თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თსუ-ში ღვინის სამართლის კლინიკა დაარსდა

თარიღი: 2025-12-10 12:48:06

2025 წლის სექტემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ღვინის სამართლის კლინიკა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. კლინიკა საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციის ბაზაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს ღვინის სამართლით დაინტერესებული სტუდენტების მონაწილეობას ღვინის სამართალწარმოებაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

თსუ-ს ღვინის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი მაკა ნუცუბიძე აცხადებს, რომ კლინიკა აპირებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ღვინის კანონმდებლობის სისტემურ ცვლილებებში და ლობირება გაუწიოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ქართული კანონმდებლობის რეფორმაზე. მისივე თქმით, ამ კლინიკის სარგებელი და მისი არსებობის მთავარი გამართლება იქნება ის, რომ გაზარდოს კვალიფიციური ღვინის იურისტების თაობები, შემოიკრიბოს სამართლის სხვადასხვა დარგის იურისტები, ვისთან ერთადაც კლინიკა მოამზადებს კანონპროექტებს და იმუშავებს საქართველოს ღვინის სექტორის კანონმდებლობის სისტემურ ცვლილებებზე, რეფორმებზე.

,,ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოა, სადაც მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია და კულტურა გვაქვს, სადაც ღვინო ექსპორტის და ეკონომიკის უმთავრესი პროდუქტია, უნდა არსებობდეს აკადემიური სივრცე, სადაც მოხდება ღვინის სამართლის კვლევა და სწავლება.

რამდენიმე ხნის წინ დავიწყე ქართული ღვინის სამართლის რეგულაციების აქტიური კვლევა შედარებით-სამართლებრივ კონტექსტში, მოვამზადე სასწავლო მასალა, სილაბუსი. გავიცანი და კარგი კოლაბორაცია შედგა პრაქტიკოს იურისტებთან, რომლებიც 15 წელია ღვინის კომპანიების იურიდიულ მომსახურებას ახორციელებენ და რომლებიც არიან ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრები და საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციის დამფუძნებლები – ელენე თოთიბაძე და ირინა ფილაური. ამის შემდეგ დავაფუძნეთ ღვინის სამართლის კლინიკა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. კლინიკის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა – გაიაროს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება ღვინის სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების შესახებ; მონაწილეობა მიიღოს ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის იურიდიულ კონსულტაციებში; მოამზადოს დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოებში, საქპატენტში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში; შეადგინოს ხელშეკრულებები, დაწეროს კანონპროექტები, იმუშაოს კანონპროექტებზე, მოამზადოს დასკვნები საკანონმდებლო ორგანოსთვის წარსადგენ კანონპროექტებთან დაკავშირებით და ა.შ.  სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს რეალურ და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში; რეალურ საქმის წარმოებაში – სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, ღვინის სერტიფიცირების, ღვინის რეალიზაციისა და ექსპორტ-იმპორტის იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში“, – აღნიშნავს პროფესორი მაკა ნუცუბიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სამართლის კლინიკა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზეა დაფუძნებული, მისი განხორციელების ბაზაა ააიპ საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობს ღვინის იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრიცაა მსოფლიოში ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინის იურისტი, მოსამართლე, სამართლის პროფესორი. ერთ-ერთი ყველაზე ახლო გეგმა, რომელიც შამპან არდენის უნივერსიტეტის ვაზისა და ღვინის ცენტრთან კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, ეს არის თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობა ღვინის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის ფარგლებში, რომლის წევრიც მაკა ნუცუბიძეა, მისივე ავტორობით მომზადდა და გამოიცა მესამე განახლებული გამოცემა, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, უკვე საქართველოს ღვინის სამართლებრივი რეგულაციები. ასოციაციის წევრები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყანაში და ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და მსჯელობენ გამოწვევებზე.

,,ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გახლავთ სწორედ ღვინის სექტორის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, განვითარება. ჩვენი მიზანი – შეგვექმნა  ღვინის იურისტთა გუნდი, ამ ეტაპზე მიღწეულია. ეს ფორმატი არსებობს, რომელიც მუდმივად ვითარდება ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, მათი გამოცდილების გაზიარებითა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, მზად ვართ ვიმუშაოთ სისტემურ ცვლილებებზე და თუკი კონკრეტული ინიციატორები გამოჩნდებიან, გავუწიოთ მათ ლობირება. უფრო მეტიც, ჩვენი ამბიციაა – ვიყოთ ყველა მეღვინის სამართლებრივი ხმა, ვისთვისაც ღვინო, მისი ხარისხი, ცნობადობა  და ავთენტურობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის“, – ამბობს მაკა ნუცუბიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn