გვანცა ხვედელიძის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი

თარიღი: 2024-11-01 19:25:16

თსუ-ს   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის  სტუდენტი  გვანცა ხვედელიძე  თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან იყო დაინტერესებული  სასწავლო გაცვლით პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. გვანცა   სკოლიდანვე აქტიურად იყო ჩამბმული სხვადასხვა სასწავლო თუ შემოქმედებით პროექტებში. უკვე  მეორე კურსის სტუდენტმა კი  მონაწილეობა მიიღო Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის) პროგრამით გამოცხადებულ კონკურსში და სოციალური და მედია კულტურის აკადემია – ტორუნში (პოლონეთი)  იმყოფებოდა  გაცვლითი პროგრამით.  

„თავიდან ახალ გარემოსთან შეგუება, რა თქმა უნდა, ცოტა სირთულესთან ასოცირდებოდა, მაგრამ მიმღებ უნივერსიტეტში დამხვდა ძალიან მეგობრული და თბილი გარემო, თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს  წლების მანძილზე მეც მათი სტუდენტი ვიყავი.  

იქ ყოფნის პერიოდში ჩემს თავში ახალი თვისებები აღმოვაჩინე: გავხდი უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და  საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. მთავარი, რაც ამ პროექტმა შემძინა, ესაა მეგობრები სამყაროს მრავალ წერტილში… მათთან კომუნიკაციას დღემდე ვინარჩუნებ იმისდა მიუხედავად,  რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვართ მიმოფანტულნი.  ამ პროექტით ჩემი პატარა ოჯახი შევიძინე და ვინც ახლა ფიქრობს  – რამდენად ღირს სასწავლო გაცვლით პროგამაში  ჩართვა, გეტყოდით, რომ აუცილებლად სცადეთ, რადგან ეს იქნება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი“, – ამბობს გვანცა, რომელიც თვლის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ  მყარი საფუძველი მისცა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული  გამოყენების თვალსაზრისით.   

„თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე გვაქვს მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობენ გამორჩეული პროფესორები. ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტს შეუძლია მრავალმხრივ განვითარდეს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო თემა, დაიწყოს სტაჟირება მრავალ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში… რაც მთავარია – თსუ-ში სწავლა ყველა სტუდენტს ამზადებს წარმატებული კარიერისთვის.

ერთადერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, არის ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ლექციებსა და სემინარებზე დისკუსიები არის ძალიან ღია და საინტერესო, შენ შეგიძლია გამოხატო შენი აზრი სრულიად თავისუფლად, შეეხო მრავალ ტაბუდადებულ თემას, ისაუბრო პოლიტიკაზე ღიად და ცალსახად.

 ჩემი აზრით,  ეს საუბრები  სოციალური და მედია კულტურის აკადემია – ტორუნში  ცოტა დამაკლდა, სემინარებზე ასეთი ჩართულობა და დისკუსიები არ იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა სტუდენტისათვის“, – აღნიშნა გვანცა ხვედელიძემ, რომელსაც დიდი სურვილი აქვს მიმართულების  ლექცია-სემინარები მხოლოდ თსუ-ს  VI კორპუსში ტარდებოდეს.

Facebook
Twitter
LinkedIn