„გზავნილი ხარაგაულიდან“ – სასწავლო-სტუდენტური ჟურნალის პრეზენტაცია

თარიღი: 2023-06-19 19:14:19

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო-სტუდენტური ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი „გზავნილი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე საგნის – „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში 2013 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის უკვე გამოცემულია 33 ჟურნალი, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობითა და სტუდენტების ჩართულობით მზადდება. „გზავნილის“ 33 ნომერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ სოციალურ, კულტურულ, ისტორიულ მასალებს აერთიანებს.

პროექტ „გზავნილის“ მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბებაა, თუმცა პროექტის ფარგლებში გამოცემული ჟურნალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ერთგვარ წყაროსაც წარმოადგენს. პროექტის ხელმძღვანელის მაია ტორაძის განმარტებით, ჟურნალებზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისეთი მასალების მომზადებაა, რომელიც დროს გაუძლებს.

„სასწავლო-სტუდენტური ჟურნალი უკვე 10 წელია გამოიცემა. პროექტის ფარგლებში ეწყობა გასვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ: ითავსებენ რედაქტორის, სტილისტ-კორექტორის, ფოტოგრაფის, ჟურნალისტის ფუნქციებს, მართავენ news room-ს, ადგილზე ეძებენ წყაროებს, ინფორმაციებს, სწავლობენ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევას, შედეგად ჟურნალში იბეჭდება სოციალური, კულტურული, ისტორიული და ა.შ. შინაარსის მასალები“, – განმარტავს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

„ჟურნალზე მუშაობისას განსაკუთრებით კარგად ვითავისებთ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარებს, თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რაც ხარაგაულში მუშაობამ გვასწავლა – პატარა სოფლებსა და კუთხეებშიც კი შეიძლება იმალებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მთელი ქვეყნისთვის აქტუალური და დასაფასებელია“, – გვითხრა ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ მთავარმა რედაქტორმა თამარ კირკიტაძემ.

ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაციაზე რაიონის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება და ფოტოგამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, ჟურნალის რესპონდენტები ხარაგაულიდან, სტუდენტები და თსუ-ს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტი „გზავნილი“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ხორციელდება, არის ძალიან კარგი საშუალება სტუდენტებისთვის, რომ პრაქტიკაში შეისწავლონ თავისი საყვარელი საქმე, განივითარონ პროფესიული უნარები. დღეს გვქონდა ახალი ნომრის „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაცია. ამ ჟურნალში შეკრებილია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობებზე, მოცემულია სტატიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მოღვაწეობდნენ ხარაგაულში და რომლებიც წარმოშობით ამ რაიონიდან არიან. ძალიან საინტერესო ნომერია და ვურჩევ საზოგადოებას, რომ გაეცნონ ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებულ გზავნილს ხარაგაულიდან“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროექტმა „გზავნილი“, გარდა ბეჭდური მასალებისა, მულტიმედია კონტენტიც მოიცვა და მკითხველს დამატებით ინფორმაციაზე წვდომის ელექტრონული საშუალებაც შესთავაზა. ჟურნალის ახალ ნომერს თან ერთვის QR კოდები, რომლის დასკანერების შემთხვევაში მკითხველს რეგიონის შესახებ დამატებითი ტექსტური ინფორმაციის, ვიდეო და ფოტომასალების გაცნობა შეუძლია.

„გზავნილი ხარაგაულიდან“ ჟურნალის ფორმატში – თითქოს თანამედროვედ არ ჟღერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასში საინტერესოდ არის შერწყმული ინფორმაციის გადმოცემის  სტანდარტული და უახლესი მეთოდები. ჟურნალის თითოეულ გვერდზე მკითხველი QR კოდებს ნახავს, რომლის დასკანერების შემთხვევაში სულ სხვანაირი ხარაგაული წარმოუდგება თვალწინ.  ჩვენი გამოფენაც ინტერაქციული ხასიათისაა – ფოტოებს ასევე QR კოდები ერთვის თან. ჟურნალის ერთ-ერთ გვერდზე არსებული QR კოდი კი მკითხველს ხარაგაულთან დაკავშირებული საკუთარი ისტორიის საზოგადოებისთვის გაზიარების საშუალებას აძლევს. ეს ყველაფერი  შექმნეს  4 დღეში ახალი თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან“, – აღნიშნა ასისტენტმა, თსუ-ს მულტიმედია ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ლიანა მარქარიანმა.

ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაციაზე  ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი სტუდენტები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დაჯილდოვნენ. სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს ბადრი ვადაჭკორიას, რომელმაც ხარაგაულში სტუმრობისას სტუდენტებს ფოტოგრაფიაში მასტერკლასები ჩაუტარა.

ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები  „ახალი ბანას“ ვაჟთა ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა.

ამ დროისთვის თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძისა და ასისტენტის ლიანა მარქარიანის ხელმძღვანელობით ახალ ნომერზე – „გზავნილი რაჭიდან“ მუშაობენ.

Facebook
Twitter
LinkedIn