თენგიზ კიკაჩეიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი XIX საფაკულტეტო კონფერენცია თსუ-ში

თარიღი: 2025-07-09 13:28:23

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა 30 ივნისს XIX საფაკულტეტო კონფერენცია გახსნა, რომელიც პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საფაკულტეტო კონფერენციები 2006 წლიდან ტარდება. როგორც დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე აღნიშნავს, ღონისძიება ყოველწლიურად იმ მეცნიერს ეძღვნება, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაში: „ეს არის ჩვენი ტრადიციული საფაკულტეტო ინტერდისციპლინური კონფერენცია, რომელიც უკვე მეცხრამეტედ ტარდება. გარკვეულწილად, ეს ჩვენი სამეცნიერო მუშაობის შეჯამებაა. წელს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბატონი თენგიზი გავიხსენოთ, კიდევ ერთხელ  შევაფასოთ და  დავაფასოთ მისი ღვაწლი;  წამოვაჩინოთ ქართული ლიტერატურათმცოდნეობის განვითრებაში მის მიერ შეტანილი წვლილი და  გავიხსენოთ ის როგორც ლექტორი,  პიროვნება,  ქვეყნის სამსახურში მდგარი მოღვაწე“.

წლევანდელი საფაკულტეტო  კონფერენციის  თენგიზ კიკაჩეიშვილისთვის  მიძღვნის  გადაწყვეტილება ფაკულტეტის საბჭომ  თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა რატიანის და ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის,  ასოცირებული პროფესორის ეკატერინე ნავროზაშვილის ინიციატივით მიიღო. 

კონფერენცია  გახსნა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც  დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა, რომ თენგიზ კიკაჩეიშვილი იყო არა მხოლოდ  ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული  პროფესორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი და  შესანიშნავი მეცნიერი, არამედ  საზოგადო მოღვაწეც. 

4 დღიანი კონფერენციის პირველი ორი დღე პროფესორების მოხსენებებს დაეთმო,  2-3 ივლისს კი  ჩატარდა   სტუდენტური კონფერენცია, სადაც  სექციური მუშაობა წარიმართა ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის და ფილოლოგიის მიმართულებით.  

სექციური მუშაობის დროს პროფესორებმა წარადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: ,,კულტურული რევოლუცია და საბჭოთა სოციალისტური კულტურა” (მაია ქვრივიშვილი), ,,კაუზატიური კონსტრუქციების ნანოსინტაქსი თაბასარანულ ენაში” (ცირა ბარამიძე), ,,ქართული აქტივ-პასივ ზმნურ პარადიგმათა სემანტიკურად ადეკვატური ინგლისური თარგმანისთვის” (რამაზ ქურდაძე, ირინე დემეტრაძე), ,,პოლიტიკური საგაზეთო ტექსტების სემანტიკური ანოტაცია და ანალიზი ლექსიკოგრაფიის ჭრილში” (მარინე მახათაძე), ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ევროპელი მისიონერები აზიის ქვეყნებში” (ნანა გელაშვილი), ,,ეგვიპტური ღვთაებები საქართველოში” (მარიკა მშვილდაძე), ,,შუასაუკუნეების ხელოვნების ფილოსოფიურ-ესთეტიკური ანალიზი” (ნაბა გულიაშვილი).

კონფერენციის  დღეებში თსუ-ს მუზეუმში  გაიხსნა პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა,  ასევე  გაიმართა ირმა რატიანის მონოგრაფიის – „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“ პრეზენტაციაც, რომელიც ასევე მიეძღვნა თენგიზ კიკაჩეიშვილს.

ღონისძიების გახსნისას ირმა რატიანმა გაიხსენა ბატონი თენგიზის ცხოვრების გზა და მის მიერ გადატანილი ტკივილები, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელი არასდროს შეუშლია: „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ – ეს სიტყვები სავსებით ესადაგება ბატონი თენგიზის ცხოვრების და მოღვაწეობის გზას, ერთიანად გაჟღენთილს თავისი ქვეყნისადმი ერთგულებითა და თავდადებით. მიუხედავად უმძიმესი პირადი ტრაგედიისა, არ გატეხილა… არავინ დაუმძიმებია თავისი დარდით. მხოლოდ წლების შემდეგ დაწერა წიგნი — „მარადის არის წიგნი“, სადაც პირველად გამოხატა ეროვნული და პიროვნული ტკივილით გაჯერებული ფიქრები შვილზე, საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე“, – აღნიშნა ირმა რატიანმა.

თენგიზ კიკაჩეიშვილი ლიტერატურის თეორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის გამორჩეული მკვლევარი იყო; მის ლექციებს სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი ახლდა თან: „ლექციებზე ტევა არ იყო, იმიტომ რომ ის ვერ თავსდებოდა სტანდარტებში, ვერ ეტეოდა ჩარჩოებში. ყოველი ლექცია ახალი იმპროვიზაცია იყო – მიმართული ლიტერატურისა და თავისუფლებისკენ“, – ამბობს ქალბატონი ირმა.

პროფესორი აქტიურად იკვლევდა თავისუფლების იდეის ისტორიას ლიტერატურაში. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა – მონოგრაფიები, ნარკვევები, თხზულებები – დღესაც სამაგიდო ლიტერატურაა ლიტერატურათმცოდნეებისა და სტუდენტებისთვის. კონფერენციის გახსნაზე მოგონებებით გამოვიდნენ  ბატონი თენგიზის  კოლეგები,  მეგობრები,  მისი  მოწაფეები  და  ყოფილი სტუდენტები.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი  1964 წელს დაამთავრა და  მალევე შეუდგა უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას. 1987 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა და 4 კრებულის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ღირსების ორდენითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით.

როგორც თავად წერდა: „ზნეობრივი კომპრომისის ხარჯზე ვერასოდეს შედგება სრულყოფილი ზეიმი სულისა, რასაც თავისუფლება ჰქვია“. დღეს, მისი სახელობის კონფერენციაში მონაწილე პროფესორები და სტუდენტები ცდილობენ გააგრძელონ ის ინტელექტუალური მემკვიდრეობა, რომელიც პროფესორმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებას დაუტოვა.

Facebook
Twitter
LinkedIn