ღვინის ბიზნესის საზაფხულო სკოლას ISET-ის საერთაშორსიო ეკონომიკური სკოლა მასპინძლობდა

თარიღი: 2022-10-19 19:15:30

გეიზენჰეიმის  (გეიზენჰეიმი, გერმანია) უნივერსიტეტისა და ქართული ღვინის ინდუსტრიის  წარმომადგენლებმა ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის 8 სტუდენტს საინტერესო სემინარები შესთავაზეს.

გეიზენჰეიმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-3 პან-კავკასიურ ღვინის ბიზნესის საზაფხულო სკოლის სემინარებს ISET-ის საერთაშორსიო ეკონომიკური სკოლა მასპინძლობდა.  პროგრამა მოიცავდა საინტერესო სემინარებს, სესიებს მსოფლიო ღვინის ბაზრებზე,  ეკონომიკაში მიმდინარე  მოვლენებზე, ბიზნეს სტრატეგიებზე, ღვინის მარკეტინგსა და ბაზრის კვლევაზე, აგრეთვე, პრაქტიკულ ექსკურსიებს კახეთში.  

როგორც  საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  ISET-ის საერთაშორისო  ეკონომიკური სკოლის აკადემიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო მუხურაძემ აღნიშნა: „გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი  ISET-ის პარტნიორი უნივერსიტეტია. ბოლო წლებში ამ უნივერსიტეტთან თანამშომრომლობა, მეტწილად, გულისხმობს სტუდენტთა  გაცვლით  პროგრამებს  და  მსგავსი ღონისძიებების ერთობლიობას. გერმანული მხარე უკვე მესამედ ატარებს საზაფხულო სკოლას მსგავს საკითხზე.   წინა პროექტები  არსებული მდგომარეობის გამო ონლაინ ჩატარდა. საზაფხულო სკოლის მიზანი იყო: ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების მიღება, არსებული ცოდნის გაზიარება, ჩვენი  ქვეყნისა და ღვინის კულტურის გაცნობა სხვებისთვის, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ქართული კონკრეტული ქეისების და ახალბედა მეწარმეების უკეთ გაცნობა, ცოდნის მიღება ღვინის ბიზნესისა და მენეჯმენტის კუთხით“, – განაცხადა ნინო მუხურაძემ. 

საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შერჩევა   სამოტივაციო წერილებისა და ინტერვიუს გათვალისწინებით მოხდა.  ISET-იდან წარმოდგენილი იყო  9  დაინტერესებული სტუდენტი (III-IV კურსი).   მათ შორის ერთმა სტუდენტმა  უკვე გაიარა სტუდენტური მობილობა აღნიშნულ   უნივერსიტეტში, სადაც ერთი სასწავლო სემესტრი სწავლობდა.  

სემინარებს ატარებდნენ როგორც გერმანული უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, საქართველოს  ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის წარმოებაში ჩართული ქალთა ორგანიზაციები.  სემინარებზე სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად  ტექნიკურ  გამოცდილებასაც იღებდნენ.     

თუ  რამდენად ნაყოფიერი იყო   ამ სემინარებში მონაწილეობა ორივე მხარისთვის, ამაზე ნინო მუხურაძე ასე გვპასუხობს:  „ერთკვირიანი  ღონისძიება საერთაშორისო იყო და ზუსტად ეს იყო მთავარი ეფექტი. ინტერნაციონალიზაცია დღეს მნიშვნელოვნად ღირებულია. გარდა  თეორიული  ცოდნისა, სტუდენტებმა პრაქტიკული ცოდნაც მიიღეს, რაც გამოიკვეთა  როგორც  ღვინოებოს დეგუსტაციის შესწავლით, ასევე, ქართულ მარნებსა და ქარხნებში  ვიზიტით. სტუდენტებმა ბევრი რამ შეიტყვეს ღვინის დაყენების ხელოვნებაზე, ტრადიციულ, ქართულ ყურძნის ჯიშებზე,  ღვინის ბიზნესში ქალის როლსა და  სხვ. სემინარის მონაწილეებმა  გერმანულ უნივერსიტეტში და სომხეთში წარმოებული ღვინოებიც დააგემოვნეს და  ერთმანეთს საკუთარი  გამოცდილება გაუზიარეს“, – აღნიშნა  ნინო მუხურაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ამ საზაფხულო სკოლისა და სტუდენტების შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ  მეტად გაიზრდება მოთხოვნა Geisenheim მობილობაზე. 

