პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია – ,,თსუ 107″
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ,,თსუ 107″ გაიმართა.
კონფერენცია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა და უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. ამ თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თსუ-ში უკვე მესამედ ტარდება.

„კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებმაც სამეცნიერო კვლევების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა გაგვიზიარეს. პროფესორებმა კონფერენციაზე სრულიად ახალი მიდგომები, ხედვა წარმოადგინეს სხვადასხვა მეცნიერული საკითხების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას და ჰუმანიტარული მეცნიერებებით ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას“, – განაცხდა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთავაძემ.
თემატიკა, რომელსაც მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა, მოიცავდა ისტორიას, ფილოლოგიას, ეთნოლოგიას, არქეოლოგიას, ანთროპოლოგიას, ფილოსოფიასა და ხელოვნებათმცოდნეობას.
კონფერენციის დიაპაზონზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მასზე წარმოდგენილი მოხსენებები სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნების ავტორთა ნაწარმოებების, ისტორიის საკითხების კვლევებს მოიცავდა: „იერუსალიმის პატრიარქ თეოფანის III-ის როლი მადრიდში ნიკიფორე ირბახის დიპლომატიური მისიის მომზადებაში“ (მომხსენებელი: მურმან პაპაშვილი); „პარაკლიტონის“ ქართული რედაქციები (მომხსენებელი: ნესტან სულავა); „ზურაბ ავალიშვილი – 150 (შტრიხები პორტრეტისათვის)“ – (მომხსენებელი: ნიკოლოზ ჯავახიშვილი); „სიყვარულის პლატონური კონცეფცია და სიმბოლისტური პარადიგმები“ (მომხსენებელი: თამარ პაიჭაძე ); „რუსული ჯარი კავკასიაში: რუსი მწერლების შეფასებები და ისტორიები“ (მომხსენებელი: დალი კანდელაკი); „ონომასტიკის შეცვლის ექტრალინგვისტური და ლინგვისტური ასპექტები ცხინვალის რეგიონში“ (მომხსენებელი: ცირა ბარამიძე); „ხალხურ დღესასწაულთა სახეცვლილებები და ფუნქციები თანამედროვეობაში“ (მომხსენებელი: ქეთევან ხუციშვილი“); „ტრადიციული სოლიდარობის ფორმები სვანეთში ძველად და ახლა“ (მომხსენებელი: როზეტა გუჯეჯიანი); „სათნოებათა ეთიკის თანამედროვე რეკონსტრუქცია – ჯ. ე. მ. ენსკომბი“ (მომხსენებელი: ანასტასია ზაქარიაძე) და სხვა…
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ცანავა, პროფესორები: ანასტასია ზაქარიაძე და მანანა გელაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მათ თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ თითოეული მათგანის შესახებ ისაუბრა და კონფერენციის მსმენელებს მათი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები შეახსენა.

დაჯილდოებულმა პროფესორებმა დიდი მადლობა გადაუხადეს თსუ-ს ადმინისტრაციას, კოლეგებს და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებას აღიარებისა და დაფასებისათვის.
„ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს… უნივერსიტეტი ჩემთვის, პირველ რიგში, თაობათა ესტაფეტაა: წინაპრებისგან მიღებული მომავალ თაობებს ღირსეულად უნდა გადავცეთ! უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი იოსებ ყიფშიძე ჩემი დიდი პაპა იყო და ამიტომ გარკვეული პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს უნივერსიტეტის მიმართ და, ალბათ, სიყვარულიც“, – აღნიშნა პროფესორმა მანანა გელაშვილმა.


თსუ-ს ოქროს მედლით დაჯილდოება პროფესორ ანასტასია ზაქარიაძისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო. როგორც თვითონ განაცხადა, ამ ჯილდოს მიღებაში წვლილი მის კოლეგებსაც მიუძღვით, ვისთან ერთადაც ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. „უნივერსიტეტი ჩემი სახლია, სადაც ყოველთვის მოვიჩქარი“, – აღნიშნა პროფესორმა ანასტასია ზაქარიაძემ.
თსუ-ს პროფესორების დაჯილდოების შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, სადაც წარმოდგენილი მოხსენებები მეცნიერთა უფროსი თაობის წარმომადგენელთა შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარების საუკეთესო საშუალება იყო.
