ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლას თსუ 7 სტუდენტს დაუფინანსებს

თარიღი: 2025-02-03 16:59:29

თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის სესიებში მონაწილეობას შეძლებენ. წინასწარი კონკურსის შედეგად გამოვლენილ 7 საუკეთესო სტუდენტს კი თსუ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს. შესაბამისი თანამშრომლობის შესახებ უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

თსუ-მ ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. მსურველმა აპლიკანტებმა სრული განაცხადი mobility.tsu.ge-ს ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე უნდა გააგზავნონ ამა წლის 20 თებერვლის 17:59 საათამდე.

ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლისთვის კონკურსში ჩასართავად გარკვეული აკადემიური წინაპირობების დაკმაყოფილება, ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ფინანსური მზაობაა საჭირო. შესარჩევი პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს ელექტრონულ განაცხადს, დოკუმენტაციას, შემდეგ გაესაუბრება კანდიდატებს და შეარჩევს გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებსაც წარუდგენს ჰარვარდის უნივერსიტეტს.

როგორც იგეგმება, ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლის შესაძლებლობით ათეულობით სტუდენტი ისარგებლებს. რაც შეეხება 7 საუკეთესო მაჩვენებლების სტუდენტს, მათ თსუ 3-კვირიან პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ სწავლის, საერთო საცხოვრებელში განთავსების, ჯანმრთელობის დაზღვევის და კვების ხარჯებს დაუფინანსებს. საყურადღებოა, რომ უნივერსიტეტი არ ანაზღაურებს სავიზო გადასახადებს, სამოგზაურო დაზღვევასა და მგზავრობის თანხას.

თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სტუდენტებს განაცხადის გაკეთება ასევე შეუძლიათ ჰარვარდის 4 და 7-კვირიან საზაფხულო პროგრამებზეც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველა ხარჯის სრულად დაფარვა თავად სტუდენტს ან მის სპონსორს მოუწევს. აკადემიურ, ფინანსურ და სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მოძიებას დეპარტამენტის ბმულზე შეძლებთ.

ინფორმაციისთვის: 1871 წელს დაარსებული ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS) ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამაა; პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებს უძღვებიან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები. ჰარვარდის უწყვეტი განათლების დეპარტამენტსა და თსუ-ს შორის დაწყებული პარტნიორობა მოიცავს საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებისთვის პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტური ვიზის მოპოვების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.

აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მონაწილე თსუ-ს სტუდენტები მიიღებენ აკადემიურ კრედიტებს, რომელიც აღიარდება თსუ-ს მიერ. ამავე დროს, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია აღიარდეს ჰარვარდის მიერ.

                                                                                                                         ნინო ჩარკვიანი

                                                           გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი

Facebook
Twitter
LinkedIn