„ამ დღეების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შევიძინე, რამაც ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს. ველოდი, რომ უფრო ღრმად გავეცნობოდი როგორც ქართული, ისე უცხოური (უფრო კონკრეტულად – გერმანული) ღვინის  დაყენების ისტორიას, ტრადიციებს, ჯიშებსა და მსოფლიოში  მისი ცნობადობის მასშტაბებს,   რაც ნამდვილად გამართლდა.  გარდა  ლექციებისა,  ჩვენ ჩართვა გვქონდა გერმანიის უნივერსიტეტში სხვადასხვა ლექტორებთან, წამყვანი ორგანიზაციების დამფუძნებლებთან და სპიკერებთან, რომლებიც საინტერესოდ საუბრობდნენ ღვინის ბიზნესზე, მის სტრუქტურასა და მნიშვნელობაზე მსოფლიო ბაზრისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სემინარი იყო  – ,,ქალები ღვინის ბიზნესში“, სადაც მოწვეულები იყვნენ დამოუკიდებელი ქალები („ბიზნესვუმენები“) ღვინის სექტორიდან, რომლებმაც შეძლეს და დაამსხვრიეს ქართული სტერეოტიპი  – ღვინო  კაცის საქმეა! ახლა ისინი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე  წარმატებულები არიან, მათი ისტორია კი სხვა ქართველ თუ უცხოელ ქალებსაც ეხმარება თამამად შეეჭიდონ ღვინის წარმოებას, ბიზნესსა და მარკეტინგს. გარდა თეორიული ნაწილისა, ჩვენ ღვინის დეგუსტაციებიც გვქონდა სხვადასხვა მარანში, რაც სრულყოფდა ამ სკოლის მიზანს და აფართოებდა ზოგად ცნობადობას ღვინის სახეობების შესახებ“, – განაცხადა  სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ, ISET-ის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის სტუდენტმა  ნინო ქიტესაშვილმა, რომელმაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა სემინარების მსვლელობისას.

„ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ვხედავდი ჩემს თანატოლებს,  რომლებიც უკვე სერიოზულად ფიქრობენ ქართული ღვინის ბიზნესის განვითარებაზე და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ნიშის  დაკავებაზე. ასეთი აქტივობები, ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა ამა თუ იმ დარგით დაინტერესებული ადამიანების განვითარებისთვის. სემინარის ყოველი დღე ნაყოფიერი და დაუვიწყარი იყო“, – აცხადებს  ნინო ქიტესაშვილი, რომელიც გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა.  „გაიზენჰაიმში სწავლისას უფრო ნათლად დავინახე საქართველოს წარმატებული მომავალი ღვინის ბიზნესის განვითარების მხრივ. გაიზენჰაიმის უნივერსიტეტმა  დამაინტერესა  მეღვინეობით  და  როგორც ეკონომისტი – ღვინის ბიზნესით. სწორედ ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა მონაწილეობა მიმეღო მე-3 პან-კავკასიურ ზაფხულის სკოლაში“, – აღნიშნა  ნინომ, რომელსაც  სამომავლოდ გერმანიაში სწავლის გაგრძელება სურს.

„გაიზენჰაიმის  უნივერისტეტისა და ზაფხულის სკოლის გამოცდილების და ცოდნის მიღების შემდეგ შეიძლება ჩემი მომავალი ღვინის წარმოებასა და ბიზნესის სწავლას დავუკავშირო.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – აი, ასეთი ხმამაღალი განაცხადი აქვს  ISET- საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის სტუდენტს ნინო ქიტესაშვილს,  რომელიც  ISET-ის  ადმინისტრაციისა და ლექტორებისგან სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას გრძნობს. 

Facebook
Twitter
LinkedIn