ჰასმიკ ტონერიანი: ,,ორი სპეციალობა მაქვს – მხატვრობა და სინოლოგია

თარიღი: 2024-06-14 17:24:56

ჰასმიკ ტონერიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1+4 პროგრამით მოხვდა; თავდაპირველად, ერთი წელი ქართულის შესწავლას მოანდომა, შემდგომ კი სწავლა სახვითი ხელოვნების პროგრამაზე გააგრძელა, რადგან ხატვა მისი ერთ-ერთი გატაცებაა. ჰასმიკი ჩინური ენის შესწავლით მოგვიანებით დაინტერესდა. 

„ჩინური ენით და კულტურით უნივერსიტეტში ჩაბარებამდე არ ვიყავი დაინტერესებული… მომწონდა აზიური ფილმები, მათი კულტურა, მაგრამ არც კი მიფიქრია, რომ როდესმე მეც მოვინდომებდი  ჩინურის სწავლას. პირველი კურსის მეორე სემესტრში საგნების არჩევისას შემხვდა ჩინური, ჯგუფში  ერთი ადგილი იყო დარჩენილი და დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ბედისწერა იყო. ჩემი პედაგოგების დამსახურებით, ჩინური ენისა და კულტურის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდებოდა, ამიტომაც ავირჩიე სინოლოგია მაინორ პროგრამად.  მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პირველ მასწავლებელს ანა გოგუაძეს, ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გელაშვილს, ასევე,  ჩემს ახლანდელ პედაგოგებს: თეონა გელაშვილს და ლი ძიენფენგს, რომელთა გარეშე ვერაფერს შევძლებდი ამ სფეროში, “ – ამბობს ჰასმიკი.

მისი თქმით, უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება ბევრად უფრო სასიკეთოდ შეიცვალა, მისი ოცნებები ასრულდა, ამავე დროს, გაიჩინა მეგობრები და, როგორც თავად ამბობს, აქ აღმოაჩინა თავისი „დიდი სიყვარული“ – ჩინური!

ჰასმიკმა 31 მაისს მიიღო წერილი, სადაც ატყობინებდნენ, რომ მოიპოვა შანტუნგის პედაგოგიური უნივერსიტეტის მეგობრული ქალაქების სტიპენდია. მან, ასევე, ნოემბერში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ჩააბარა ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა (B1დონე). სტიპენდიატები აირჩიეს შესაბამისი საბუთების განხილვის შემდეგ, რის შედეგადაც, ჰასმიკ ტონერიანი 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ივლისამდე სწავლას გააგრძელებს შანტუნგის პედაგოგიურ უნივერსიტეტში (Shandong Normal University).

ჰასმიკ ტონერიანი ჩინეთში სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დასამთავრებლად დაბრუნდება, შემდეგ კი მაგისტრატურის კურსის გავლას კვლავ ჩინეთში გეგმავს.  მისი სამომავლო გეგმები ჩინურ ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით – მხატვრობასთან.

„ისე მოხდა, რომ ორი სპეციალობა მაქვს:  მხატვრობა და სინოლოგია. ორივე ძალიან მიყვარს…

ამის  გარდა, ასევე,  მაქვს ძალიან ბევრი სხვა ინტერესი – ვფლობ სომხურ, რუსულ, ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებს, ახლა ვსწავლობ არაბულსაც. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებაში შევძლებ მონაწილეობის მიღებას“,  – ამბობს ჰასმიკ ტონერიანი.

Facebook
Twitter
LinkedIn