თვით ის სახელები, რომლებიც ამ პროგრამაში შემხვდა, არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ყველა მათგანის უკან არის ძალიან დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი. ისინი ჩვენთან ერთად ცდილობენ ჩვენი მედიცინის, ჩვენი სამეცნიერო ბაზისის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მისასალმებელია“, — აღნიშნა კონფერენციის მომხსენებელმა, კლინიკა „გულის“ ელექტროფიზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არითმოლოგმა ხათუნა ჯალაბაძემ.
საერთაშორისო კონფერენციაზე — „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ — მოხსენებებთან ერთად მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრებმა საჯარო ლექციებიც წაიკითხეს.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია და თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო წევრები ესწრებოდნენ.